Accessibility links

logo-print

ცხინვალი არც ერთი ქართველის გათავისუფლებას არ აპირებს


სოფელი კირბალი

სოფელი კირბალი

სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში ბიძისა და ძმისშვილის – ვაჟა და ბექა თაყაძეების დაკავებიდან 2 კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ცხინვალის ციხეში წერილების შეტანა გახდა შესაძლებელი. დაკავებულების ოჯახის წევრებმა საპასუხო წერილები ახლა მიიღეს. ბიძა-ძმისშვილი ნათესავებს თბილ ტანსაცმელს და ჰიგიენურ საშუალებებს სთხოვენ.

ვაჟა და ბექა თაყაძეები სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში სანადიროდ იყვნენ წასულები, როცა ოსური და რუსული შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს მათი ოჯახის წევრები გატაცებულებად მიიჩნევენ და დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ.

თაყაძეების მსგავსად იგივე ბრალდებით ცხინვალის ციხეში კიდევ 10 ქართველი იმყოფება, რომელთა გათავისუფლებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი უშედეგოდ ცდილობს.

ცხინვალში ბოლო ვიზიტისას მან მხოლოდ დაკავებულების მონახულება შეძლო და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ოსურმა მხარემ კი ჰამარბერგს მათი გათავისუფლების იმედი გადაუწურა, რადგან ახალი ულტიმატუმით ცხინვალის ციხიდან არც ერთი ქართველის გათავისუფლება აღარ მოხდება, ვიდრე ცხინვალსა და თბილისში დაკავებულის გათავისუფლება არ მოხდება პრინციპით – ყველა ყველაზე.

ქართული მხარე ამ წინადადებას არც განიხილავს, რადგან ოსური მხარე ყველაში აგვისტოს ომამდე დაკავებულ იმ ოსი ეროვნების მოქალაქეებსაც გულისხმობს, რომლებიც სხვადასხავა მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, მათ შორის – გორის ტერაქტის მოწყობისთვის იხდიან სასჯელს.

როგორც ქართველი სამართალდამცავები, ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თაყაძეების ნათესავებს აიმედებენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაკავებულთა გათავისუფლებას შეძლებენ, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. თაყაძეების ნათესავები კი აცხადებენ, რომ თუ უახლოეს პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ შეძლებს, ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს მიმართავენ.

შარშან ცხინვალში დაკავებული ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებაში თომას ჰამარბერგთან ერთად მონაწილეობა ექსპრემიერმაც მიიღო.
XS
SM
MD
LG