Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟოაო სოარეში: ეუთო საქართველოში უნდა დაბრუნდეს


გიორგი ბარამიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი (მარჯვნივ) და ჟოაო სოარეში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პრეზიდენტი
გიორგი ბარამიძე, საქართველოს ვიცე-პრემიერი (მარჯვნივ) და ჟოაო სოარეში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პრეზიდენტი
კავკასიური ტურნეს ფარგლებში 9 მარტს თბილისს ესტუმრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, პრეზიდენტ ჟოაო სოარეშის ხელმძღვანელობით. საქართველოს შემდეგ დელეგაცია სომხეთსა და აზერბაიჯანში აპირებს ჩასვლას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, კავკასიური ტურნეს მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ”გაყინული კონფლიქტების” მშვიდობიან დარეგულირებას უკავშირდება. მშვიდობა კი, ეუთოს ძირითადი პრინციპების მიხედვით, უნდა ეფუძნებოდეს ისეთ ფასეულობებს, როგორიც არის თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები. რა პერსპექტივები იკვეთება საქართველოსთან მიმართებით და რა კეთდება ეუთოს მისიის დასაბრუნებლად საქართველოში?

იმისათვის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აფასებს და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, 9 მარტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებს არაერთი გულითადი მადლობა გადაუხადეს. ვიზიტის ძირითადი მიზნებიდან გამომდინარე, საუბრის ძირითად თემები იყო: ქვეყნის უსაფრთხოება, აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ვითარება, ოკუპირებული ტერიტორიების განგრძობადი მილიტარიზაცია, ადამიანის უფლებები ოკუპირებულ რეგიონებში და დევნილების პრობლემები. სწორედ დევნილების საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, პრეზიდენტ ჟოაო სოარეშის ხელმძღვანელობით, 9 მარტს წეროვანშიც ჩავიდა და იქ დევნილთა დასახლება მოინახულა.

მანამდე კი, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე - ოსლოში - საქართველო წარადგენს რეზოლუციის პროექტს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ინფორმაცია პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გაახმაურა, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა. ამგვარი შესაძლებლობის არსებობა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას, თავად ჟოაო სოარეშმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების გზაზე.

სწორედ ამ გზაზე განიხილება ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნების საკითხიც, მისიისა, რომლის მუშაობაც რუსეთის ფედერაციამ არაერთი ვეტოს გამოყენებით დაბლოკა. მოსკოვმა სათავისოდ გამოიყენა ეუთოს პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებს. სწორედ ამ პრინციპის ერთგვარ გადახედვას უკავშირდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ჟოაო სოარეშის პასუხი შეკითხვაზე, რა შეიძლება გაკეთდეს ეუთოს მისიის დასაბრუნებლად საქართველოში:

”ვცდილობთ წინადადების წამოყენებას ეუთოს ფარგლებში იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საშუალებას მოგვცემს გადაწყვეტილებები სხვა გზითაც მივიღოთ, ისევე როგორც კონსენსუსის საშუალებით. მაგრამ ჯერ კონსენსუსის პრინციპია ძალაში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მას. პარალელურად, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვისაც, როდესაც საქმე შეეხება ამ საკითხს... რადგანაც ჩვენ გვინდა მისია აქ.”

ვიდრე ეუთოს მისიის საქართველოში დაბრუნების საკითხი გაირკვევა, დღის წესრიგში დგას ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების საკითხი და ის მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჭრილში განიხილება. საქართველოს იმედი აქვს, რომ არჩევნები ეუთოს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდება და ამის პირობა უკვე მიღებულია. არჩევნების ”უმაღლესი სტანდარტებით” და ”მაქსიმალურად გამჭვირვალედ” ჩატარების აუცილებლობაზე 9 მარტს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ერთად, მსჯელობდა ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე:

”ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს არჩევნები იქნება არა მარტო დემოკრატიის გამოცდა საქართველოში, არამედ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ არ დავუშვათ რუსეთის მხრიდან აგრესიის მორიგი ტალღის გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ.”

9 მარტს, გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ, ჟოაო სოარეშმაც გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოების განმტკიცების პირდაპირ კავშირზე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განმტკიცებასთან. საქმე ეხება ეუთოს მთავარ ფასეულობებს:

”რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვიმყოფებით ჰელსინკის ფუძემდებლური აქტის იმ ძირითადი პრინციპების საფუძველზე, რომლებიც ვრცელდება ეუთოს მთელ არეალზე - ვანკუვერიდან ვლოდივოსტოკამდე. ეს არის მშვიდობის შენება იმ საფუძველზე, რომელსაც თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებათა პატივისცემა ქმნის.”

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თემაზე საუბარი უსათუოდ გაგრძელდება 10 მარტსაც, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 2-დღიანი ვიზიტის ფარგლებში კიდევ სხვა არაერთი შეხვედრა იგეგმება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG