Accessibility links

logo-print
დღევანდელ „ვედომოსტიში“ ალექსანდრ ლევინსონის სატირას წააწყდებით, სახელწოდებით „ევროპა ჯობია“. ლევინსონი რუსულ ხისტ პოლიტიკას და ამავე პოლიტიკის მსხვერპლთა ნატოსკენ მისწრაფებით რუსეთის გაღიზიანებას აქილიკებს. იგივე „ვედომოსტი“ ერთ აბზაცს უთმობს საქართველოს ავიაკომპანია „აირზენას“ თხოვნას, აღდგეს პირდაპირი მიმოფრენა რუსეთთან.

ზოგადად, ამ დღეების რუსულ პრესაში შესამჩნევია სკეპტიციზმი ახლად არჩეული უკრაინის პრეზიდენტის, იანუკოვიჩის, პრორუსულ კურსთან მიმართებით. მაგალითად, გაზეთი „იზვესტია“ სვამს კითხვას, დაიწყო თუ არა ნავარაუდევი დათბობა რუსულ-უკრაინულ ურთიერთობაში და საეჭვო გარემოებად მოჰყავს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი იანუკოვიჩი ბრიუსელს მოსკოვზე ადრე ეწვია. იმავე საკითხზე „ნეზავისიმაია გაზეტაც“ წერს. გაზეთის მიხედვით, უკანასკნელ წლებში საქონელმიმოქცევა უკრაინა-რუსეთს შორის სამჯერ შემცირდა. გაზეთი ამ ფონზე ხაზს უსვამს რუსულ პოლიტიკურ სპექტრში იანუკოვიჩის მკვეთრად პრორუსული პოლიტიკის მომლოდინეთა იმედგაცრუებას, თუმცა აქვე აღნიშნავს პრობლემას, რომელიც უკრაინას, შესაძლოა, გაზთან მიმართებაში შეექმნას.

გაზეთი „კომერსანტი“ გუშინდელ ნომერში ჩაუღრმავდა პირველი კავკასიური არხის საფრანგეთის სატელიტის მიერ დაბლოკვის ამბავს. გაზეთის თქმით, ფრანგულმა კომპანიამ არხი „დაბლუ შვიდი“ სატელიტიდან მოხსნა და ეს გადაწყვეტილება სატელიტზე ამ არხისთვის ადგილის უქონლობით ახსნა. არხი, რომლის იდეაც, გადაუმოწმებელი ინფორმაციის თანახმად, ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის და რომელიც კავკასიური ინფორმაციული საერთო სივრცის შექმნას ემსახურება, გაზეთის აზრით, რუსულ- ქართული პოლიტიკის მსხვერპლი ხდება. „კომერსანტი“ მიიჩნევს, რომ არხი რუსულ კონტროლს საკმაოდ ჩამოცილებულია და ამიტომ რეალურად კავკასიურ ზონაში რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება. სწორედ ამით ხსნის „კომერსანტი“ საფრანგეთის გადაწყვეტილებას დაბლოკოს არხის მაუწყებლობა. „კომერსანტის“ თქმით, ქართული მხარე ფრანგულ კომპანიას საფრანგეთის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის.

ამას გარდა, რუსული პრესა ახალი ამბების სექციებში ქართველის მიერ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის გაქურდვაზე წერს, ასევე ჰყვება ვაჟა-ფშაველაზე ორი დღის წინ მომხდარი აფეთქების ამბავს, პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივაზე, გაიაროს ნარკოტესტი, სხვა 100 000 საჯარო მოხელესთან ერთად, და საქართველოს ავიახაზების მოთხოვნის შესახებ აღდგეს ფრენები.

საინტერესო ინფორმაცია აქვს „გაზეტა რუს.“, რომელიც დღის ქრონიკაშივე წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუზე, სადაც კარლ ბილდი მიესალმება რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას. ეს ნაბიჯი რუსეთის მოდერნიზებას შეუწყობს ხელსო, ამბობს ის, თუმცა ისურვებს თუ არა თავად რუსეთი ევროკავშირის წევრობას, თქვენ განსაჯეთო. ბილდი ლაპარაკობს ასევე რუსეთთან საკმაოდ ახლო ურთიერთობებზე, თუმცა შენიშნავს, რომ მთელ რიგ საკითხებზე მხარეებს კარდინალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ. სახელდობრ კი, ასეთია, ბილდის თქმით, საქართველოსთან ურთიერთობის საკითხი.
XS
SM
MD
LG