Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იქნებ აღარ იწვიმოს...


წეროვანის დასახლება
წეროვანის დასახლება
15 მარტს მოსულმა ძლიერმა წვიმამ წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული ათობით დევნილი ოჯახი დააზარალა. დაიტბორა სახლები, განადგურდა ნათესები, დაიხოცა ფრინველი. დაზარალებული დევნილები 16 მარტს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მოინახულა. მისი განცხადებით, სავარაუდოდ, 20-მდე დაზარალებულ ოჯახს თბილისში გადაიყვანენ. რაც შეეხება დატბორილ დასახლებას, 17 მარტიდან იქ კომისიას ელოდებიან, რომელიც ზარალს დაითვლის და აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. დევნილთა ნაწილის თქმით, რომ არა ჩახერგილი არხი, მხოლოდ ძლიერი წვიმა მათ ასე ძალიან არ დააზარალებდა.


ახლა აქ ქარია. სუსხიანი ქარი. წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები სახლებიდან ვედროებით ეზიდებიან ტალახიან წყალს. ტალახი კი მუხლამდეა. დატბორილი ნარგავები, დამხრჩვალი ფრინველი. სახლების წინ გაფენილ სარეცხს ქარი აფრიალებს. ვისაც გაუმართლა და ვისი სახლიც შედარებით მაღალზე დგას, ისინი მეზობლებს ეხმარებიან. 15 მარტს წამოსულმა ძლიერმა წვიმამ ღამის 3 საათზე დევნილების სახლებშიც შეაღწია: “წყალი იჟონება და სალაპარაკოდაც აღარა გვცალია. იატაკიდანაც ამოდის წყალი. აქ ცხოვრება აღარ შეიძლება, ამას რაღა ეშველება, ”გიბსოკარდონია” და სულ იშლება. რა წყალი მოვიდა, რომელი მდინარე ადიდდა, აზრზე არ ვართ, არ ვიცით. ასეთ უბედურებას უკვე აღარ ველოდებოდით”, - ამბობს ციცო პავლიაშვილი.

ციცო პავლიაშვილს მეზობლები ეხმარებიან. მუხლამდე წყალში დგანან და იატაკიდან და კედლებიდან შემოსულ წყალს ვედროებით ეზიდებიან. სახლიდან გახიზნულებმა ღამე სკოლის შენობაში გაათენეს: ”საწოლები გაშალეს, რომ ბავშვები დაეწვინათ - თოთო ბავშვები ჰყავდათ. ახლა სადღა წავიდეთ, სად შევიდეთ, ყველას თავისი გასჭირვებია. ხალხო, დაგვეხმარეთ, თუ შეგიძლიათ.”

დილის 4 საათზე ზოგი პატრულმა გააღვიძა და ზოგი მეზობლის კივილმა. წეროვანელი დევნილები სტიქიის ღამეს იხსენებენ:

- პატრული დადიოდა ღამის 4 საათზე და გამოგვიყვანეს. პატარა ბავშვი გვყავს, მოვკიდეთ ხელი და ქუჩაში გამოვედით.

- ჩვენი მეზობელი რომანა დარბოდა და ყვიროდა, ადექით, ხალხო, გამოდითო.

- მთელ სახლში წყალი იდგა. კარი რომ გამოვაღეთ, წყალი გამოვარდა, ჭურჭელი და ლოგინები გარშემო ტივტივებდა. წვიმა კი არა, საიდანღაც მოვარდნილი წყალი იყო.

ამჯერად, დევნილები სტიქიამ გამოდევნა სახლიდან
please wait

No media source currently available

0:00 0:03:57 0:00


80 წლის გიორგი პაპა დატბორილი სახლის წინ ნიჩაბზე დაყრდნობილი დგას, ცალი ხელით შუბლს იწმენდს და ისვენებს. მისი სახლის გარშემო დახოცილი ფრინველი ყრია: ”წვიმა იყო, რა იყო, ვერ გავიგეთ. ღამის 3 საათზე გაგვეღვიძა, ყველაფერი დატბორილი იყო, სახლში მოგვიმწყვდია წყალმა.”

დატბორილ ნარგავებზე დარდობს 55 წლის ზურა. ამას რაღა ეშველებაო, ჩივის. აკეცილი შარვლით აღარც ტალახში სიარულს ერიდება. თუმცა რაღა მოსარიდებელია: ტალახში ისე ეფლობი, როგორც ჭაობში: ”მთელი ნათესები გაგვიფუჭდა. კარტოფილი, ნიორი, ხახვი, მწვანილი - ყველაფერი დაგვიტბორა და გაგვინადგურა.”

აი, ის არხი რომ გაწმენდილი ყოფილიყო, ასეთ დღეში არ ჩავვარდებოდითო, ამბობენ დევნილები. არხი საკმაოდ დიდია, თუმცა სხვადასხვა სახის ნარჩენებით არის ამოვსებული და, აქედან გამომდინარე, წყალგაუმტარია:

- ეს არხი რომ აივსო, გასაქანი ვეღარ ნახა და წამოვიდა.

- გასაწმენდია ეს არხი, გაფუჭებული კანალიზაციის მილებიც იქ ჩადის, მაგრამ ვინ არის გამკეთებელი.

კობა სუბელიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
წეროვანში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები 16 მარტს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მოინახულა. როგორც კობა სუბელიანი აღნიშნავს, სტიქიის წინაშე ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებიც კი უძლურნი არიან. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც წეროვანში ჩასახლებული დევნილები სტიქიამ დააზარალა. ის ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ამ შემთხვევაში ზარალის მიზეზი დევნილთა სახლებისა და არხების გაუმართაობა არ ყოფილა: ”სტიქიურ მოვლენასთან ყველა უძლურია. რაც მთავარია, არც ჩვენ გვძინავს, შედეგებს აღმოვფხვრით და ყველა ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება ”, - ამბობს სუბელიანი.

ქვააღმართში მიწეული დევნილები ცას იმედით შეჰყურებენ: ამაღამ იქნებ აღარ იწვიმოს, ქარია და ღრუბლებს გადაფანტავსო.
XS
SM
MD
LG