Accessibility links

logo-print

იმიტირებულმა ”ქრონიკამ” რუსული ბაზები საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანა


რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალში

რუსეთის სამხედრო ბაზა ცხინვალში

ოსური მხარე ქართულ მხარეს დე ფაქტო რესპუბლიკის ეგრეთწოდებული საზღვრისკენ სამხედრო კოლონების გადაადგილებაში ადანაშაულებს. კოკოითის სპეციალური წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, სამხედრო კოლონა გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მიმართულებით მოძრაობდა. მისი აზრით, ევროპული სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ქართული არმიისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილებას მალავენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ახალ პროვოკაციას გეგმავს.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე გორის რაიონის სოფელ ნიქოზის მიმართულებით სროლაც იყო. 13 მარტს კი ტელეკომპანია ”იმედის” ეთერით გასული ”მოდელირებული ქრონიკის” გასვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგორის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსული ჯარი განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა.

ქართული მხარე ახალი პროვოკაციის მზადებაში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ დაადანაშაულა და ევროპელი დამკვირვებლების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. მისი თქმით, ქართული საჯარისო კოლონები იგივე მიმართულებით გადაადგილდებიან, როგორითაც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების დროს.

ოსური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მორიგი დეზინფორმაცია უწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. მისი თქმით, ეგრეთწოდებულ სასაზღვრო რაიონში თავდაცვის სამინისტროს შენაერთები არ იმყოფებიან. მან დაადასტურა, რომ ტელეკომპანია იმედის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ ახალგორის ტერიტორიაზე რუსული ჯარის გააქტიურება შეინიშნებოდა, თუმცა ამჟამად იქაც სტაბილური ვითარებაა.

საქართველოს ტერიტორიაზე ქართული არმიის გადაადგილებას, გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ევროპული სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს.

3 დღის წინ ცენტრალური ავტომაგისტრალიდან გორში სამხედრო სატვირთო მანქანების კოლონა მართლაც შევიდა, მაგრამ ის ქალაქში არსებულ სამხედრო ბაზაზე დარჩა. მანქანებისა და მძიმე ტექნიკის კოლონების გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით ქართული სოფლების მოსახლეობას არ შეუმჩნევია.
XS
SM
MD
LG