Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცაგერში სტიქიამ გზები დაანგრია და მოსახლეობა დააზარალა


ცაგერის რაიონში სტიქიამ ათობით ოჯახი დააზარალა. სამდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ რამდენიმე სოფელი რაიონულ ცენტრს მოსწყვიტა. ორ სოფელში - ორბელსა და ლაჯანაში - გეოლოგები, მაშველები, მეგზევეები ამ დრომდე მუშაობენ. სახლების დიდი ნაწილი დაიტბორა, ნაწილიც, თუ ამინდი გაუარესდა, მეწყერის საფრთხის წინაშე დგას. მოსახლეობა მათი საცხოვრებელი სახლების გადარჩენას ითხოვს. ზარალს ითვლიან.

ამ სიუჟეტის მომზადებისას ცაგერში უკვე აღარ წვიმდა. მეწყერისა და წყალდიდობისგან დაზარალებული მოსახლეობა ქუჩაში იყო გამოსული და ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა. ზარალი ჯერ ბოლომდე დათვლილი არ არის, მაგრამ, როგორც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი დავით გაგოშიძე ვარაუდობს, ის არც ისე ცოტა იქნება. გაგოშიძეს ჩვენ სოფელ ლაჯანაში ყოფნისას დავუკავშირდით:

”ახლა შედარებით მშვიდი ვითარებაა - წუხელ არ წვიმდა და წყლის დონემაც დაიწია. მაგრამ გუშინ მდინარე ლაჯანურას დონე ორი მეტრით იყო აწეული. გადმოვიდა კალაპოტიდან და 14 სახლი დატბორა.”

სტიქიის ზონაში მდინარის კალაპოტის გასაწმენდად მძიმე ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა. სახლებში წყალი აღარ დგას,მაგრამ ზოგიერთი მათგანი საცხოვრებლად უვარგისია. განადგურებულია სახნავ-სათესი სავარგულებიც. საფრთხე ისევ არსებობს, აცხადებს დავით გაგოშიძე:

”წყალი აღარ დგას, სულ შლამია, მაგრამ მდინარის დონემ რომ აიწიოს, საშიშროება ისევ გაჩნდება. კომისია შექმნილია და ზარალს ვითვლით.”

წყალი საღამოხანს მოულოდნელად მოვარდა, იხსენებს ლაჯანას მკვიდრი ტარიელ გოლეთიანი:

”საცხოვრებლად აღარ ვარგა ეს სახლები. ახლა ტრაქტორებია ჩაყენებული, მაგრამ რომ მოიმატოს, იგივე ამბავი დატრიალდება. ზოგი მეზობლებთან ვართ შეხიზნული, ზოგი ნათესავებთან და გვპირდებიან დახმარებას და ვნახოთ.”

სოფელი ორბელი, რომელიც ცაგერი-ალპანას მეთორმეტე კილომეტრში მდებარეობს, მეწყერმა დააზარალა. სოფელი ცაგერის რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია. ცაგერის საკრებულოს თავმჯდომარე იმარ ჭაბუკიანი ამბობს, რომ გზა, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და მას ვერც შემოვლითი გზა ჩაანაცვლებს, რადგან იქ მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების გავლაა შესაძლებელი.

ფრიდონ ბურჯალიანი ორბელში ცხოვრობს. მისი სახლი მოვლენების ეპიცენტრშია. ის გვიყვება, რომ გზამ პირველად 9 მარტს დაიწია და ჩავარდა. მისი თქმით, გეოლოგებს ჯერ მხოლოდ ვიზუალურად აქვთ დასკვნა გაკეთებული. შესაბამისად, ბურჯალიანის და მისი რამდენიმე მეზობლის ბედი - გაასახლებენ თუ დატოვებენ მათ - გადაწყვეტილი არ არის. მათი თხოვნა კი ასეთია:

”სახლის საზღვრიდან დაახლოებით ორ მეტრში გზა ჩაწყვეტილია. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს სახლები ჩვენთვის მარტო საცხოვრებელი არ არის და ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, რომ გეოლოგიურმა ექსპედიციამ დადოს ძირფესვიანი დასკვნა, რომ შენარჩუნდეს აქ ჩვენი დასახლება, რადგან ჩვენთვის აქედან იწყება საქართველო.”

დავით გაგოშიძე კი აცხადებს, რომ გადაუღებელი წვიმა და მთაში თოვლის დნობა ერთმანეთს დაემთხვა და მდინარის კალაპოტიც ამან ასწია. და ეს პროცესი ვერც არსებულმა ნაპირსამაგრებმა შეაჩერა.

საყურადღებოა, რომ საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ისევ იწვიმებს. ზოგადად კი, არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სინოპტიკოსების განცხადებით, 17 მარტამდე გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG