Accessibility links

logo-print

ბაიდენმა ისრაელს თითი დაუქნია


ჯო ბაიდენი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ჯო ბაიდენი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პალესტინელ ლიდერებს შეხვდა და შეეცადა დაეყოლიებინა ისინი, რომ განახლდეს ახლო აღმოსავლეთში ვითარების მოწესრიგების სამშვიდობო პროცესი, არაპირდაპირი მოლაპარაკების საშუალებით. თუმცა მოლაპარაკების პროცესს ართულებს ისრაელის მიერ გამოცხადებული გეგმა, რომელიც 1600-ზე მეტი ახალი სახლის მშენებლობას ითვალისწინებს აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელსაც პალესტინელები მომავალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაგმო ისრაელის გეგმა, რომელიც სადავო აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული ჩასახლების გაფართოებას ითვალისწინებს. 9 მარტს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაფართოების გეგმის გამოცხადება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დაემთხვა.

სამშაბათს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ახალი ჩასახლებების გეგმის გამოცხადება საფრთხეს უქმნის მხარეთა შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნისაკენ მიმართულ ძალისხმევას და ასეთი ცალმხრივი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღებოდეს მოლაპარაკებების დასრულებამდე:

„ორივე მხარისათვის სავალდებულოა ისეთი ატმოსფეროს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს და არ დააბრკოლებს მას. აღმოსავლეთ იერუსალიმში ახალი დასახლებების მშენებლობის გეგმა, რომელიც ისრაელის ხელისუფლებამ გუშინ გამოაცხადა, ხელს უშლის სწორედ ამ ნდობას - ნდობას, რომელიც ჩვენ დღეს გვჭირდება, რათა არა მხოლოდ დავიწყოთ, არამედ ასევე შედეგიანად წარვმართოთ მოლაპარაკებები. სწორედ ამის გამო დავგმე დაუყოვნებლივ ასეთი ქმედება.“

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის გარდა, ისრაელის გეგმა დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელმაც დასახლებების გეგმა უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეაფასა. ახალი დასახლებების მშენებლობა მკაცრად გააკრიტიკა ასევე ეგვიპტემ, რომელიც ისრაელის ყველაზე ახლო მოკავშირეა არაბულ სამყაროში. აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლების მშენებლობის ახალ გეგმას ყველაზე დიდი გამოხმაურება, ცხადია, პალესტინაში მოჰყვა. რამდენიმე დღის წინ პალესტინამ მიიღო რთული გადაწყვეტილება, დათანხმდეს ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას შეერთებული შტატების შუამავლობით.

როგორც პალესტინის მიერ დანიშნულმა ადგილობრივმა მმართველმა ადნან ალ ჰუსეინმა „როიტერს“ უთხრა, მოლაპარაკებების გამართვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას:

„ჩვენ ძალიან ვწუხვართ, როცა გვესმის, რომ ისრაელის მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმში 1600 საცხოვრებელი ერთეულის მშენებლობის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც ქვეყანაში სტუმრად იმყოფებიან შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და ბატონი მითჩელი, რათა დაიწყოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დასაწყისშივე მოუწოდა ისრაელს გაეყინა ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიაზე ახალი დასახლებების მშენებლობის გეგმა,თუმცა გასული წლის ნოემბერში ისრაელმა განაცხადა, რომ მორატორიუმი მშენებლობაზე მხოლოდ 10 თვის განმავლობაში იმოქმედებდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდება, შეწყვიტოს მშენებლობა აღმოსავლეთ იერუსალიმში, რომელიც ისრაელის სამხედრო ძალებმა 1976 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს დაიკავეს და რომელიც მოგვიანებით ანექსირებული იქნა ისრაელის მიერ. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი არასოდეს დაუშვებს იერუსალიმის დაყოფას. საერთაშორისო საზოგადოება - მათ შორის, შეერთებული შტატები - არ ცნობს ისრაელის სუვერენულ უფლებას აღმოსავლეთ იერუსალიმზე.
XS
SM
MD
LG