Accessibility links

logo-print

ვიტაუტას ლანდსბერგისი: „კომუნიზმი არასოდეს დამარცხებულა“


ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი

ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ვიტაუტას ლანდსბერგისი

ზუსტად 20 წლის წინ, 1990 წლის 11 მარტს ლიტვა გახდა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვილნიუსს რამდენიმე ქვეყნის - ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, ფინეთისა და სლოვენიის პრეზიდენტები ესტუმრნენ. საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე.

თუმცა, ჩვენი საუბრის თემა დღეს იქნება არა საზეიმო ღონისძიებები, არამედ გზა, რომელიც ლიტვამ 20 წლის მანძილზე გაიარა კომუნისტური მემკვიდრეობისთვის თავის გართმევის მცდელობის თვალსაზრისით.

პოსტ-კომუნისტური ლიტვის პირველი პრეზიდენტი, ვიტაუტას ლანდსბერგისი კრიტიკულ შეფასებას იძლევა. ის ფიქრობს, რომ, ზოგადად, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჭირს კონსენსუსის გამოძებნა საბჭოთა პერიოდის მემკვიდრეობის - უფრო კონკრეტულად, დანაშაულების შეფასებისას. ამ და სხვა თემებზე ლანდსბერგისს, ამჟამად ევროპარლამენტის წევრს, ჩვენი რადიოს კორესპონდენტი კლერ ბიგი ესაუბრა პრაღაში, სადაც ლანდსბერგისი თებერვლის მიწურულს სტუმრობდა კომუნიზმის დანაშაულებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

რა როლი შეასრულა ვიტაუტას ლანდსბერგისმა პრეზიდენტის რანგში, ანუ 1990-92 წლებში, ლუსტრაციის წესების მომზადებასა და განხორციელებაში? ჩვენმა კორესპონდენტმა თავდაპირველად ეს შეკითხვა დაუსვა ლანდსბერგისს. ვიდრე პასუხს შემოგთავაზებდეთ, უნდა ითქვას, რომ ლიტვამ 90-ანი წლების დასაწყისში აამოქმედა ლუსტრაციის წესები, რომლებითაც, მაგალითად, აიკრძალა გავლენიანი კომუნისტი ჩინოვნიკების საქმიანობა მაღალ თანამდებობებზე საჯარო სექტორში.

„მე რომ პრეზიდენტი ვიყავი, რეფორმები მხოლოდ საწყის სტადიაზე იყო“, იხსენებს ლანდსბერგისი. „ვცდილობდით, მიგვეღო ლუსტრაციის შესახებ კანონი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში მიღებულის მსგავსი იქნებოდა. ის მოდელად ავიღეთ და პროექტზე მუშაობას შევუდეგით. მაგრამ შემდეგ წინააღმდეგობა შეგვხვდა მემარცხენე ფრთიდან - ძალიან ძლიერი წინაღამდეგობა, რომელსაც სულ უფრო მეტმა პარლამენტარმა აუბა მხარი ცენტრიდან. ბოლოს მათ უმრავლესობა მოიპოვეს და პროცესი შეჩერდა. ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი მე ვიყავი, არაფერს ცვლიდა. საპარლამენტო რესპუბლიკის მანიპულირება შესაძლებელია ქრთამით პარლამენტარების მოსყიდვითა და ახალი უმრავლესობების შექმნით“.

შეკითხვას, ვინ იძლეოდა ქრთამებს, ლანდსბერგისი პასუხობს: წარსულის ძალები, ყოფილი რეჟიმიო...

ლიტვაში, განაგრძობს ლანდსბერგისი, დღემდე არ არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება კომუნისტური რეჟიმის დანაშაულების მიმართ. რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა მას ჰკითხა, ახლა სად არიან კომუნისტური პერიოდის პოლიტიკოსები, პროკურორები, უსაფრთხოების სამსახურის მუშაკები: ლიტვის საჯარო ცხოვრებაში გარკვეულ როლს ასრულებენ, თუ განზე გაირიყნენ?

„ჩვენ მათ გარკვეული შეზღუდვები დავუწესეთ, მაგრამ არსებობს ხარვეზები, რომლებიც მათთვის შესაძლებელს ხდის, თავი აარიდონ ამ შეზღუდვებს“, ამბობს ლანდსბერგისი. შეკითხვას, რატომ არ გაუსამართლებიათ მაღალი რანგის კომუნისტი ლიდერები ისე, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიურნბერგში ნაცისტები გაასამართლეს, ლანდსბერგისი პასუხობს შეფასებით, რომ „კომუნისტურ ქვეყნებში კომუნიზმი არასოდეს დამარცხებულა. ამ ქვეყნებს არ სურდათ საკუთარი თავის გაწმენდა წარსულის ლაქებისაგან“.

რაც შეეხება იმას, დაეხმარებოდა თუ არა ასეთი სასამართლოები ლიტვასა და რეგიონის სხვა ქვეყნებს კომუნისტურ მემკვიდრეობასთან გამკლავებაში, ლანდსბერგისის რწმენით, საქმე, ზოგადად სამართალს ეხება: „თუ სამართალი არ არის, ხალხს, ზოგადად, სამართლის არ სჯერა. ისინი უკმაყოფილო არიან დემოკრატიით, სახელმწიფოს პოლიტიკით, რადგან ხედავენ, რომ ისევ იმ ხალხს აქვს ძალაუფლება, ან დიდი გავლენით სარგებლობს“.

და ბოლო შეკითხვა, რომელიც ლიტვის ყოფილ პრეზიდენტს, ვიტაუტას ლანდსბერგისს დაუსვა რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტმა: დღევანდელი თვალსაწიერიდან, რას გააკეთებდით სხვანაირად პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას?
ლანდსბერგისი: „უფრო ფრთხილად მოვეკიდებოდი პოლიტიკური კორუფციის დახვეწილ ფორმებს. მე, შესაძლოა, ზედმეტად ვენდობოდი, ზოგადად, ხალხის კეთილ ნებას. და ამას ყველა არ იმსახურებდა“.
XS
SM
MD
LG