Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი არალეგალური იმიგრანტის ტრაგიკული ბედი გერმანიაში


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც, სავარაუდოდ, თავი მოიკლა გერმანიის ქალაქ ჰამბურგის სადეპორტაციო იზოლატორში, სამშობლოში გადაასვენებენ მას შემდეგ, რაც გერმანიის პოლიცია გამოძიებას დაასრულებს. საქმე ეხება 25 წლის დავით მარდიანს, რომლის თვითმკვლელობის შესახებაც გუშინ გერმანიის მედიაც იუწყებოდა, თუმცა, მას 17 წლის მოზარდად მოიხსენიებდა.

გერმანიაში საქართველოს საელჩოს კონსულის, ლაშა გიგაშვილის განცხადებით, დავით მარდიანმა, რომელიც არალეგალურად ჩავიდა გერმანიაში და იქ 7 თებერვალს იქნა დაკავებული, პოლიციას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა თავისი გვარისა და დაბადების თარიღის შესახებ, რის გამოც გერმანიაში საქართველოს საელჩოს არ გააჩნდა ინფორმაცია მის შესახებ. სადეპორტაციო იზოლატორში მარდიანმა ჯერ შიმშილობა გამოაცხადა, 7 მარტს კი, გავრცელებული ცნობით, თავი მოიკლა. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, მისი ვინაობის დადგენა მოხერხდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გერმანიაში საქართველოს საელჩოს კონსულმა ლაშა გიგაშვილმა ღრმა მწუხარება გამოხატა დავით მარდიანის ტრაგიკული სიკვდილის გამო. მისივე განცხადებით, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მომხდართან დაკავშირებით შეფასების გამოთქმა გაუმართლებელი იქნებოდა.

ჩვენს შეკითხვას, რას მოიმოქმედებდა საქართველოს საელჩო, რომ სცოდნოდა, რომ საქართველოს მოქალაქე სადეპორტაციო იზოლატორში იმყოფებოდა და შიმშილობდა, კონსულმა უპასუხა: „ამაში ჩაერთვებოდა საელჩო, კერძოდ საკონსულო სამსახური და გაატარებდა ყველა ღონისძიებას - დაწყებული იმით, რომ ჩავიდოდა და მოინახულებდა მას, გაეცნობოდა მის მდგომარეობას, იქნებოდა ეს მისი ფიზიკური, თუ ფსიქიკური მდგომარეობა, რა იყო მისი კონკრეტული მოთხოვნები და ა.შ.“ გერმანიაში საქართველოს საელჩოს კონსულის განცხადებით, თუ აღმოჩნდებოდა, რომ საქართველოს მოქალაქის რომელიმე უფლება ირღვეოდა, გატარდებოდა ყველა ღონისძიება, რომლის შესაძლებლობასაც იძლევა საკონსულო დაცვით და საერთაშორისო კონვენციით მინიჭებული უფლებამოსილებები.
XS
SM
MD
LG