Accessibility links

logo-print
11 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სიების მონიტორინგის ახალი შედეგები წარმოადგინა. კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის თქმით, პარტიები, რომლებმაც, საარჩევნო სიების შემოწმების მიზნით, ბიუჯეტიდან დაფინანსება მიიღეს, საკითხს მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ. საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, გადამოწმების პროცესში ჩართული პარტიების მიერ მიწოდებული მასალები, უმეტეს შემთხვევაში, ზერელე და უზუსტოა. როგორ მიმდინარეობს ამომრჩეველთა რაოდენობის დაზუსტების პროცესი და რატომ გადაიწია მონიტორინგის დასრულების ვადამ?

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მონაცემებით, სიების გადამოწმების პროცესში ათზე მეტი პოლიტიკური პარტიაა ჩართული, თუმცა ზურაბ ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ საკითხს მთელი სერიოზულობით მხოლოდ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრები მიუდგნენ, დანარჩენებმა კი, მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეთანხმებულ მუშაობას გადაუმოწმებელი ფაქტების მედიაში გამოქვეყნება ამჯობინეს.

„ამ დღეებში ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ძალიან ხმამაღლა იყვირა, რომ იპოვა მისამართი, სადაც 2008 წლამდე ერთი კაცი ცხოვრობდა, ახლა კი 150-ია რეგისტრირებული. ამტკიცებდა, რომ ეს არის გადამოწმებული ინფორმაცია, მაგრამ მათ ვერ გაითვალისწინეს ერთი რამე: ჭიჭინაძის ქუჩა, რომელზეც „დარღვევა“ აღმოაჩინეს, თბილისში ერთის ნაცვლად სამია. თუ ასე ამოწმებენ სიებს, მაშინ მათთვის მიცემული ფული წყალში გადაყრილია“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ხარატიშვილმა.

სულ, ზურაბ ხარატიშვილის თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სიების შემოწმების მიზნით, მილიონ ორასი ათასი ლარი გამოიყო. თავად შემოწმების პროცესი კი ერთი თვის წინ დაიწყო, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ გადამოწმების პროცესში ჩართულ პარტიებს მონაცემთა ბაზა გადასცა. პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, არ იზიარებს ცესკოს თავმჯდომარის კრიტიკას და ამბობს, რომ მონიტორინგის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს:
„დაახლოებით 500 მისამართია ისეთი აღმოჩენილი, სადაც მიწერილია 15 და მეტი ამომრჩეველი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლები ამ უბნებზე მიწერილია. გარდა ამისა, ასევე ბევრია სხვა სახის უნებლიე უზუსტობები. რაც შეეხება ბატონ ხარატიშვილის საყვედურს, ცხადია, სანამ არ დამთავრდება პროგრამა, ძნელია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რამე სახის შეფასება გააკეთოს, თუმცაღა ვადის დასრულების ბოლოს ჩვენ გავაკეთებთ ძალიან სერიოზულ პრეზენტაციას სიებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით.“

სიების დაზუსტების უკიდურეს ვადად, რომლის შესახებაც მანანა ნაჭყებია ლაპარაკობდა, 15 მარტი იყო დასახელებული, თუმცა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ პარლამენტი, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს ოპოზიციური პარტიის, „ქართული დასის“, მოთხოვნას და ვადა ათი დღით გადაიწევს. „დასის“ წარმომადგენელი ცესკოში, გიორგი ბაშარული, დარწმუნებულია, რომ ცვლილება დადებით ასახვას პოვებს მონიტორინგის პროცესზე.

„ჩვენი ჯგუფის მუშაობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ გაგრძელებულიყო ეს ვადა მინიმუმ 10 დღით. ფიზიკურად ვერ ესწრება. ძალიან დიდი სამუშაოა შესასრულებელი ძალიან მოკლე დროში, მით უმეტეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოდის და ადგილობრივი მოსახლეობა ირჩევს ადგილობრივ ხელისუფლებას. დიდი რაოდენობით უმისამართოების პრობლემა ძალიან დიდ პრობლემად მიგვაჩნია“, უთხრა გიორგი ბაშარულმა რადიო თავისუფლებას.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ამტკიცებენ, რომ საარჩევნო სიების ხარვეზებითა და უზუსტობით, როგორც წესი, მმართველი პარტია მანიპულირებს, თუმცა იგივეს მტკიცება უჭირს „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელ დირექტორს ეკა სირაძე-დელონეს, რომელსაც არჩევნებზე დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვს:

„ასეთი ფაქტი თუ არის ერთი, ორი, სამი ან თუნდაც ოცდაათი, მასშტაბურ მიზანმიმართულ გაყალბებაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ სულ სხვა ამბავია, თუკი ეს კეთდება მასიურად, მაგრამ ამის დამადასტურებელი ფაქტები ჩვენ არ გვაქვს.“

თუმცა ეკა სირაძე-დელონე დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტება ამცირებს როგორც ცდომილების, ასევე გაყალბების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ცესკოს ვებგვერდზე 25 მარტამდე განთავსდეს ერთიანი სიის გადამოწმების ისეთი საძიებო სისტემა, რომლითაც ამომრჩევლის მოძიება შესაძლებელი იქნება სახელის, გვარისა და საარჩევნო ოლქის მითითებით. ამასთან, სისტემაში მისამართის მითითებისას გამოჩნდება მოცემულ მისამართზე რეგისტრირებული ყველა ამომრჩევლის საჯარო მონაცემები.
XS
SM
MD
LG