Accessibility links

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საქართველოსთან თანამშრომოლობას განსაკუთრებით აღნიშნავს


კეთრინ ეშტონი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საკითხებში

კეთრინ ეშტონი, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საკითხებში

კეთრინ ეშტონი - ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საერთაშორისო საკითხებში - ოთხშაბათს სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან ევროკავშირის უშუალო სამეზობლოში რეფორმების გატარების საჭიროებაზე ისაუბრა - თქვა, რომ ეს გლობალურ ასპარეზზე ევროკავშირის როლსაც გააძლიერებს. ამასთან, ეშტონმა საქართველო ევროკავშირის სამეზობლოში აქტიურობის კარგ მაგალითად მოიყვანა და განაცხადა, რომ ბლოკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კვლავაც გრძელდება.

ზოგადი თვალსაზრისით, ევროპის პარლამენტის წევრების წინაშე კეთრინ ეშტონის გამოსვლაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მან კიდევ ერთხელ მიმოიხილა პოლიტიკის პრიორიტეტები, თუმცა იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი ურთიერთობის აგებას სტრატეგიულ პარტნიორებთან, - მაგალითად, შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან, - ახალი და კონკრეტული ბევრი არაფერი უთქვამს. შეერთებული შტატები და რუსეთი მან ამ ქვეყნებში განხორციელებულ ვიზიტებზე საუბრისას ახსენა. უკრაინის შესახებ ლაპარაკისას მან კიევში ახლახან ჩატარებული ვიზიტი გაიხსენა და თქვა, რომ ევროკავშირს ამ ქვეყანასთან ურთიერთობის გაღრმავება სურს.

თუმცა ეშტონის გამოსვლა მაინც მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა სწორედ ეს ქვეყანა მოიყვანა კავშირის მიერ თავის სამეზობლოში აქტიურობის კარგ მაგალითად.

სამეზობლოსთან ურთიერთობის გამყარება კი, ეშტონის თქმით, მისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვინაიდან ეს გლობალურ ასპარეზზე ევროკავშირის როლის ზრდასაც შეუწყობს ხელს:

„პირველ რიგში, ჩვენს სამეზობლოში სტაბილურობის და უსაფრთხოების ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების წახალისების გზით“, - განაცხადა ეშტონმა.

ის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ევროკავშირს თავის სამეზობლოში, თუკი რესურსების სრულ მობილიზაციას მოახდენს, ეშტონის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კარგად გამოჩნდა.

„როცა 2008 წლის აგვისტოში გაყინული კონფლიქტი ღია კონფლიქტად გადაიქცა, ჩვენ მაშინვე მოვახდინეთ რეაგირება. საერთაშორისო ძალებს სათავეში ჩავუდექით, საზავო ხელშეკრულების დადების პროცესში ვიშუამავლეთ და რეკორდულად მოკლე დროში იქ 300 დამკვირვებელი მივავლინეთ“, - თქვა მან.

თუმცა, ეშტონის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ჩართულობა ამით არ შემოფარგლულა. საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ომის შემდგომ პერიოდზეც ისაუბრა - თქვა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან ვაჭრობის და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებზე მუშაობს და სეპარატისტულ რესპუბლიკებთან კავშირების აღდგენის მიზნით გატარებულ ზომებს უჭერს მხარს.

ამასთან, ეშტონმა საქართველოს შესახებ რუსეთთან წარმოებული მოლაპარაკებებიც ახსენა - ევროკავშირს ამ შემთხვევებში დღის წესრიგი სავსე აქვსო, თქვა მან:

„გაეროსა და ეუთოსთან ერთად, შუამავლად გამოვდივართ ჟენევის მოლაპარაკებებში, რომელიც ერთადერთი ფორუმია, სადაც ერთმანეთს ყველა მხარე ხვდება. ვუმასპინძლეთ საქართველოს რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური მხარდაჭერის დონორთა კონფერენციას და, სომხეთსა და აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში ჩავრთეთ. ჩვენ განვაგრძობთ რეფორმების და ახლო კავშირების მხარდაჭერას. ვმუშაობთ ვაჭრობის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სფეროებში და მხარს ვუჭერთ ზომებს, რომლებიც სეპარატისტულ რესპუბლიკებთან კავშირების აღდგენისკენ არის მიმართული“,- განაცხადა ეშტონმა და დასძინა: „საქართველოში ბევრი რამ გასაკეთებელი რჩება და როცა რუსეთთან ამ საკითხებზე ვმსჯელობთ, როგორც ეს მე 10 დღის წინ [საგარეო საქმეთა მინისტრ] სერგეი ლავროვთან გავაკეთე, დღის წესრიგი სავსე გვაქვს ხოლმე.“

ეს, რაც შეეხებოდა საქართველოს. ზოგადად კი, საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის როლი უნდა გაძლიერდეს, რათა მან შეძლოს საკუთარი ინტერესების და ღირებულებების დაცვაო. მაგრამ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როგორ უნდა მოხდეს ეს, 45-წუთიან გამოსვლაში ეშტონს ბევრი არაფერი უთქვამს.

ეშტონმა 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების შემდგომ ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი გამოსვლის შემდეგ კი სტრასბურგის პარლამენტში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შექმნის პროცესში მყოფი ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო. ეს სააგენტო, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია და სადაც 8,000-მა დიპლომატმა უნდა იმუშაოს, შესაძლოა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად იქცეს.
XS
SM
MD
LG