Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 მარტი 2010


”ცხინვალი ”რევოლუციის” ზღვარზე” - ასეთ სათაურს ნახავთ ”რეზონანსის” პირველ გვერდზე. ავტორი წერს, რომ 20 მარტს ცხინვალში ”ფართომასშტაბიანი აქცია-მიტინგი” იგეგმება, რომელიც, შესაძლოა, დაარბიონ. ”ამ აქციისას ცხინვალში ედუარდ კოკოითის მთავარი ოპონენტები - ალბერტ ჯუსოითი და ძამბულატ თედეევი - ჩადიან, რაც ვითარებას კიდევ უდრო დაძაბავს. დაძაბულობის კიდევ ერთ საფუძველს ისიც ქმნის, რომ საპროტესტო აქციას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ შეიარაღებულ მებრძოლთა მნიშვნელოვანი ნაწილიც უერთდება.” ”რეზონანსშივე” წაიკითხავთ გერმანელი დიპლომატის დიტერ ბოდენის სოხუმში ვიზიტის სავარაუდო მიზნებზე. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბოდენის ვიზიტის მიზანი წლების წინ მის მიერვე მომზადებული დოკუმენტის გააქტუალურებაა. ამ დოკუმენტის შექმნის ისტორიას ”რეზონანსის” არაერთი რესპონდენტი იხსენებს. თავად დოკუმენტის შინაარსზე ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე ამბობს: ”დღემდე შემორჩენილია სრულიად მცდარი სტერეოტიპი, თითქოსდა ბოდენი მხარეებს კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას სთავაზობდა. ამ დოკუმენტში აფხაზებთან ერთად კონფედერაციის შექმნაზე საუბარი არ იყო. ბოდენის დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა, ხოლო აფხაზეთს მოიაზრებდა როგორც მაქსიმალური დამოუკიდებლობის მქონე ფედერაციულ სუბიექტს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ბოდენი თბილისსა და სოხუმს კომპეტენციის გამიჯვნას სთავაზობდა.”

”ახალი თაობის” სათაური: ”სააკაშვილი ბერეზოვსკის ბათუმში საიდუმლოდ შეხვდა”. სტატიის ავტორი ჯერ ბათუმში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე წერს: ”როგორც ჩვენებური პოლიტიკოსები ამტკიცებენ, ამ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა საიდუმლო შეთანხმება დადეს. როგორც ამბობენ, ბათუმში კიდევ ბევრი სხვა საიდუმლო შეხვედრა შედგა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის ამბავი გუშინ იმერეთში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა თემურ შაშიაშვილმა ”გააბაზრა”. ”ბათუმში ერთმანეთს შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და ბორის ბერეზოვსკი. ამ შეხვედრის ორგანიზატორი ზუგდიდელი ბიზნესმენი, ვინმე ქარჩავაა”, - უთქვამს შაშიაშვილს.

”უგულავას ვერ მოუგებენ! ჯერ ერთი, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, 70% გარიგებულია ხელისუფლებასთან. ნუ ჩამომათვლევინებთ სახელებს, ვინმე არ გამომრჩეს”, - ამბობს ვალერი გელაშვილი ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთში ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ დეპუტატ გია თორთლაძესთანაც. ის კორესპონდენტს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გეგმებზე ესაუბრება და ამბობს: ”ისიც ვიცი, რომ რუსეთში წამსვლელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. არაა გამორიცხული, ეს ხალხი ერთ პრორუსულ კოალიციად ჩამოყალიბდეს. მაგრამ რუსეთი ერთ ან ორ ისეთ პარტიას ცალკე მაინც დაიტოვებს, რომლებსაც ამათთან არ გააიგივებს და მაშინ წამოსწევს, თუ ესენი ვერ გაამართლებენ. ძირითადი მოთამაშეები ჯერ არ გამოჩენილან”, - ამბობს თორთლაძე.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ტყიბულელების მიმართვა ქვეყნდება: ”მივმართავთ ყველას, უწინარესად, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტს, საპატრიარქოს, უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ოპოზიციურ პარტიებს, საქართველოს პრესას და ტელევიზიას, საქართველოში მცხოვრებ ქართველს თუ არაქართველს, გულისტკივილით, წუხილითა და აღშფოთებით იმის გამო, რაც ტყიბულსა და მის შემოგარენში ხდება”. მიმართვის ავტორები ტყიბულსა და მის შემოგარენში ტყის უკონტროლოდ ჭრის შესახებ წერენ და გამოთქვამენ შიშს, რომ გაჩეხილი ტყეების გამო წარმოქმნილი მეწყერი ”შახტებში ჩაიტანს ქალაქს. ამიტომაც, გიხმობთ! გთხოვთ! გადაგვარჩინეთ!!!”.

“”24 საათი” საქართველოს რაგბისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელ ტიმ ლეინთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”ყურადღებას ყოველთვის უახლოეს შეხვედრაზე ვამახვილებთ და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ძალიან პრინციპული, საინტერესო დაპირისპირება გველის, საქართველოს ნაკრების ყველა წევრი ახლა მხოლოდ რუმინეთზე ფიქრობს. მსოფლიო თასის საგზური მოვიპოვეთ და ბევრი ადამიანი გავახარეთ, მაგრამ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და გამოვასწოროთ თამაშის ხარისხი”, - ამბობს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ტიმ ლეინი. მასთან ინტერვიუს ”24 საათი” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG