Accessibility links

logo-print

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ამძაფრებს "იმედის" გარშემო სკანდალს


ინტერნეტით გავრცელდა სატელეფონო ჩანაწერი ვინმე „გიორგის“, საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, სავარაუდოდ გიორგი არველაძესა ("იმედის" გენერალურ დირექტორსა) და მის მოადგილე ეკა წამალაშვილს შორის. საუბარი, ისევ შინაარსიდან გამომდინარე, „იმედის“ მოდელირებული რეპორტაჟის ეთერში გასვლამდეა ჩაწერილი. მასში „გიორგი“ აცხადებს, რომ მოდელირებული პროგრამის დაწყებამდე, წინასწარ „დეტალურად არ უნდა ითქვას, რომ პროგრამა ყალბია“. საპასუხოდ ეკა წამალაშვილი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ რეპორტაჟმა შესაძლოა პანიკა გამოიწვიოს, გარდა ამისა, დასძენს წამალაშვილი, მკაფიო გაფრთხილების გარეშე, რომ საქმე მოდელირებას ეხება, ის მიმართული იქნება „მაუწყებლობის ქცევის კოდექსის“ წინააღმდეგ. ამის შემდეგ „გიორგი“ მიანიშნებს, რომ "მიშას" სურს, პროგრამა მოდელირებაზე აშკარა მინიშნების გარეშე დაიწყოს. "გიორგის" თქმით, მას წინა დღეს ელაპარაკებოდა „მიშა“, რომელმაც იკითხა: პროგრამა „ხომ ისე გავა, როგორც ჩვეულებრივი ქრონიკა?“ როცა „გიორგის“ უთქვამს, რომ წინასწარ იტყოდნენ - მოდელირებული ქრონიკა მოვამზადეთო, „მიშას“ მიუგია: „აუ, ეს არა თქვათ, მთელ მუღამს დაუკარგავს!“ მოგვიანებით არველაძე აცხადებს, რომ რეპორტაჟს არ უნდა ახლდეს წარწერები (როგორც ჩანს, იგულისხმება მითითება, რომ სიუჟეტი ინსცენირებულია და რეალობას არ ასახავს - რ.თ.). მისი მოადგილე ამ გადაწყვეტილებასაც ეწინააღმდეგება.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, არველაძემ დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ ტექსტები, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა ამოკრიფეს მისი სხვადასხვა საუბრის ჩანაწერებიდან. „ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ფაბრიკაციას შეადგენს. ჩემი სხვადასხვა საუბრებიდან ამოკრეფილი ფრაზებია. ასე შეიძლება, დალაი ლამასთან, ან რომის პაპთან ჩემი საუბარი გაკეთდეს“, განაცხადა არველაძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.



XS
SM
MD
LG