Accessibility links

logo-print

”პროქართული საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება”


კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა.

კონსერვატორთა ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა.

”პროქართული საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოება”- ასე ჰქვია კონსერვატიული პარტიის მიერ მომზადებულ დოკუმენტის პროექტს, რომელიც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს გამოკვეთს. ამ პრიორიტეტებში უმთავრესია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იმ სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც არაფრით ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას. რაც შეეხება ნატოს და ევროსტრუქტურებს, კონსერვატორთა ხედვის თანახმად, მათთან თანამშრომლობა დემოკრატიული რეფორმებისა და ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

კონსერვატიული პარტიის „საგარეო ხედვა“ ვრცელი დოკუმენტია. იგი მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის თავისებურებათა გათვალისწინებით მოხვდა. ეს პროცესი კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების გარდა, საგარეო, კერძოდ, რუსეთის მიმართულებით გააქტიურებასაც გულისხმობს. კონსერვატორები თავიანთი თანამოაზრის, ზურაბ ნოღაიდელის, დახმარებითა და თანადგომით, რუსეთის დედაქალაქში ვიზიტს უახლოეს ხანში გეგმავენ. საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, სავაჭრო ურთიერთობები, ტერიტორიული მთლიანობა და დევნილები ის თემებია, რომლებზეც კონსერვატორები რუსეთში პარტნიორებთან ერთად იმსჯელებენ. მათ მსჯელობას საფუძვლად ახლა უკვე პარტიული რეკომენდაციები უდევს. კერძოდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ დოკუმენტის თანახმად, დაიწყება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა და მოხდება იმ სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება, რომელიც არაფრით ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას. დაიწყება ინტენსიური დიალოგი რუსეთთან, როგორც მთავრობების, ასევე პოლიტიკური პარტიების, ეკლესიის, სამოქალაქო საზოგადოების დონეზე, ისტერიული ტონი კი საქმიანი და პრაგმატული მიდგომებით შეიცვლება. ეს არის საგარეო პოლიტიკაში ეგრეთ წოდებული პროქართული, ანუ ეროვნული, მიმართულების რუსეთის ხაზი. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკურ - ანუ ნატოს - ხაზს, კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯების გადადგმა შეუძლებელია:

”ნატოში გაწევრიანება ან სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, წარმოადგენს დამატებით საფრთხეს საქართველოსათვის. ჩვენ არა გვაქვს უფლება და საშუალება იმისა, გავხდეთ კიდევ სამიზნე მთელი რიგი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც არიან ამა თუ იმ პოლიტიკურ ბლოკთან თუ სამხედრო ალიანსთან დაპირისპირებულები.”

კონსერვატორთა ლიდერი ზვიად ძიძიგური აქვე განმარტავს, რომ საქართველომ, ასეთ შემთხვევაში, უნდა გააგრძელოს ნატოსთან თანამშრომლობა ინდივიდუალური პარტნიორობის ფარგლებში და შეასრულოს „აიპაპით“ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის - დემოკრატიული რეფორმების ნაწილში.ამას გარდა, უნდა გაგრძელდეს ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციისა და თანამშრომლობის კურსი. რაც შეეხება რუსეთთან დიალოგს, კონსერვატორების მოსაზრებით, ამ დიალოგის პარალელურად საქართველომ უნდა დაიწყოს დიალოგი სოხუმისა და ცხინვალის მთავრობებთან ყველა სადავო საკითხის ეტაპობრივი მოწესრიგების მიზნით. როგორც კონსერვატორმა კახა კუკავამ გვითხრა, პარტიისათვის იდე ფიქსია არა რუსეთთან ურთიერთობა, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა:

”უნდა დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმებთან ორი მიმართულებით: მოლაპარაკებები პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც, თავისი სირთულიდან და დელიკატურობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მრავალწლიანი პროცესი იქნება და მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.”

კახა კუკავა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ის გეგმა, რომლის პირველი პრეზენტაციაც 10 მარტს გაიმართა, ღიაა არა მარტო შიდაპარტიული, არამედ საჯარო განხილვისთვის. პროექტს პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან მის კავშირს, კონსერვატორები ამბობენ, რომ 30 მაისს სწორედ არჩევნებზე გამოჩნდება ისიც, იწონებს თუ არა პარტიის ახალ საგარეო კურსს ქვეყნის მოსახლეობა. მანამდე კი ამ კურსს კატეგორიულად იწუნებს მმართველი ”ნაციონალური მოძრაობა.” ამ შემთხვევაში მის გვერდით აღმოჩნდნენ ის ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც კონსერვატორებსა და მის თანამოაზრე ძალებს ამ ეტაპზე სწორედ რუსეთთან, კერძოდ, კრემლთან დიალოგის დაწყების საფუძველზე უპირისპირდებიან. მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძე, მაგალითად, ამბობს, რომ მისი პარტია, ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებს რადიკალურად და ფუნდამენტურად არ იცვლის:

” სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებულ მდგომარეობაში და ჩვენ ქართული სახელმწიფოს პერსპექტივა - მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაც - წარმოგვიდგენია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დასავლეთის სერიოზული მხარდაჭერა გვექნება და ამ დასავლური მხარდაჭერით მოვახერხებთ ვილაპარაკოთ რუსეთთან ისე, რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები არ დაზარალდეს.”



ფიქრია ჩიხრაძე დასძენს, რომ პროქართული საგარეო პოლიტიკა დასავლურ სივრცეში ორიენტაციაა და მას ალტერნატივა არ აქვს.
XS
SM
MD
LG