Accessibility links

logo-print
ორშაბათი 8 მარტი გახლდათ, ქალთა საერთაშორისო დღე და, ბუნებრივია, ბევრი ღონისძიება სწორედ ქალებს ეძღვნებოდა. თუმცა ამ დღეს დამთხვეული ერთი ღონისძიება სადღესასწაულო სულაც არ ყოფილა. ორმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა” და ”კავკასიის ქალთა ქსელმა” - აქცია-ბრიფინგი ჩაატარა, რითაც ეს ორგანიზაციები გამოეხმაურნენ ქალს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წინააღმდეგ სარჩელის შეტანა გადაწყვიტა - საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ მან არ მიიღო უსაფრთხოების ზომები, რომ მოსახლეობა გაეყვანა სახიფათო ადგილებიდან, რუსეთი კი იმ დროს ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებდა და მისი ვალდებულება იყო, დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდობიანი მოსახლეობა ძალადობისაგან. ”ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” ხელმძღვანელი, ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომელიც ამ გორელი ქალის უფლებებს სტრასბურგში დაიცავს, ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა სიჩუმეს ბრძოლა ამჯობინა.

9 მარტს, კავკასიური ტურნეს ფარგლებში, თბილისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრა, პრეზიდენტ ჟოაო სოარეშის ხელმძღვანელობით. კავკასიური ტურნეს მთავარი მიზანი რეგიონში არსებული ”გაყინული კონფლიქტების” მშვიდობიან დარეგულირებას უკავშირდებოდა. ეუთო საქართველოში უნდა დაბრუნდეს, - თქვა ჟოაო სოარეშმა და იმაზეც ილაპარაკა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამისათვის:

ამავე დღეს ნიუ-იორკში ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც ითვალისწინებს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარებას საქართველოსა და პარაგვაის რესპუბლიკას შორის. პარაგვაი მე-9 სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ ოფიციალური დიპლომატიური კავშირი 2010 წელს დაამყარა. წინა რვა ბოტსვანა, კაბო-ვერდე, ლიბერია, ბრუნეი, მარშალის კუნძულები, დომინიკელთა რესპუბლიკა, სენტ-ლუსია და პერუ გახლდათ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობის კვლევის ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა, თუმცა შეცდომა უწოდა იმ ფაქტს, რომ აქამდე ათეულობით ქვეყანა იყო დატოვებული საქართველოს დიპლომატიური კავშირების მიღმა, ამავე დროს, შენიშნა, რომ ამ შეცდომას, რომლის გამოსწორებასაც საქართველოს ხელისუფლება ახლა ცდილობს, შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს.
10 მარტს საქართველოს პარლამენტმა ანტიმონოპოლიური რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო - დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. მეორე ეტაპზე უკვე კონკრეტულად განისაზღვრება ანტიმონოპოლიური უწყების უფლება-მოვალეობები. მთავრობა დიდხანს თავს იკავებდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან, რადგან, მათ მიერ არჩეული ლიბერალური ეკონომიკის კურსის თანახმად, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნა აუცილებელი არ იყო. თუმცა, როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გიორგი ხუროშვილმა განმარტა, ასეთი სამსახურის არარსებობა ხელს უშლიდა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ყოვლისმომცველი შეთანხმების მომზადებას.

11 მარტს თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი. მან დღის განმავლობაში რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გამართა - ქართველ კოლეგა ნიკა გილაურთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, ქართული ოპოზიციის ლიდერებთან და, დღის ბოლოს, საქართველოს პრეზიდენტთან. ყველა შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, თუმცა დღის ბოლოს პრეზიდენტის რეზიდენციაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკს ფეხბურთში ეროვნული ნაკრების 12 ნომრიანი მაისური გადასცა, ნიშნად იმისა, რომ, პოლიტიკური თვალსაზრისით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ნაკრების აქტიური, მეთორმეტე მოთამაშეა. თავად „მეთორმეტე მოთამაშემ“ კი აღნიშნა, რომ პოლონეთი ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მათ, ვინც დემოკრატიის განვითარებისთვის იბრძვის.

დონალდ ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია უახლოეს მომავალში შეიქმნას კონკრეტულად გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვითაც, საქართველო და პოლონეთი ვიზების გამარტივების საკითხზე იმუშავებენ. მისივე განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისსა და ვარშავას შორის რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყება.

შაბათ საღამოს კი ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" ეთერში გაშვებას საქართველოში პანიკა მოჰყვა. ამ რეპორტაჟში ბოლო ორი წლის განმავლობაში მომხდარი ფაქტების ამსახველი კადრები იყო დამონტაჟებული, იმიტირებული "ქრონიკის" წამყვანი კი მაყურებელს აუწყებდა, სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა, საქართველოში არსებულმა ოპოზიციამ სახალხო ხელისუფლება შექმნა, ოპოზიციის ლიდერებმა რუსეთთან კავშირი დაამყარეს, აჯანყდნენ, რუსეთის პრეზიდენტმა კი საქართველოს სრული ანექსიის ბრძანება გასცაო. დაიბომბა აეროპორტები და საზღვაო პორტები, -განაგრძობდა რეპორტიორი, - მოხდა საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაცია და თბილისში რუსეთის ჯარები შემოვიდაო.

იმიტირებული "ქრონიკის" დასაწყისში და გადაცემის ბოლოს წამყვანმა ნათია კობერიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო სპეციალური რეპორტაჟი მოვლენათა შესაძლო განვითარების შესახებ. თავად გადაცემის მსვლელობისას არანაირი წარწერა ან ნიშანი არ მიუთითებდა იმაზე, რომ კადრები არქივიდან იყო, ხოლო მოვლენები - იმიტირებული. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ახალგორისა და გორის მოსახლეობის ნაწილმა სახლები დატოვა და ტყეებში გაიხიზნა. თბილისსა და ფოთში კი ბევრის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები მნიშვნელოვნად გაიზარდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა ქალი, რომლის შვილიც ჯარში მსახურობს.

გადაცემას შაბათ საღამოს და კვირა დილით უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ყველას, უბრალოდ, ვერ ჩამოვთვლით. მათი სრული უმეტესობა უკიდურესად კრიტიკული იყო ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაგმო ‘’მოდელირებული ქრონიკა’’ და ხელისუფლებას ურჩია, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ მოვლენებს. ‘’არ შეიძლება უკონტროლო იყოს ესა თუ ის არხი და ასეთ უმსგავსობებს გადასცემდეს’’, - თქვა ილია მეორემ დღეს, სამების საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას. რაც შეეხება პრეზიდენტ სააკაშვილის გამოხმაურებას, კომენტარი ჯერ მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა გადაცემის დასრულებიდან ცოტა ხნის შემდეგვე, ხოლო კვირას, ბოლნისის რაიონში სტუმრობისას, თავად სააკაშვილმა.

კომენტარი გაავრცელა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემაც. მან ის სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ გვერდზე გამოაქვეყნა. ”თუ რამეზე დაფიქრება გინდათ, იმაზე დაფიქრდით, 1920 წლის ბოლოს საქართველოში რომ ყოფილიყო ტელევიზია და გაეშვა იმიტაცია ზუსტად იმისი, რაც 1921 წლის თებერვალში მოხდა, ხომ შეიძლება, რომ უფრო მეტ ქართველს სხვანაირად შეეხედა საფრთხეებისთვის და უფრო მაგრა დავხვედროდით მტერს, ხომ შეიძლება მინიმუმ შულავერის კომიტეტის შექმნა მაინც არ დაგვეშვა”, – განაცხადა არველაძემ.
XS
SM
MD
LG