Accessibility links

logo-print

დიტერ ბოდენი საქართველოში არაოფიციალურ ვიზიტს ასრულებს


საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით გერმანელი დიპლომატის, დიტერ ბოდენის თბილისში ვიზიტის “აქტუალური პუნქტი” ე.წ. ბოდენის დოკუმენტი არ ყოფილა.

სოხუმიდან თბილიში ჩამოსული გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს შეხვდა. ბოდენმა პარლამენტის თავმჯდომარეს სოხუმში ვიზიტის შთაბეჭდილებები გააცნო.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრამდე დიტერ ბოდენი პარლამენტის ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიასაც შეხვდა. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და მათი საუბრის დეტალები უცნობია.

დიტერ ბოდენი, როგორც პოდსტამის უნივერსიტეტის პროფესორი, აფხაზეთის მთავრობამ 10 მარტს მიიწვია სოხუმში სტუდენტებისთვის ლექციის წასაკითხად.

ბოდენი სოხუმში შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, მათ შორის - სერგეი ბაღაფშს. როგორც დიტერ ბოდენმა განაცხადა, კვლავ დაინტერესებულია აფხაზეთის თემით, თუმცა ამჯერად არანაირი ოფიციალურ მოლაპარაკებას მხარეებს შორის არ აწარმოებს და არაც ამის უფლებამოსილება აქვს.

დიტერ ბოდენმა განმარტა, რომ მომავალი კვირაში თბილისში, გერმანული ფონდის ბოშის დელეგაციასთან ერთად, ჩამოვა. იგი ვიზიტს გეგმავს ერევანსა და ბაქოშიც.

დიტერ ბოდენი 1999-2002 წლებში საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი და მისიის ხელმძღვანელი იყო. სწორედ მაშინ მან მოამზადა დოკუმენტი აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების შესახებ. გეგმის თანახმად, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებები საქართველოს ერთიან სახელმწიფოში უნდა გაიმიჯნოს.
XS
SM
MD
LG