Accessibility links

logo-print

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა


ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანგარიშს მიიჩნევს არა თვითმიზნად, არამედ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ეფექტიანი სტრატეგიის განსავითარებლად. ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში ასახავს ვითარებას მსოფლიოს 194 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. საქართველოში ადამიანის უფლებათა მთავარ დარღვევებად სახელდება სამართალდამცველების მიერ ძალის გადამეტებული ხმარება, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა; ადამიანების პოლიტიკურად მოტივირებული მოტაცება და მათზე თავდასხმა; ცუდი პირობები ციხეებში; ძალის გადამეტებული ხმარება დემონსტრაციის დასაშლელად; ხელისუფლების ზეწოლა სამართლებრივ სისტემაზე; ელიტური კორუფცია. ადამიანის უფლებათა მთავარი დარღვევების ვრცელ ჩამონათვალშია აგრეთვე მედიის თავისუფლებისადმი პატივისცემის შესუსტება. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2009 წელს საქართველოს მთავარ მიღწევებს, ანგარიშში მოხსენიებულ მაგალითებს შორის არის სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის რეფორმა და საარჩევნო კოდექსის შესწორება, რომელიც თბილისს მერის პირდაპირ არჩევნებს ითვალისწინებს. ამ კონტექსტში საქართველო მოიხსენია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში, მაიკლ პოზნერმაც. მისი სიტყვებით, „საქართველოში იყო სისხლის სამართლის პროცედურასთან დაკავშირებული ახალი კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის უკეთ დაცვას სასამართლო პროცესის დროს. უკრაინაში შეიქმნა ანტიკორუფციული კომისია და კიდევ, ამ ქვეყანაში ბოლოხანს ისევ წარმატებით ჩატარდა არჩევნები“. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მონაკვეთში, რომელიც საქართველოს ეძღვნება, ყურადღება მახვილდება იმ გარემოებაზეც, რომ სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობები, რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცის მხარდაჭერით, რომელთაც ოკუპირებული აქვთ ეს ტერიტორია, კვლავაც არ ექვემდებარებიან ცენტრალური მთავრობის კონტროლს.
XS
SM
MD
LG