Accessibility links

logo-print

ტელეკომპანია ”იმედს” ხელახალი მობოდიშება დაევალა


ტელეკომპანია ”იმედი”

ტელეკომპანია ”იმედი”

15 მარტს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საგანგებო სხდომაზე ტელეკომპანია ”იმედის” საკითხს განიხილავდნენ. იმ აჟიოტაჟის გათვალისწინებით, რაც გადაცემა ”სპეციალურ რეპორტაჟში” შაბათს გადაცემულმა ე.წ.-მა ”მოდელირებულმა ქრონიკამ” გამოიწვია, ბევრი მოელოდა, რომ ტელეიმედს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში, ფულად ჯარიმას მაინც დააკისრებდა, მაგრამ, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ”იმედს” პრაქტიკულად მხოლოდ ბოდიშის მოხდა დაევალა, რაც არაადეკვატურ სასჯელად ფასდება.

გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 4 ხმით დაამტკიცა, 15 მარტის სხდომაზე სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა წაიკითხა:

”მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის, ქცევის კოდექსის მე-13 მუხლის დარღვევის გამო, შპს ტელეიმედს დაევალა დეკლარაციის გამოქვეყნება. შპს ტელეიმედმა, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის პირობებისა და მაუწყებლობის ქცევის კოდექსის დარღვევისა და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი პროგრამის გადაცემის გამო, ბოდიში უნდა მოუხადოს მაყურებელს და, ამავდროულად, გამოთქვას მზადყოფნა მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში განიხილოს მოქალაქეთა ინდივიდუალური საჩივრები. ”

ეს არის მხოლოდ ერთი ფრაგმენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, თუმცა შთაბეჭდილებას ვერც ტექსტის სრული ვერსიის გაცნობა ცვლის. ფაქტია, რომ კომისიამ „იმედის“ წინააღმდეგ ჯარიმაც კი არ დააწესა, რომ აღარაფერი ვთქვათ ლიცენზიის შეჩერებასა ან ჩამორთმევაზე, რასაც კომისიის ოპოზიციონერი წევრი - ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი - ითხოვდა. ყურაშვილის განმარტებით, მაუწყებლისთვის ლიცენზიის გაუქმების საფუძველი შესაძლოა გახდეს მაუწყებელთა კოდექსის დარღვევაც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი ერთი წლის განმავლობაში მაუწყებლის სათვალავზე რამდენიმე დარღვევა მოდის.

ერთი სიტყვით, ”იმედს” კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კიდევ ერთხელ დაავალა იმის გაკეთება, რაც ტელეკომპანიამ უკვე არაერთხელ გააკეთა. სხვა საკითხია, რამდენად არის საკმარისი ბოდიში საზოგადოებისთვის, რომელმაც 13 მარტს კიდევ ერთხელ ჩახედა თვალებში ომის საშინელებას და ძლიერი ფსიქოლოგიური შოკი განიცადა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ უკავშირდებიან იმ ადამიანების ახლობლები, რომლებსაც, მათი მტკიცებით, ტელეიმედის გადაცემის შემდეგ გულის შეტევა დაემართათ. ორგანიზაცია თითოეულ ასეთ საქმეს ინდივიდუალურად იკვლევს და, დამტკიცების შემთხვევაში, მოამზადებს სპეციალურ სარჩელებს ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. მანამდე კი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია აბსოლუტურ უკმაყოფილებას გამოხატავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 15 მარტის გადაწყვეტილების გამო:

”პასუხისმგებლობის ფარგლებში ტელეკომპანიას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არავითარი პასუხისმგებლობა არ დააკისრა. დაავალა მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის კონსტატაცია, რაც უკვე მოხდა და ტელევიზიამ თავისი ნებითაც არაერთხელ მოიხადა ბოდიში.”

სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს ნინო ბურჯანაძის პარტია, რომლის ლიდერიც, ტელეიმედის იმიტირებული სცენარის მიხედვით, საქართველოში რუსეთის ჯარს შემოუძღვა. ბურჯანაძე ამბობს, რომ გადაცემა პრეზიდენტ სააკაშვილის მომზადებულია და ამიტომ პასუხისმგებლობის მხოლოდ ”იმედისთვის” დაკისრება არასაკმარისი იქნებოდა. სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ ნოღაიდელის პარტიაში, რომლის ლიდერი, ”იმედის” სცენარის მიხედვით, ასევე შემოუძღვა რუსეთის არმიას საქართველოში. 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოში სარჩელის შეტანას ”მომავლის პარტიაც” გეგმავს.

პარალელურად, ”იმედის” გადაცემასთან დაკავშირებით საგანგებო კომისიის შექმნას ითხოვს პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია. ის ამბობს, რომ ”მოდელირებულმა ქრონიკამ” საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცემის ავტორებმა და შემსრულებლებმა სახელმწიფოებრივი ინტერესები არ გაითვალისწინეს, პარლამენტის თავმჯდომარესაც დარჩა. დავით ბაქრაძემ მომხდარი 15 მარტს კატეგორიულად დაგმო და თქვა, რომ რუსეთიდან მომავალი მუდმივი საფრთხის აფიშირება ხალხის დაშინებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფის საფუძველი არ უნდა გახდეს:

”არ შეიძლება ამის გაკეთება ისეთი ფორმით და შინაარსით, რომელიც დაზაფრავს და შოკში ჩააგდებს ჩვენს საზოგადოებას... არ შეიძლება ამის გაკეთება ისეთი ფორმით და შინაარსით, რომელიც დააფრთხობს ინვესტორებს და საქართველოს ეკონომიკას დაუკარგავს იმ ინვესტიციებს, რომლითაც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების დასაქმება.”

დავით ბაქრაძის გარდა, „იმედის“ ეგრეთ წოდებული ”მოდელირებული ქრონიკა” 15 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სხვადასხვა კონტექსტში გააკრიტიკეს როგორც უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა.

ასევე 15 მარტს პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმაურა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, რომელშიც „იმედის“ ჟურნალისტური სვლა ხელისუფლებისთვის ზიანის მომტან ნაბიჯად არის შეფასებული:
”სრული აბსურდია ის, რომ მთავრობა და პრეზიდენტი საქმის კურსში იყვნენ... რომ პრეზიდენტი ჩართული იყო. და თუკი ლოგიკურად ვიმსჯელებთ, გადაცემის შედეგად გამოწვეული პანიკით და რეაქციით, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლებას მიადგა ზიანი.”

პრეზიდენტი მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, ”რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საკუთარ საქმიანობას და ჟურნალისტურ სტანდარტებს.”

თავის მხრივ, ტელეკომპანია „იმედი“ ამ სტანდარტების დაცვის პირობას დებს და საზოგადოების საშინელ შოკში ჩაგდების გამო კიდევ ერთხელ ბოდიშის მოსახდელად აბსოლუტურად უპრობლემოდ ემზადება.
XS
SM
MD
LG