Accessibility links

logo-print

პუტინის პარტიამ მორიგ რეგიონულ არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა ნაკლები უპირატესობით


პარტია „ერთიანი რუსეთი“, რომელსაც სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი, დადებითად აფასებს კვირას გამართული რეგიონული არჩევნების შედეგებს. მართლაც, პარტიას ხმების უმრავლესობა ერგო რუსეთის 83 ფედერალური სუბიექტიდან 76-ში გამართული რეგიონული და ადგილობრივი არჩევნების შედეგად. თუმცა, პროცენტული მაჩვენებლების თვალსაზრისით, უკუსვლა აშკარაა - წინასწარი შედეგებით.

თუ შარშან, ოქტომბერში, მმართველ პარტიას 50 პროცენტზე მეტი ერგო ყველა რეგიონში, რომელშიც რეგიონული მასშტაბით არჩევნები ჩატარდა, ამჯერად ამ შედეგს მან რვიდან მარტო ოთხ რეგიონში მიაღწია. მაგალითად, სვერდლოვსკის ოლქში „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 42 პროცენტი მოაგროვა, ალტაის მხარეში - 43 პროცენტი. ამას გარდა, პარტია ორი ქალაქის, მათ შორის ირკუტსკის მერის არჩევნებში დამარცხდა. (კომუნისტური პარტიის კანდიდატ ვიქტორ კონდრაშოვს 62 პროცენტი ერგო, მის მეტოქეს, „ერთიანი რუსეთის“ წევრ სერგეი სრებრენნიკოვს სულ 27 პროცენტი.)

რუსეთის რვავე რეგიონში, სადაც ადგილობრივი პარლამენტები აირჩიეს, ამ პარლამენტებში შევა ოთხი, ასე ვთქვათ, ოფიციალური პარტია, წარმოდგენილი სახელმწიფო სათათბიროში: „ერთიანი რუსეთი“, „სამართლიანი რუსეთი“, კომუნისტური პარტია და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია. კვირის არჩევნების შედეგად, კომუნისტებს რეგიონების უმრავლესობაში ხმების 20-მდე პროცენტი ერგოთ, ლიბერალ-დემოკრატებსა და სამართლიან რუსეთს - დაახლოებით 15-15 პროცენტი.

რაც შეეხება თვით არჩევნების პროცესს, დამოუკიდებელი მეთვალყურეები მწვავედ აკრიტიკებენ მმართველ პარტიას - სხვადასახვა მიზეზით, მათ შორის, საარჩევნო კამპანიის განსაკუთრებული აგრესიულობის გამო, რაც მეთვალყურეების განმარტებით, არჩევნებიდან სხვა კანდიდატების მოხსნის არაერთი მოთხოვნით მჟღავნდებოდა. იყო სხვა დარღვევებიც. დამოუკიდებელ ორგანიზაცია „გოლოსის“ დირექტორის მოადგილე, ლილია შიბანოვა ყურადღებას ამახვილებს მუნიციპალურ არჩევნებზე ეკატერინგბურგში, სადაც, მისი თქმით, მასობრივი დარღვევები იყო. „ხშირი იყო ამომრჩევლების ავტობუსებით გადაყვანის შემთხვევები“, ამბობს შიბანოვა: „საარჩევნო უბნები გახსნილი იყო სავაჭრო ცენტრებში, სადაც არჩევნებთან ერთად მიმდინარეობდა ამავე სავაჭრო ცენტრების აქციები - საჩუქრების დარიგება. და ამ ყველაფერს ძალიან აქტიურად იყენებდნენ.“

შიბანოვა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შემცირდა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების რიცხვი. მაგალითად, „იაბლოკო“ (დემოკრატიზაციის მომხრე ოპოზიციური პარტია) არჩევნებიდან დისკვალიფიცირებულად გამოცხადდა სვერდლოვსკის და კალუგის ოლქებში, იკლებს არჩევნების მეთვალყურეების რაოდენობაც.

„თუ წინათ ადგილობრივ არჩევნებზე ყოველთვის იყო ათამდე, 12-მდე მეთვალყურე, ახლა კარგ ამბად მიგვაჩნია, თუ საარჩევნო უბანში თუნდაც სამი მეთვალყურე იმყოფება. ანუ, ზოგადი სურათი ისეთია, რომ საზოგადოების მხრიდან მეთვალყურეობა სუსტდება, ისევე როგორც სუსტდება პოლიტიკური კონკურენცია,“ - ამბობს დამოუკიდებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი.

რეგიონულ არჩევნებში ელექტორატის 42-მდე პროცენტი მონაწილეობდა. საქმე ეხება ბოლო ფართომასშტაბიან კენჭისყრას, რომელიც წინ უსწრებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს მომავალი წლის დეკემბერში.

საყურადღებოა ისიც, რომ რუსეთში სულ უფრო ხშირად ტარდება მთავრობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები, რასაც, პირველ რიგში, ეკონომიკური მიზეზები აქვს - ბინის ქირის, კომუნალური გადასახადებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება.
XS
SM
MD
LG