Accessibility links

საქართველოს დაჩქარებული დიპლომატიური კავშირები


გაეროს შტაბბინა ნიუ იორკში

გაეროს შტაბბინა ნიუ იორკში

ერთობლივი კომუნიკე, რომელსაც 9 მარტს ნიუ-იორკში მოეწერა ხელი, ითვალისწინებს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის. ამიერიდან ორი ქვეყანა ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად განავითარებს. ეს კი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერასაც ნიშნავს. პარაგვაი უკვე მე-9 სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ ოფიციალური დიპლომატიური კავშირი 2010 წელს დაამყარა. რა გახდა ასეთი სწრაფი პროცესის მიზეზი და რამდენად უკავშირდება ეს პროცესი ”ნაურუს მაგალითს” და რუსეთის ძალისხმევას - მოძებნოს რაც შეიძლება მეტი ქვეყანა, რომლებიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ?

ბოტსვანა, კაბო-ვერდე, ლიბერია, ბრუნეი, მარშალის კუნძულები, დომინიკელთა რესპუბლიკა, სენტ-ლუსია, პერუ და პარაგვაი - ასეთია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 2010 წელს დაამყარა. საერთო ჯამში, ამ ეტაპზე გაეროს 191 წევრი ქვეყნიდან დარჩენილია კიდევ დაახლოებით 60 ქვეყანა, რომლებთანაც საქართველოს ჯერ არ დაუმყარებია დიპლომატიური კავშირი.

დიპლომატიური პროცესის ბოლოდროინდელ გააქტიურებას მიესალმება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, თუმცა ”შეცდომას” უწოდებს იმ ფაქტს, რომ აქამდე ათეულობით ქვეყანა იყო დატოვებული საქართველოს დიპლომატიური კავშირების მიღმა:

”იგივე ნაურუს შემთხვევას თუ გავიხსენებთ და ზოგიერთ სხვა შემთხვევას, ერთ-ორს, კარგი იქნება, რომ ეს მაგალითები ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ისინი, ვინც დაგვრჩა აღიარების გარეშე, აი, სწორედ იქიდან მოვიდა დარტყმა.”

”დარტყმასა” და ”ნაურუს გაგვეთილში”, რომელსაც ალექსანდრე რონდელი ახსენებს, იგულისხმება ამ კუნძულ-სახელმწიფოს მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის -დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. ნაურუ მე-3 სახელმწიფოა, რომელმაც ამ მხრივ რუსეთის მაგალითს მიჰბაძა. დროში მას ნიკარაგუამ და ვენესუელამ დაასწრეს. უნდა ითქვას, რომ იმ დროისთვის ნიკარაგუას დამყარებული ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, თუმცა რუსეთის წნეხი მისთვის ამ ვალდებულებებზე უფრო ძლიერი აღმოჩნდა.


საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, კახა ლომაია.
შეკითხვაზე, რამდენად რთულია რუსეთის წნეხის ფონზე საქართველოსთან დიპლომატიური კავშირის დამყარების მსურველი ქვეყნების მოძიება, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა ლომაია პასუხობს, რომ ერთი შეხედვით რუტინულმა პროცედურამ აგვისტოს ომის შემდეგ მართლაც შეიძინა ერთგვარად რთული პოლიტიკური ელფერი:

”ქვეყნებმა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების განხილვა საქართველო-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკურ პრიზმაში დაიწყეს... ყოველივე აქედან გამომდინარე არის შედეგი - მეტი სიფრთხილე, მეტი თავშეკავება, უფრო სერიოზული განხილვა... აი, ასეთ ფონზე მიმდინარეობს... თუმცა კი ამას ზეგავლენა არ ჰქონია დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების ტემპზე, როგორც თქვენ ხედავთ, და ეს, მე ვფიქრობ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგია. ”

საქართველოს მიერ დიპლომატიური ტემპების დაჩქარებას ბევრი ექსპერტი რუსეთის ძალისხმევის საპირწონე ქმედებად აფასებს და მათ შორის არის სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. ასეთ ქმედებას ის აბსოლუტურად გამართლებულად მიიჩნევს, რადგანაც ნათელია აუცილებლობა - რუსეთის წნეხის ქვეშ რაც შეიძლება ნაკლები სახელმწიფო უნდა მოექცეს და რაც შეიძლება ნაკლებმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა. როდესაც საერთაშორისო სამართლის სუბიექტებზე ვლაპარაკობთ, ბარნოვის აზრით, ამ დროს არცთუ უმნიშვნელო ფაქტორს წარმოადგენს რაოდენობა:

”ეს ქმნის, ბუნებრივია, რაღაც საფუძვლებს... მართალია, ზოგადად არაფერი არ ქმნის შემოუბრუნებელ და შეუცვლელ საფუძველს, მაგრამ, ბუნებრივია, როდესაც აღიარებული ჰყავს, დავუშვათ, აფხაზეთი მხოლოდ ნაურუს და, მეორე მხრივ, აღიარებული ჰყავს, პირობითად - 20 ნაურუს, მათ შორის არის განსხვავება...”

იმ ფაქტს, რომ განსაკუთრებული დიპლომატიური აქტიურობა დიდწილად სწორედ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების მიზანს ემსახურება, კახა ლომაიაც ადასტურებს, მაგრამ თუკი ისევ ნიკარაგუის შემთხვევას გავიხსენებთ, ამა თუ იმ ქვეყანასთან დამყარებულ ძველ თუ ახალ დიპლომატიურ კავშირებს ნამდვილად ვერ ჩავთვლით საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების გარანტიად.

გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ამბობს, რომ რადგანაც პოლიტიკაში გარანტიები საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან მომავალში ის ქვეყნები, რომლებიც დღეს დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ საქართველოსთან. თუმცა დიპლომატიური კავშირი, რაც თავისთავად ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებასაც ნიშნავს, ამ ქვეყნების მხრიდან საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების ალბათობას ”განუზომლად ამცირებს”.

რაც შეეხება საქართველოს მიერ დაჩქარებული დიპლომატიური პროცესის შემდგომ ტემპებს, კახა ლომაიას ინფორმაციით, 11 მარტს დიპლომატიური კავშირი დამყარდება მალდივის კუნძულებთან და რიგში კიდევ არაერთი პოტენციური მოკავშირე დგას:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტის განმავლობაში კიდევ 5 სახელმწიფოსთან დავამყარებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ხოლო წლის ბოლომდე, ვფიქრობთ, რომ კიდევ სადღაც 10-მდე სახელმწიფოსთან უნდა გავაფორმოთ ურთიერთობები. ესენი გახლავან, ძირითადად, ლათინური ამერიკის, აზია-წყნარი ოკეანისა და აფრიკის რეგიონების წარმომადგენლები.”

კახა ლომაიას ინფორმაციით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იპოვოს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო, რომლებსაც საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოაქცევს და ამ მიზნით ის არც შანტაჟს ერიდება და არც მატერიალურ დაინტერესებას. თუმცა ფაქტი თვალსაჩინოა: აგვისტოს ომის შემდეგ კრემლმა მხოლოდ 3 თანამოაზრის პოვნა შეძლო.
XS
SM
MD
LG