Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო - დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. მთავრობის განცხადებით, ანტიმონოპოლიური რეფორმის მეორე ეტაპზე კონკრეტულად განისაზღვრება ანტიმონოპოლიური უწყების უფლება-მოვალეობები. ეს რეფორმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ანტიმონოპოლიური სამსახური საჯარო სამართლის დამოუკიდებელ სტრუქტურად იარსებებს. მთავრობა დიდხანს თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რაც ხელს უშლიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი შეთანხმების მომზადებას. შესაბამისად, ანტიმონოპოლიური სტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითად მიზეზად ევროკავშირის რეკომენდაციები დასახელდა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გიორგი ხუროშვილის განმარტება:

”როდესაც საუბარი გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყებაზე, დღის წესრიგში დგება იმ ტიპის რეგულაციების შემოტანა, რომელიც ეფექტურად შეძლებს მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას და იქნება საკანონმდებლო გარანტია იმისა, რომ არასოდეს არ იქნება ჩვენს ბაზარზე მონოპოლიები.”

ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით კი, ანტიმონოპოლიური უწყება სულ სხვა მიზნით უნდა იქმნებოდეს. საქართველოში ხშირად ჩივიან ამა თუ იმ სფეროში - მაგალითად, ნავთობპროდუქტებისა და ფარმაცევტული საქონლის - მაღალი ფასების გამო, რაც, ძირითადად, ამ სფეროებში მონოპოლიურ ვითარებას ან კარტერულ გარიგებას ბრალდება ხოლმე. ეკონომიკის ექსპერტმა დავით ნარმანიამ რადიო თავისუფლების დილის გადაცემაში განაცხადა, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა იქამდე უნდა მოახერხოს პროდუქციის ხარისხის ამაღლება, ვიდრე ამას ბაზარი შეძლებს:

”ვთქვათ, საავადმყოფო მკურნალობს ცუდად პაციენტებს. ადამიანი რომ ცუდად გახდება, მან უნდა იკითხოს, რომელი საავადმყოფოა ყველაზე უკეთესი და სად ექნება ნაკლები შიში იმისა, რომ მას უმკურნალებენ ცუდად. ასეთ შემთხვევაში უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულირება ბაზარზე.”

საქართველოს მთავრობას, რომელმაც ლიბერალური ეკონომიკის კურსი აირჩია, სხვა მიდგომა აქვს და მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროში ხარისხის პრობლემა სადაზღვევო სისტემაზე გადასვლამ უნდა მოაგვაროს და არა სახელმწიფო სტრუქტურამ, მით უმეტეს, რომ ენერგეტიკისა და კავშირგაბმულობის სფეროში ანტიმონოპოლიური ფუნქციის მატარებელი მარეგულირებელი კომისიების ფუნქციონირებამ სულაც არ გამოიწვია სერვისის გაიაფება ან ხარისხის ამაღლება.

საქართველოში მობილური სატელეფონო საუბრები ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია მთელს მსოფლიოში. ამ სფეროში ორი ძირითადი კომპანია საქმიანობს და მათ მიერ დაწესებული ტარიფები, ბოლო 5 წელზე მეტია, უცვლელი რჩება.

ეკონომიკის ექსპერტის გია ჯანდიერის აზრით, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა აუცილებლობას არ წარმოადგენდა, რადგან საქართველოში მონოპოლიების ჩამოყალიბების საშიშროება არ არსებობს:

”წარმოუდგენელია პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მონოპოლიებმა რაიმე დიდი ხიფათი შექმნან, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ყოველთვის დაემუქრებათ კონკურენტების შემოსვლა და ბაზარზე მათთან ჭიდილი.”

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციებითაა ნაკარნახევი, ანტიმონოპოლიური უწყება, რომელსაც ჯერ კიდევ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო ეწოდება, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება და ბაზარზე არსებულ ვითარებას შეისწავლის. ამ ახლად შექმნილი უწყების საქმიანობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი საუბრობს:

”პრინციპული განსხვავება იმ ანტიმონოპოლიური სამსახურისაგან, რომელიც რეფორმებამდე არსებობდა, ეს იქნება ერთ-ერთი მხარე სასამართლოში, რომელიც სასამართლოში წარდგება დამრღვევ კომპანიასთან ერთად.”

ეს მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ანტიმონოპოლიური სტრუქტურებისგან, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში ფუნქციონირებს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი შეთანხმების ერთ-ერთი პირობა შეასრულა.
XS
SM
MD
LG