Accessibility links

logo-print
ტელეკომპანია იმედმა 13 მარტს, 20:00 საათზე გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟი" გაუშვა ეთერში, რომელშიც საინფორმაციო გადაცემის "ქრონიკა" იმიტირებული გამოშვება უჩვენა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების დამონტაჟებული კადრების საფუძველზე "ქრონიკის" წამყვანი აცხადებდა, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ განხორციელდა ტერაქტი, საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ შექმნა სახალხო ხელისუფლება, რომელთა ლიდერებმაც რუსეთთან კავშირი დაამყარეს, აჯანყდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა კი საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცა. დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები.

იმიტირებული გადაცემის თანახმად მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია და თბილისში რუსეთის ჯარები შევიდა.

იმიტირებული "ქრონიკის" დასაწყისში და გადაცემის ბოლოს წამყვანმა ნათია კობერიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო სპეციალური რეპორტაჟი მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ. თავად გადაცემის მსვლელობისას არანაირი წარწერა ან ნიშანი არ მიუთითებდა იმაზე, რომ კადრები არქივიდან იყო, ხოლო მოვლენები - იმიტირებული.

გადაცემას მალევე მოჰყვა რეაქცია და სავალალო შედეგები. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ტელეკომპანია იმედის იმიტირებული "ქრონიკის" შემდეგ გარდაიცვალა ქალი, რომლის შვილიც ჯარში მსახურობს.

"სპეციალურ რეპორტაჟში" გასული ინფორმაციების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ გადაცემამ პრეზიდენტის გულისწყრომა დაიმსახურა და რომ მსგავსი გადაცემა მედია სტანდარტების დარღვევაა. მანჯგალაძის განცხადებით, გადაცემამ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. პრესსპიკერმა განაცხადა, რომ როდესაც მსგავსი გადაცემა კეთდება, ეთერში გასვლის დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამაფრთხილებელი წარწერა.

იმიტირებულ "ქრონიკაში" გასულმა ინფორმაციამ პანიკა გამოიწვია საქართველოს მოსახლეობაში. ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ახალგორისა და გორის მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ტყეებში გაიხიზნა. თბილისსა და ფოთში კი ბევრის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ ხვალ შეიკრიბება და ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტზე იმსჯელებენ.

ხვალვე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ გადაცემით აღშფოთებული მოქალაქეები, რომლებმაც ტელეკომპანია იმედთან პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყეს შეკრება.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ იმედის ეთერით გასული სიუჟეტი პროვოკაციად შეაფასა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე სიმშვიდეა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG