Accessibility links

logo-print
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია პოლიტიკოსობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით იწყებს. იგი ქრისტიან-დემოკრატების პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

რას დაკარგავს და რას მიიღებს საზოგადოება ან თავად ინგა გრიგოლია ამ გადაწყვეტილებით? იგი საჯაროდაც და მეგობრებთანაც ყოველთვის ერთსა და იმავეს ამბობდა: მას უყვარს ტელევიზია და არ აპირებს პოლიტიკოსობას, სანამ აქვს საშუალება, მაყურებლის წინაშე პოლიტიკური თოქშოუთი წარსდგეს.

ამიტომ პირველი, რაც ინგა გრიგოლიას გაპოლიტიკოსებამ დაადასტურა, ის არის, რომ ქართულ მედიასივრცეში აღარ არსებობს დამკვეთი, რომელიც ყველაზე ცნობილ ჟურნალისტს ამა თუ იმ ტელევიზიაში ეთერს დაუთმობს და მისთვის მისაღებ ხელფასსაც გადაუხდის. ინგა გრიგოლიას შემთხვევაში, ეს ორი საკითხი მჭიდროდ ებმის ერთმანეთს: დამკვეთის პოლიტიკური ნება – რომ ეთერში იყოს აზარტული, რეიტინგული თოქშოუ – და შესაბამისი ფინანსური რესურსი.

ინგა გრიგოლიას ხელფასი სხვა ქართველი ჟურნალისტების ხელფასს ბოლო წლებში მკვეთრად აღემატებოდა – ტელეკომპანია „იმედშიც“, „TBC TV“-შიც და საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. ხელფასი კი დაკავშირებული იყო მაყურებლების რაოდენობასთან და ამ მაყურებლების მიმართ არსებულ პოლიტიკურ ნებასთან. ამიტომ, რეალობის ზუსტად აღსაწერად უნდა ითქვას: დღეს ინგა გრიგოლიას, როგორც ჟურნალისტის, პრობლემაა არა სატელევიზიო ეთერი ან მაყურებელი, არამედ, სამი ტრადიციული ფაქტორის თანხვედრა: ეთერი, მაყურებელი და ხელფასი.

იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, თუ სად – რომელ ტელევიზიაში – რა და რა ფასად უნდა ეკეთებინა ინგა გრიგოლიას, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის ფული არ ენანებათ. მათთვის პრობლემა არ ყოფილა ჟურნალისტისთვის მაღალი ხელფასის გადახდა იმის შემდეგაც კი, რაც 2008 წლის 21 მაისის არჩევნების დასრულებისთანავე ინგა გრიგოლიას თოქშოუ ეთერიდან მოიხსნა (ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის საბაბით).

ასე რომ, თუ ჩვენი კოლეგა, რომლის გადაცემებს ყოველთვის ბევრი მაყურებელი ჰყავდა, დღეს პროფესიას იცვლის, ამის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა.

შესაბამისად, გამოდის, რომ თუ ხელისუფლებამ ინგა გრიგოლიას პოლიტიკისკენ უბიძგა, ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ადამიანი პოლიტიკიდან ნაკლებ ზიანს მიაყენებს, ვიდრე – მედიიდან. თავის მხრივ, თუ ჟურნალისტიკაში ინგა გრიგოლია ახერხებდა, რომ, ნებისმიერი შეთანხმების პირობებში, პროფესიული თამასა გარკვეულ დონეზე შეენარჩუნებინა, ახლა მას იგივე ამოცანა ახალ ველზე – პოლიტიკაში – აქვს გადასაჭრელი.

რა არის სირთულე? ზოგადად თუ ვისაუბრებთ, პოლიტიკოსს ჟურნალისტისგან ერთი არსებითი თვისება განასხვავებს. ჟურნალისტი მოწოდებით თავისუფლებისმოყვარე ადამიანია. იგი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას კეთილსინდისიერებას და ღირებულებებს ეყრდნობა. სიმართლის მსახურება ჟურნალისტის უმთავრესი საქმეა.

პოლიტიკოსი კი რაციონალური გათვლებით მოქმედებს. მიზანშეწონილობის პრინციპი მისი გადაწყვეტილებების მთავარი საყრდენია. პოლიტიკოსს აინტრესებს არა სიმართლე, არამედ – მიზნისკენ მიმავალი სწორი, მომგებიანი ნაბიჯები.

რამდენადაც ჟურნალისტი თავისუფალია და ეს თავისუფლება მისი პროფესიის არსია, იმდენად პოლიტიკოსი შებოჭილია პარტიული ვალდებულებებით და ძალაუფლებისკენ ლტოლვით. ეს ორი პროფესია სრულიად განსხვავებულ თვისებებს მოითხოვს ადამიანისგან და არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. შესაბამისად, კარგ ჟურნალისტს მძიმე შინაგანი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს იმისათვის, რომ კარგი პოლიტიკოსი გახდეს. პირველი და უმთავრესი დაბრკოლება თავისუფლების ნებაყოფლობით შეზღუდვაა.

რატომ შეიძლება ჟურნალისტი ასეთ მსხვერპლზე წავიდეს?

პირველი ახნა ის არის, რომ თუ ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ერთად, ქმნის ღირებულით ჩარჩოს, მაგრამ ვერ ცვლის რეალობას, მისთვის პოლიტიკაში მონაწილეობა მსხვერპლია, მაგრამ ქვეყნის გარდაქმნის უფრო მოკლე და ეფექტიანი გზაა.

მეორე ახსნაც არსებობს: თუ ჟურნალისტი, რაგინდ რეიტინგული, საერთოდ არ მონაწილეობს ღირებულებების ღერძის შექმნაში და თავისუფლების შეზღუდვასაც მიჩვეულია, ცხადია, მისთვის პოლიტიკოსობა ისეთივე პროფესიაა, როგორიც ჟურნალისტობა.

ასე რომ, ინგა გრიგოლია დიდი გამოწვევის პირისპირ დგას: მან, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა შექმნას არა მხოლოდ საკუთარი მომავალი, არამედ, საკუთარი წარსულიც. მან პოლიტიკური საქმიანობის შინაარსით საზოგადოებას თავისივე ჟურნალისტური საქმიანობის შინაარსიც უნდა განუმარტოს და აჩვენოს, რამდენად გულწრფელი იყო მაშინ, როდესაც, წლების განმავლობაში, თითოეული ჩვენგანის ცნობიერებას უპრეცედენტოდ ძვირად ღირებული საინფორმაციო ნაკადით მუხტავდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG