Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: მე პრეზიდენტის ბრძანებით უმიზეზოდ გამათავისუფლეს


მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში
მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში
14 მარტს, საღამოს, უფლებამოსილების ვადა ერთი წლით ადრე შეუწყდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს მაია ფანჯიკიძეს. პროფესიონალი ელჩი, რომელიც დიპლომატიურ სარბიელზე 16 წლის განმავლობაში მოღვაწეობს, თანამდებობიდან პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიასთან (მაია ფანჯიკიძე ალასანიას ცოლისდაა) ნათესაობაა, ხოლო საბაბი - ჰოლანდიაში ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნისა და მისი მეუღლის ამასწინანდელი დაპატიმრება.

მაია ფანჯიკიძე: ოფიციალური მიზეზი იმისა, თუ რატომ შემიწყდა ერთი წლით ადრე უფლებამოსილება, ჩემთვის უცნობია, იმიტომ რომ არც ერთ განკარგულებაში, რომელიც მომივიდა, ასეთი მიზეზი არ წერია. ხოლო არაოფიციალურად მითხრეს, რომ ამის მიზეზი ის არის, რომ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, თავის მეუღლესთან ერთად, ორი თვის წინ იმყოფებოდა ჰოლანდიაში. იგი დააკავეს მაღაზიაში - უსაფუძვლოდ, უნდა აღინიშნოს. საელჩომ ამის შესახებ როდესაც გაიგო, იმწუთასვე დაიწყო ყველა ის პროცედურა, რომელიც ამ დროს არის ხოლმე საჭირო. მაგრამ ამ მაღალი თანამდებობის პირს საელჩოს მიერ გამოჩენილი ყურადღება არ ეყო და, შესაბამისად, დაიჩივლა, რომ მას საელჩომ ყურადღება არ მიაქცია ისეთი, როგორსაც ის მოელოდა.“

რადიო თავისუფლება: მესმის, რომ ეთიკა არ გაძლევთ უფლებას დაასახელოთ ამ[დაკავებული]ადამიანების ვინაობა. მაგრამ იქნებ იმათი გვარები მაინც გვითხრათ, ვინც თქვენ გათავისუფლებას მოაწერა ხელი?

მაია ფანჯიკიძე: ჩემი გათავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, რასაკვირველია, რადგან პრეზიდენტია სახელმწიფოში ის პირი, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს. და სწორედ მის ბრძანებულებაში არ წერია არანაირი მიზეზი ამისა. ამას მოჰყვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრძანება [ჩემი] გამოწვევის შესახებ, რომელშიც ასევე მიზეზი არ წერია. ამ ბრძანებას ხელს აწერს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კალანდაძე და არა თავად მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. მე მქონდა ბატონ გრიგოლთან ლაპარაკის საშუალება. იგი ერთი კვირის წინ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნიდერლანდების სამეფოში. და მან დამიდასტურა, რომ ერთადერთი მიზეზი, რომელიც მისთვის არის ცნობილი, არის სწორედ ეს, რომ იმ მაღალი თანამდებობის პირმა [და ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ მე არ მთხოვთ მისი ვინაობის დასახელებას] გამოთქვა უკმაყოფილება საელჩოს მუშაობის გამო. ამიტომ ჩემთვის ეს მიზეზი არის მიუღებელი.

რადიო თავისუფლება: ხომ არ არის თქვენი გათავისუფლების მიზეზი ის, რომ თქვენი ახლო ნათესავია ირაკლი ალასანია - პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლების აქტიური ოპონენტია?

მაია ფანჯიკიძე: მე ვფიქრობ, რომ მიზეზი სწორედ ეს არის!

რადიო თავისუფლება: რა გაძლევთ ამის თქმის უფლებას? და თუკი ასე ფიქრობდით, იქნებ ჯობდა თქვენით წასულიყავით, ვიდრე ხელისუფლებას გაეთავისუფლებინეთ, თუნდაც, როგორც თქვენ ამბობთ, მიზეზის დაუსახელებლად?

მაია ფანჯიკიძე: იცით, მე ვცდილობდი, რომ ვყოფილიყავი საქართველოს ელჩი და არა მხოლოდ კონკრეტული მთავრობის ელჩი. და წარმომედგინა ამ ქვეყანაში ყველა, ვინც ცხოვრობს - ქართველი თუ არაქართველი, ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსი ჩემთვის არის სრულიად მისაღები. მე პრობლემა არ მაქვს არც ნატოში ინტეგრაციის, არც ევროკავშირთან ინტეგრაციის, არც იმის, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი და რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. ეს არის თემები, რომლებზეც მე ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე ყველგან შემეძლო დამეცვა საქართველოს პოზიცია და, თუ გნებავთ, მთავრობის პოზიცია.

და კიდევ ერთი რამეა. მართალი გითხრათ, მაინტერესებდა კიდეც, რამდენად ეყოფოდა საქართველოს ხელისუფლებას და იმ ხალხს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, გინდაც ტაქტი, გინდაც დემოკრატიული აზროვნება და არ ვიცი კიდევ რა დავარქვა, რომ მოეთმინათ ის, რომ მე ვყოფილიყავი საქართველოს წარმომადგენელი ამ ქვეყანაში.

რადიო თავისუფლება: თქვენ უკვე ხელისუფლების ოპონენტი ხდებით? თქვენ ოპოზიციაში წახვალთ?

მაია ფანჯიკიძე: მე ძალიან გარკვეულად ვხედავ ზღვარს დიპლომატიასა და ხელისუფლებას შორის. სანამ დიპლომატიაში მოვიდოდი, ვიყავი მასწავლებელი, ვასწავლიდი უნივერსიტეტში და ვასწავლიდი გერმანულ სკოლაში გერმანულ ენას და ლიტერატურას. ახლა იმის თქმა, რომ რაიმე არასოდეს არ მოხდება, არ შეიძლება. მაგრამ ამ ეტაპზე მე პოლიტიკოსობას - ოპოზიციონერობა იქნება ეს თუ რაიმე სხვა სახის პოლიტიკოსობა - არ ვაპირებ. ვაპირებ დავუბრუნდე ჩემს ძველ პროფესიას. და რადგანაც გადაწყვეტილი მაქვს, ვიცხოვრო მცხეთაში, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მივიდე მცხეთის რომელიმე სკოლაში და შევთავაზო ჩემი თავი, როგორც გერმანულის მასწავლებელი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG