Accessibility links

logo-print
ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა გორის, ხაშურისა და ქარელის რაიონები დააზარალა. გორის რაიონში ყველაზე მეტად სოფლები ქიწნისი და რეხა დაზარალდა. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე მეჯუდამ სახლები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები დატბორა.

წყალი შევარდა სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლებაში, დატბორილი კოტეჯებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. როგორც ცნობილია, ეს დასახლება ჭაობიან ადგილზე გაშენდა და ყოველი წვიმის მოსვლა ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემას უქმნის.

მთელი ღამის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები სტიქიის ზონებში იმყოფებოდნენ. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის განცხადებით, მოსახლეობას პრობლემა სარწყავ არხებში ცხინვალიდან გამოშვებულმა წყალმაც შეუქმნა.


ადიდებულმა მდინარე სურამულამ პრობლემები შეუქმნა ხაშურის მცხოვრებლებს.

ქარელში მარჯანიშვილისა და ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლები დაზარალდნენ. დაიტბორა სოფლები კეხიჯვარი, ვედრება და ზღუდერი, სოფელ ტახტიძირში ადიდებულმა მდინარემ ახლახან რეაბილიტირებული ხიდი მთლიანად მოგლიჯა. სოფელ მოხისში დევნილთა 14 კოტეჯი დაზიანდა. შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის, ზურაბ ჩხეიძის, განცხადებით, სტიქიასთან გამკლავების შემდეგ ზარალის დათვლა და, შესაბამისად, ანაზღაურებაც დაიწყება.

ამჟამად გორის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, რადგან მდინარე მეჯუდამ ერთ-ერთ ხიდზე გადამავალი მილსადენი დააზიანა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მდინარეში წყლის დონის დაწყების შემდეგ დაიწყება.
XS
SM
MD
LG