Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საკომიტეტო განხილვა სამხედრო უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელსაც გარანტირებული აქვს დიდი ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა. წარდგენილი ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, სამხედრო-საჰაერო ძალები შეწყვეტს არსებობას, როგორც ცალკეული საჯარისო სახეობა, და სახმელეთო ჯარების რიგებში გადაინაცვლებს.


მთელი შეიარაღებული ძალების ხერხემალს საჯარისო სახეობების კლასიკური ტრიადა - სახმელეთო ჯარები, სამხედრო ფლოტი და სამხედრო ავიაცია - წარმოადგენს. მაგრამ საქართველო ამ კლასიკურ სქემას ანგრევს. მას სულ მალე ერთკომპონენტიანი შეიარაღებული ძალა ეყოლება, სახმელეთო ჯარების სახით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ხმელეთზეც და ჰაერზეც.

რაც შეეხება წყალს, ანუ საზღვაო აკვატორიის კონტროლს, სამხედრო საზღვაო ძალები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიყვანეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან და, მატროსიან-მიჩმანიან-კატარღებიანად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვას გადასცეს. თუმცა საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი სალომე მახარაძე ამბობს, რომ ამგვარი ოპტიმიზაცია სამხედრო ავიაციასაც და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასაც მხოლოდ სიკეთეს მოუტანს:

„ძირითადი ცვლილება ამაში არის ის, რომ ადრე ცალკე იყო სახმელეთო ძალები და ცალკე სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა. ამ შემთხვევაში კი ასეთი ფორმულირება გვაქვს: სახმელეთო ჯარების სამხედრო-საჰაერო ძალები. მთავარი მიზანი ამ საკანონმდებლო ცვლილებისა მდგომარეობს იმაში, რომ გაუმჯობესდეს ამ ორ დანაყოფს შორის, ანუ სახმელეთო ჯარებსა და სამხედრო-საჰაერო ძალებს შორის, თანამშრომლობა და ურთიერთობა უფრო დახვეწილი, უფრო მოქნილი იყოს, რათა ამით მართვა და კონტროლი უფრო ეფექტური გახდეს.“

ამასთან, თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ამ შერწყმით არ მოხდება სამუშაო ადგილების ან პირადი შემადგენლობის შემცირება. თუმცა სტრუქტურული ოპტიმიზაცია ზოგიერთი საშტატო თანამდებობის შერწყმასაც გულისხმობს.

სამხედრო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, სამხედრო-საჰაერო ძალებში 2971 ადამიანი ირიცხება. მთელი ეს შემადგენლობა ემსახურება როგორც საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, ასევე მფრინავ საშუალებებს, ავიაციას, რომლის საცავებში ამჟამად 40 ერთეულამდე საფრენი აპარატია - მათ შორის, „მი-24“ ტიპის შვეულმფრენი და „სუ-25“ ტიპის მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავები. სამხედრო ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, სამხედრო-საჰაერო ძალებს იმდენად განსხვავებული ფუნქციის შესრულება აკისრიათ, რომ სახმელეთო ჯარებში მათი გაერთიანებით, უწინარესად, სწორედ მართვა და უზრუნველყოფა გართულდება:

„ფაქტობრივად, ჩანს, რომ საქართველოს სამხედრო ავიაციის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან, თუკი იგი გადაეცემა სახმელეთო ჯარებს და თუკი შვეულმფრენები, რომელთა რაოდენობა ორ ათეულსაც არ აღემატება, გამოვა თითოეულ ბრიგადაზე 3-3 ან 4-4, ასეთი გადანაწილებით ცენტრალიზაცია დაიშლება. ამ შვეულმფრენებს დასჭირდებათ მომსახურება და ასეთი მომსახურება თითოეულ ბრიგადაში დიდ პრობლემებთან იქნება დაკავშირებული.“

რაც შეეხება სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ დამრტყმელ ძალას, „სუ -25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, მათი ბედი კიდევ უფრო გაურკვეველია. ასევე უცნობია, თუ რას უპირებს საქართველოს ხელისუფლება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ძალებს, რომლებიც სწორედ საჰაერო ძალების შემადგენლობაში შედის.

„თუ რა მოელით „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, ჯერ ძნელი სათქმელია. ხანდახან ჭორებიც ვრცელდება, რომ საქართველოს ხელისუფლება მათ გაყიდვას აპირებს. ასევე ძნელი სათქმელია, თუ რა ბედი ელის საჰაერო თავდაცვას, რომელიც დღეს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებშია. და თუკი იგი სახმელეთო ჯარების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვად გარდაიქმნა, მაშინ ვინ აიღებს თავის თავზე მსხვილი სტაციონარული ობიექტების, მათ შორის, თბილისის თავდაცვას?“

შეკითხვები უფრო ბევრია, ვიდრე პასუხები.

როგორც გაირკვა, ამჯერადაც კანონპროექტის ინიციატორ თავდაცვის სამინისტროს ამ ცვლილების თაობაზე წინასწარ საქმის კურსში არ ჩაუყენებია არც დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტები, არც სამხედრო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და არც ის პარლამენტარები, რომლებიც, ძირითადად, იზიარებენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს და მონაწილეობენ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ ფორმატში. მათ შორის არის ქრისტიან-დემოკრატი ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტარი, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ რადიკალურად უპირისპირდება წარდგენილ კანონპროექტს, რადგან ხელისუფლება ამით, ფაქტობრივად, ანადგურებს სამხედრო ავიაციას:

„წარმოუდგენელია და მე პირადად არ მესმის, თუ როგორ მოხდება საჰაერო ძალების მთელი ამ აქტივებისა და საფრენი აპარატების მართვა და კონტროლი. სრულიად გაუმართლებელი და ეკლექტური შერწყმაა. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმფრინავები, უბრალოდ, ჩამოვარდებიან. ამას ყველაფერს ვერ მოაგვარებს სახმელეთო ჯარების სარდლობა. მესმის,რომ შეერთებულ შტატებში არის დაახლოებით ანალოგია - სახმელეთო ჯარებს აქვს საავიაციო კომპონენტები. მაგრამ ეს მხოლოდ კომპონენტებია, ელემენტებია, თორემ იქ, რა თქმა უნდა, არსებობს ასევე საჰაერო ძალების სარდლობა.“

ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ აპირებს საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებასაც და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებასაც, რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის საზიანო საკანონმდებლო პროექტის კანონად ქცევას. თუმცა პარლამენტარი ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ მისი მცდელობა შედეგს გამოიღებს. საქმე ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროდან პარლამენტში ბევრი საკანანმდებლო ცვლილება შესულა, მაგრამ გაუნაღდებელი უკან, როგორც წესი, თითქმის არც ერთი არ დაბრუნებულა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG