Accessibility links

logo-print
დღევანდელი ვრცელი პრესა თითქმის მთლიანად ეგრეთ წოდებულ „მოდელირებულ ქრონიკას“ ეძღვნება. ჯერ ამასთან დაკავშირებულ რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ. ”24 საათში” დღეს ნოდარ ლადარიას სტატიას წაიკითხავთ, სათაურით „რომი და ბატები“. ავტორი წერს: „დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა არ არის ჩემი საქმე. მე შიში უფრო მაღელვებს - შიში და კაპიტულანტიზმი, რომელიც ხან მშვიდობისმოყვარეობისა და მემარცხენე იდეალიზმის სახეს იღებს, ხან უშუალო კოლაბორაციონიზმში ვლინდება, ხან მომავლის მეგაპროექტებზე საუბარში ეძებს ნუგეშს, ხან კი ჯგუფური პანიკისა და მასთან დაკავშირებული მითოშემოქმედების ქრესტომათიულ მაგალითებში გადაიზრდება. ამ შიშის დაოკებაა საჭირო არა მისი დაშოშმინებით, არამედ მისი ველური ენერგიის გონიერი გამოყენებით.”

დამნაშავის გამოვლენასა და დასჯაზე აქცენტს სხვა გაზეთები აკეთებდნენ. ამის, უბრალოდ, სათაურების ჩამოთვლაც საკმარისია. ”კვირის ქრონიკა”: რა პასუხისმგებლობა დაეკისრება ‘იმედს’ ”; ”ახალი თაობა”: „ბურჯანაძე „იმედსა“ და ხელისუფლებას უჩივის“...

დანარჩენი სტატიების სულისკვეთებას ყველაზე კარგად, ალბათ, ”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტომონტაჟი ასახავს: ტელევიზორს გარშემო გაღიმებული სააკაშვილი, უგულავა და არველაძე უდგანან. ტელევიზორში კი ზვიგენის ხახაში მოქცეული ხალხი ჩანს. ”შეუარცხყოფის ”იმედიანი ტრიუმფი” პირდაპირ ეთერში” - ასეთია სტატიის ქვესათაური. სათაურია: ”ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხნო”.

დღეს ერთადერთი გაზეთი, რომლის პირველ გვერდზეც „იმედის“ გადაცემას ცოტა ადგილი ეკავა, „ვერსია“ გახლდათ. აქ უფრო მეტს „ალიანსი საქართველოსთვის“ გარშემო ლაპარაკობდნენ. გაზეთის რედაქტორი „ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ აბაშიძეს, გაესაუბრა და მასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სათაურით „არის თუ არა „ალიანსის“ რუხი კარდინალი და რატომ ვერ გარიცხავენ პარტიიდან ზურაბ აბაშიძეს“. ”ჩემი და „უცნობის“ ცოლები ნათესავები არიან, პეტრე მამრაძეც ჩემი ხელმძღვანელი იყო, მაგრამ ამას გაჩეჩილაძესთან მოლაპარაკებებთან კავშირი არა აქვსო”, - უთხრა „ვერსიას“ ზურაბ აბაშიძემ.

აქვე წაიკითხავთ ინტერვიუს ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძესთან, რომელიც „ალიანსის“ ბრალდებებს პასუხობს და საკუთარ ბრალდებებსაც აყენებს: ”იეღოველი სოზარ სუბარი ჭკუას არ უნდა მარიგებდეს. წლების განმავლობაში თავის ოფისში მართლა ინდაურივით იყო გაბუსხული და დღეს მე მიკითხავს ნოტაციებს. ეს ძალები ჩასარეცხად იყვნენ გამზადებულნი და გიორგი თარგამაძემ და ინგა გრიგოლიამ შეუნარჩუნეს პოლიტიკას, რაც, ვფიქრობ, მათი დიდი შეცდომაა. კონკურენცია არ ნიშნავს იმას, რომ ზღვარს უნდა გადახვიდე”, - უთხრა ლევან ვეფხვაძემ ”ვერსიას”.
XS
SM
MD
LG