Accessibility links

logo-print
2007 წელს დაწყებული ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობა ჯერ კიდევ შარშან უნდა დასრულებულიყო. ხელისუფლების განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის გამო, რეფორმის მიმდინარეობა შეფერხდა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ რეფორმაში არაა გათვალისწინებული არც სამედიცინო პერსონალისა და არც სოციალურად დაუცველი ადამიანების ინტერესები.

ჰოსპიტალური განვითარების გენერალურმა გეგმამ დღის სინათლე 2007 წლის აპრილში იხილა. გეგმის პრეზენტაცია მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გაიმართა. მისი მნიშვნელობის ხაზგასასმელად ჯანდაცვის სამინისტრომ სარეკლამო რგოლებიც კი დაამზადა. ჯანდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა განაცხადა, რომ გეგმა ითვალისწინებდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას, მომსახურების კერძო მიმწოდებლების განვითარებასა და ხარისხიანი ჰოსპიტალური მომსახურებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. ჭიპაშვილის თქმით, სამწლიანი პროგრამის დამაგვირგვინებელი ეტაპი - საავადმყოფოებში გადასვლა - 2009 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა 2009 წელს ახალ საავადმყოფოებში გადასვლა, როგორც ამას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებდა, ვერ მოხერხდა. თბილისის ცენტრიდან საავადმყოფოების ნაწილი დიღომში, საეჭვო ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე სამედიცინო ობიექტებში, განათავსეს; თანაც, როგორც პარტია „ახალი მემარჯვენეების“ერთი-ერთი ლიდერი, დავით საგანელიძე, ამბობს, მნიშვნელოვნად შეიცვალა გადასვლის პირობებიც. მისი თქმით, ახლა უკვე ლაპარაკი აღარაა ახალი ფართობის უსასყიდლო გადაცემაზე:

“დაითანხმეს იმაზე, რომ გადავიდოდნენ, მაგრამ უთხრეს, რომ თქვენ უნდა იყიდოთ ეს ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რჩებით გარეთო. მათ ახლა სასწრაფოდ უნდა მოიძიონ საჭირო თანხები... კვადრატული მეტრი 260 დოლარი ღირს... ეს თანხა უნდა გადაიხადონ რემონტში, რომელიც კაცმა არ იცის, როგორ გაკეთდება... თუ ვერ გადაიხდიან, ათასობით ადამიანი რჩება უმუშევრად და, საერთოდ, დიდი ტრადიციის მქონე სამედიცინო ცენტრების არსებობას საფრთხე ემუქრება.“

თუმცა საფრთხე, რომლის შესახებაც დავით საგანელიძე ლაპარაკობდა, არარეალურად მიაჩნიათ ხელისუფლებაში. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე განმარტავს:

„აქ ლაპარაკია შესაძლებლობის მიცემაზე. პირველი, ეს არის უსასყიდლოდ მიცემა, ანუ გადაცემა სიმბოლურ ფასად. მეორე ვარიანტია, არა სიმბოლურ ფასად, არამედ გარკვეულ ფასად. ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება თანხები ამ სამედიცინო დანიშნულების ობიექტების რესტრუქტურიზაციისათვის. შესაბამისი გრაფა არსებობს, საიდანაც დაფინანსდება ამ საავადმყოფოების რეაბილიტაცია, ანუ წინადადებაა ორი: ერთი - უფასო, მეორე - თანაგადახდით. აუცილებლად იქნება ან ერთი, ან მეორე, ან შერეული ვარიანტი.“

ხელისუფლების მიერ წლების წინ დაწყებულ ჰოსპიტალური სექტორის რეფორმას კრიტიკოსები არც მედიკოსთა შორის აკლია, თუმცა მთავრობას ყველაზე მწვავედ აკრიტიკებს ჯანდაცვის მუშაკთა პროფკავშირი, რომლის წარმომადგენელი ზურაბ მამალაძე დარწმუნებულია, რომ რეფორმა დედაქალაქის ცენტრში ძვირად ღირებული უძრავი ქონების ხელში ჩასაგდებად კეთდება:

„ასე ხელაღებით ამერიკაში ვერ გაკეთდა ჯანდაცვის რეფორმა და ჩვენთანაც ვერ გამოვა“ - რომ არ გამოვა, ამის დასტურად ზურაბ მამალაძეს ჰოსპიტალური განვითარების გენერალური გეგმის ჩავარდნა მიაჩნია. „სად არის დაპირებული ასი ახალი საავადმყოფო?“ - კითხულობს ის, თუმცა პასუხად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გეგმა ხორციელდება, მაგრამ მცირედი შეფერხებით. პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძის თქმით, საავადმყოფოებისთვის ახალი შენობების აგების დაგვიანება არ ნიშნავს რეფორმის ჩავარდნას:

„ნაგებობის საკითხია შეჩერებული, თორემ თვითონ ჰოსპიტალური განვითარების გეგმა (როგორი მენეჯმენტი ჩაიდოს, რა შტატებია საჭირო, როგორი ინსტრუქციებით იმუშავებენ) არ შეჩერებულა. ანუ შედარებისათვის ვიტყვი: თუ უნდა ავაშენოთ ოპერის სახლი და უნდა გვყავდეს საოპერო დასი, მაშინ ვითარება ასეთია: დასის ფორმირება მიმდინარეობს - უბრალოდ, შენობის დასრულება შეფერხდა. თუ მშენებლობა დაიწყება, ეს არ გაგრძელდება დიდხანს. ძალიან სწრაფად ხდება ყველაფერი.“
XS
SM
MD
LG