Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქციებმა რუსეთის ბევრი ქალაქი მოიცვა


პენზა ბოლო რუსული ქალაქია, რომელმაც რუსეთში მარტის თვეში დაწყებულ მძლავრ საპროტესტო გამოსვლებს საკუთარი ხმაც შეუერთა. 7 მარტს დაახლოებით 2000 ადამიანმა მოიყარა თავი ცენტრალური რუსეთის ამ ქალაქში, რათა თავიანთი უკმაყოფილება გამოეხატათ დაბალი ხელფასებით, ფასების ზრდითა და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურობით. საპროტესტო გამოსვლები რუსეთში ახლო მომავალშიც იგეგმება, თუმცა ჯერჯერობით ექსპერტებს უჭირთ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა უკმაყოფილების ტალღა პოლიტიკურ ცვლილებებს რუსეთში.

მილიონობით რუსის მსგავსად, ტატიანა საგონებელში ჩააგდო ფასების მატებამ, რაც ახალი წლის დადგომისთანავე დაიწყო რუსეთში. სკოლამდელი დაწესებულების 50 წლის პედაგოგი

ამბობს, რომ იანვრის თვეში მას, წინა თვესთან შედარებით, 25 პროცენტით გაზრდილი გადასახადების გადახდა მოუწია, რაზეც მისი ხელფასის ორი მესამედი დაიხარჯა. ტატიანამ არ იცის, როგორ გამოკვებოს შვილები, რადგან 7000 რუბლიდან, რასაც იგი ყოველთვიურად გამოიმუშავებს გასამრჯელოს სახით, 5000 რუბლს წყალში, გაზსა და ელექტროენერგიაში იხდის.

„ბინის ქირას გაჭირვებით ვიხდი. ხელფასი ჩვენ საერთოდ პატარა გვაქვს, მაშინ როცა ტარიფი კომუნალურ გადასახადებზე ძალიან მაღალია. ასეთი პრობლემები ჩვენ საბჭოთა კავშირის დროსაც არ გვქონდა. ახლა მე ძალიან მეშინია ჩემი ბავშვების გამო.“

იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოსულიყო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ცნობილი ზომები მიიღო: ზოოპარკში უფასო გახადა შესვლა, გამოაცხადა უფასო ექსკურსია ქალაქში და მოაწყო საჯარო ლექციები თემაზე, თუ როგორ შეამცირებს მომავალში კომუნალურ გადასახადებს.

მაგრამ, ამ მცდელობის მიუხედავად, პენზაში ქუჩაში გამოვიდა 2000 დემონსტრანტი, რომლებიც ხმამაღლა აპროტესტებდნენ გაზრდილ გადასახადებს და ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტურობას. ანალოგიური დემონსტრაციები ჩატარდა მარტის დასაწყისში რუსეთის სხვა ქალაქებში: სამარაში, ირკუტსკსა და არხანგელსკში. და არა უბრალო მოქალაქეები, არამედ რუსეთის ცნობილი ადამიანებიც პირველად ღიად დაუპირისპირდნენ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას. კვირას, მოსკოვში გამართულ კონცერტზე, ასეულობით ადამიანი უკრავდა ტაშს ცნობილ მომღერალ იური შევჩუკს, რომელიც რუსეთში გამეფებულ კორუფციას, მოხელეთა თავგასულობას და დაუსჯელობას დაუფარავად აკრიტიკებდა:

„მდიდრები მდიდრდებიან, ღატაკები ღატაკდებიან. ტოტალური კორუფცია ყველაფერს იპარავს. ჩვენს ქვეყანაში მკაცრი, სასტიკი და არაადამიანური ხელისუფლების სისტემა ჩამოყალიბდა. ადამიანები იტანჯებიან არა მხოლოდ ციხეებსა და ბანაკებში, არამედ ბავშვთა სახლებსა და საავადმყოფოებში. ნახეთ, მეგობრებო, რამდენი უბედურება ხდება ჩვენს გარშემო.“
რუსეთში საპროტესტო გამოსვლების გააქტიურება განსაკუთრებით თვალშისაცემია საზოგადოების პასიურობის ფონზე, რასაც ადგილი ჰქონდა მეორე ათასწლეულის დასაწყისში, როდესაც ქვეყანა სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ფაზაში შევიდა. სწორედ ეკონომიკურ კრიზისს, უმუშევრობის ზრდას და საცხოვრებელი პირობების გაუარესებას ასახელებს მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მიზეზად დმიტრი ორეშკინი, პოლიტიკის ანალიტიკოსი:

„მიტინგები ბუნებრივი შედეგია იმისა, რომ კრიზისის შემდეგ საზოგადოებაში გამაღიზიანებელი ფაქტორები დაგროვდა. უმუშევრობა იზრდება, ფასები იზრდება, ცხოვრების დონე უარესდება და არ უმჯობესდება. ტელევიზიით გვიყვებიან ზღაპრებს, რომ ფეხზე ვდგებით, მაგრამ ეს აღარ გვამშვიდებს.“

რუსეთის ხელისუფლებამ ამჯერად მარტის საპროტესტო აქციების ჩასახშობად ძალა არ გამოიყენა, რათა, როგორც ორეშკინი ამბობს, ამით კიდევ უფრო მძლავრი პროტესტი არ აეგორებინა ქვეყნის მასშტაბით. თუმცა ლევადას დამოუკიდებელი პოლიტიკური ცენტრის ანალიტიკოსი ალექსეი გრაჟდანკინი ფიქრობს, რომ მსგავსი საპროტესტო აქციები, რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთის პოლიტიკური სისტემისთვის:

„ ეს განწყობილებების სეზონურ ცვლილებებს უკავშირდება. გაზაფხულზე ადამიანები საკუთარი აქტიურობის მაღალი საპროტესტო დონის დემონსტრირებას ახდენენ. ამას თუ წინა წლების მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ არავითარი გაუმჯობესება არ მომხდარა.“

რაიმეს რადიკალურად გაუმჯობესების იმედი არც პემზელ პედაგოგ ტატიანას აქვს, რომელიც სხვებთან ერთად მონაწილეობდა საპროტესტო დემონსტრაციებში. თუმცა საპროტესტო აქციები, ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, რუსეთში გაგრძელდება. დემონსტრაციები 20 მარტს, მთელი რუსეთის მასშტაბით, დაახლოებით 15 ქალაქში გაიმართება - მათ შორის, ქალაქ კალინინგრადშიც, სადაც მარტის დასაწყისში ყველაზე ხალხმრავალი - ათიათასკაციანი - მიტინგი გაიმართა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG