Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენი კანდიდატი ჩაერთვება სოციოლოგიურ გამოკითხვაში


ოპოზიციის ლიდერები: ირაკლი ალასანია, სავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე
ოპოზიციის ლიდერები: ირაკლი ალასანია, სავით გამყრელიძე, დავით უსუფაშვილი, ლევან გაჩეჩილაძე
ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძოდ კი, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატით მონაწილეობის იდეა აქტუალობას არ კარგავს. თუმცა პოლიტიკურ წრეებში იდეის მომხიბვლელობისა და ცალკეული პირებისა თუ გაერთიანებების განსაკუთრებული აქტიურობის მიუხედავად, შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ასეთ ვითარებაში გარკვეულია მხოლოდ ის, რომ ერთიანი კანდიდატის გამოვლენის ფორმა სოციოლოგიური გამოკითხვა იქნება. რამდენი კანდიდატის თავმოყრას შეძლებს ინტერპარტიული ჯგუფი?

12 მარტის დილიდან მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხით დაინტერესებული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ინფორმაცია ”დაიცავი საქართველოს” თავკაცის ლევან გაჩეჩილაძისა და ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ. შეხვედრის თაობაზე ტელეკომპანია ”რეალტივი” იუწყებოდა. მოგვიანებით შეხვედრის დეტალების განმარტება ლევან გაჩეჩილაძემ არ ისურვა, ირაკლი ალასანიამ კი განაცხადა, რომ საუბარი შეეხებოდა 10 კვირიანი საარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესს და ოპოზიციურ ძალთა შორის კოორდინაციას:

”ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღეთ, მივდივართ არჩევნებზე. არანაირი შეთანხმება კანდიდატურებთან დაკავშირებით არ ყოფილა, ამაზე არ გვიმსჯელია, კიდევ ერთხელ ვილაპარაკეთ როგორი კოორდინაცია უნდა გვქონდეს და იქნება ბევრად უფრო ეფექტური პოლიტიკურ ძალებს შორის. მე ვთვლი, რომ ჩვენ ერთმანეთს გეგმები ამ კამპანიაში უნდა გავუზიაროთ.“

არ გამორიცხავენ, რომ ლევან გაჩეჩილაძის გეგმები ამ კამპანიაში მერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება და სოციოლოგიურ გამოკითხვაში ჩართვა იყოს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, ”ალიანსმა“ წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულად რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და ცალსახად განმარტა ისიც, რომ სოციოლოგიური გამოკითხვა და პრაიმერი გაერთიანებისთვის უკვე ამოწურული თემაა.

”ალიანსმა საქართველოსთვის“ დაასრულა რაღაც მარჩიელობის პროცესი, თუ შეიძლება ასე ითქვას. მას საბოლოოდ წერტილდასმულადა ჰყავს გამოკვეთილი საკუთარი კანდიდატები მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობებზე და დაწყებული გვაქვს საარჩევნო კამპანია. ამიტომ ვერანაირი შეხვედრები თუ გარკვეული პოზიციების სიმკვეთრეები ამ გეზს ვეღარ შეცვლის, საჭიროებიდან გამომდინარე, და არა აკვიატებიდან და ახირებიდან გამომდინარე”, - გვიპასუხა მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ შეკითხვაზე, უკავშირდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძის ირაკლი ალასანიასთან შეხვედრებით დაინტერესება სოციოლოგიურ გამოკითხვაში ალიანსის ლიდერის ჩართვაზე დაყოლიებას.

პრაიმერის ინიციატორი ოპოზიციური პარტიების შეთანხმების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატი სოციოლოგიური გამოკითხვის გზით გამოვლინდება, საკრებულოების წევრობის კანდიდატებს კი პრაიმერი გამოკვეთს. სოციოლოგიური გამოკითხვა და პრაიმერი 2010 წლის 5-დან 20 აპრილამდე ჩატარდება, თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი კი 9 აპრილს პრაიმერის ინიციატორი პარტიების შეკრებაზე გამოცხადდება. გამოკითხვა და პრაიმერი მონაწილეობისათვის ნებისმიერი დაინტერესებული პოლიტიკური ძალისათვის 2010 წლის 28 მარტამდეა ღია. პრაიმერის ჯგუფი ოპოზიციური ფრონტის მეტ-ნაკლებად გამოკვეთილ ლიდერებს, ირაკლი ალასანიასა და ლევან გაჩეჩილაძეს, ამ პროცესში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს:

”ჩვენ ბატონ ლევანთანაც, ბატონ ირაკლისთანაც და ყველასთან გვაქვს ერთი თხოვნა - სოციოლოგიურ გამოკითხვაში მიიღონ მონაწილეობა და ამ გზით გამოვავლინოთ ერთიანი კანდიდატი. ჩვენ უკვე სხვა მიმართულებით ან ბატონ ლევანთან ან ნებისმიერ სხვა პერსონასთან კონსულტაციები დავამთავრეთ. ეს კონსულტაციები მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში.”

ზვიად ძიძიგური პრაიმერის ჯგუფში თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია და, დღევანდელი მონაცემებით, პერსონალურად სოციოლოგიური გამოკითხვის სუბიექტად ითვლება. მის გარდა, ამავე ჯგუფში, რომელიც 6 პარტიისგან შედგება, თბილისის მერობაზე პრეტენზიას ასევე აცხადებს ”ხალხის პარტიის” თავმჯდომარე კობა დავითაშვილი. უახლოეს ხანში შესაძლოა ეს ციფრი სამამდე გაიზარდოს. წინასწარი განაცხადი პარტიის სახელით ” მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა გააკეთა.

”შეიძლება ჩვენს პარტიასაც ჰყავდეს კანდიდატი, რომელიც მე არ ვიქნები. მაგრამ, როგორც მინიმუმ, პრაიმერისტებს გვეყოლება ჩვენი კანდიდატი. დაველოდოთ 9 აპრილს.”

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას ამ დროისათვის ოპოზიციის რიგებიდან 8 კანდიდატი აპირებს.
XS
SM
MD
LG