Accessibility links

logo-print
რატომ დასცა თავზარი ტელეკომპანია ”იმედმა” საზოგადოებას, რა ვირტუალური თამაშის უნებლიე მონაწილე გახდა რიგითი მაყურებელი, რატომ დაწერა ასეთი სასტიკი სცენარი ე.წ. მოდელირებული ქრონიკის ავტორმა, სცენარი, რომელმაც მოსახლეობის პანიკა და ჯანმრთელობის შერყევა გამოიწვია, რატომ გადაიხაზა წითლად “იმედის” ლოგო სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმზე? - კოლეგები კოლეგების ნამუშევარს აფასებენ.

მაყურებელს ახალი ამბებისათვის განკუთვნილ დროს შესთავაზეს ფარსი და არა, უბრალოდ, უმტკივნეულო ფარსი, არამედ სიცრუე, რომელმაც ბევრი მათგანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა, - აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ავტორი და წამყვანი გადაცემისა ”დიალოგი დავით პაიჭაძესთან”:

”კი ბატონო, ვთქვათ ამზადებ ამგვარ გადაცემას, მაშინ კეთილი უნდა ინებო და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პერმანენტულად მიაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია, რომ ეს დადგმული და იმიტირებული შოუ იქნება და არა ნამდვილი საინფორმაციო გამოშვება. ის, რომ პირდაპირ გადაასხა თავზე ხალხს ცივი წყალი, ეს არაფრით არ შეიძლება, ეს არც კრეატიულობაა და არც პროფესიონალიზმი.”

„ამ ფილმზე ძნელია ვისაუბროთ რაიმე ჟურნალისტური სტანდარტებით ან რაიმე ეთიკური ნორმებით. ეს იყო კლასიკური პროპაგანდისტული ფილმი“, -აცხადებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. მისი თქმით, ეს იყო ფილმი, რომელიც ემსახურებოდა კონკრეტულ მიზნებს და, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერესის საგანი იყო საზოგადოების განწყობების მოსინჯვა და შოკის ეფექტის გამოწვევა:

”არ შეიძლება ეს ფილმი განვიხილოთ მედიის კონტექსტში. ეს არხიც აღარ უნდა განვიხილოთ როგორც მედია. ყოველთვის იყო ეჭვები, რომ ტელეკომპანია ”იმედი” ხელისუფლების მხრიდან ფინანსდებოდა, მაგრამ ახლა სრულიად ცხადია, რომ ეს არხი არის სრულიად პროპაგანდისტული”, - ამბობს ზვიად ქორიძე.

ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერით 13 მარტს გასული ე.წ. მოდელირებული ქრონიკა მხოლოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა არ არის და ის, შესაძლოა, კვალიფიცირდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. თუმცა, მისივე თქმით, ის არ მიეკუთვნება იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის შეცვლას მოითხოვენ, მას ამ მიმართულებით სხვაგვარი მოსაზრება აქვს:

”ეს არ იყო ჟურნალისტური პროდუქტი, ეს იყო იმიტაცია და მძაფრი ფორმით გაგრძელება იმ საინფორმაციო პოლიტიკისა, რაც ”იმედში” არსებობს. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებისა და ჟურნალისტების ჯგუფს, რომლებიც გიორგი არველაძის, ეკა წამალაშვილისა და ნათია კობერიძის სამსახურიდან გათავისუფლებას და მათ სამაგალითო დასჯას მოითხოვენ, რადგან მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს რეალურად არაფერს არ შეცვლის, თუ არ შეიცვალა საინფორმაციო პოლიტიკა.“

15 მარტს საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის საბჭოს განცხადება ტელეკომპანია „იმედის” ეთერით რუსული ინტერვენციის მოდელირებული საინფორმაციო გამოშვების შესახებ, სადაც საბჭოს წევრები ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხზე მიუთითებენ. როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თოქ-შოუს წამყვანმა ნათია კობერიძემ, რომელიც, იმავდროულად, ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსის ხელმომწერიცაა, უხეშად დაარღვია პროფესიული ნორმები.

ასევე საინფორმაციო სააგენტოების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მედიასაბჭო ნათია კობერიძის საბჭოდან გარიცხვას გეგმავდა. რადიო თავისუფლება საბჭოს ხელმძღვანელს, გაზეთ ”ბათუმელების” მთავარ რედაქტორ ეთერ თურაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია თოქ-შოუს წამყვანის გარიცხვის შესახებ მცდარია: ”ეს იყო ეთიკის ქარტიის პირველი პუნქტის დარღვევა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს”, აცხადებს ეთერ თურაძე.

"ჯორჯიან იმედი პროდაქშენ გრუპის” ხელმძღვანელი გიორგი არველაძე აცხადებს, რომ “ტელეიმედის” ეთერში გასული “მოდელირებული ქრონიკის” მიზანი საზოგადოების დაშინება არ ყოფილა. მისი განცხადებით, “იმედის” ხელმძღვანელობა აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც აღნიშნულმა გადაცემამ გამოიწვია და საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მისი თქმით, თითის გაშვერას არავისკენ აპირებს და მომხდარზე პასუხისმგებლობას თავად იღებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG