Accessibility links

უცხოეთის პრესა „იმედის“ ე.წ. მოდელირებული სიუჟეტის, პანიკისა და პროტესტის შესახებ


უცხოეთის მედია აქტიურად ეხმაურება საქართველოში „იმედის“ დადგმული რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. ბოლო რამდენიმე დღეა ამ თემაზე პუბლიკაციები ქვეყნდება „უოლ სტრიტ ჯურნალში“, „ნიუ-იორკ ტაიმსში“, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის - ბიბისის - ვებგვერდზე, „ფაინენშლ ტაიმსში“, „გარდიანში“, „აირიშ ტაიმსში“ და სხვა გამოცემებში.

„ძვირფასო თანამემამულენო, რუსეთმა ომი გამოგვიცხადა, პრეზიდენტი დაიღუპა... იცით რა, ჩვენ მხოლოდ ვიხუმრეთ“ - ასეთი სათაურით გამოქვეყნდა წერილი 15 მარტს ბრიტანულ გაზეთ „ინდეპენდენტში“. სტატიაში დეტალურად არის მოთხრობილი „იმედის“ ეთერში გასული დადგმული სიუჟეტის ფაბულა და ის პანიკა, რომელიც სიუჟეტმა საქართველოში გამოიწვია. „სხვა თუ არაფერი, ეს ძალიან უგუნური ნაბიჯი იყო ქვეყანაში, რომელსაც ძალიან ცხადად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. მაგრამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამის მიღმა კიდევ უფრო მზაკვრულ მოტივაციას ხედავენ. ბოლო კვირების განმავლობაში ოპოზიციის ორი ლიდერი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ნოღაიდელი, მოსკოვს ეწვივნენ. ... ისინი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ და თბილისსა და მოსკოვს შორის კავშირების აღდგენის მოწოდებით გამოვიდნენ. ამ პოლიტიკოსებმა მაშინვე მიხეილ სააკაშვილი და მისი მთავრობა დაინახეს „იმედის“ სიუჟეტის მიღმა, რომელშიც, როგორც ჩანდა, რუსეთის სავარაუდო შეჭრა ოპოზიციას ბრალდებოდა“, - ვკითხულობთ „ინდეპენდენტის“ 15 მარტის ნომერში.

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ 14 მარტის ნომერში აღწერს პანიკას, რომელიც სიუჟეტის ეთერში გასვლას მოჰყვა. „’იმედის’ პროდიუსერებმა ეპიზოდი იმ სტუდიაში ჩაწერეს, საიდანაც ყოველ საღამოს ახალ ამბებს გადასცემენ ხოლმე. გამოშვებას აუდიტორიისთვის ნაცნობი ტელეწამყვანი უძღვებოდა“, - ვკითხულობთ გაზეთში, სადაც აღწერილია, როგორი ანერვიულებული ჩანდა წამყვანი, როგორ ცდილობდა ქაღალდების გროვაში გარკვევას და აცხადებდა, რომ თბილისის ქუჩებში შეტაკებები დაიწყო. სტატიაში აღნიშნულია, სიუჟეტის ეთერში გასვლას წინ გაფრთხილება უძღოდა, მაგრამ ის მაყურებლების უმრავლესობას გამორჩა და ისინი პანიკამ მოიცვაო. ამ სტატიას „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 14 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
აშშ-ში გამომავალი “ქრისჩიან საიენს მონიტორი” 16 მარტის ნომერში ამ მოვლენებს ვრცელ სტატიას უძღვნის. სტატია ნინო ბურჯანაძესთან სატელეფონო ინტერვიუთი იწყება, რომელსაც გამოცემასთან საუბარში აღშფოთება გამოუხატავს იმის გამო, რომ სიუჟეტში „პრორუსულ მოღალატედ“ წარმოაჩინეს და რომ აპირებს „იმედს“ სასამართლოში უჩივლოს. ამასთან, ბურჯანაძე აცხადებს, რომ, მისი აზრით, ეს გადაცემა სააკაშვილის შეკვეთილი იყო, როგორც პროპაგანდა, რომელსაც ანტირუსული პანიკა უნდა დაეთესა და საქართველოს ოპოზიციისთვის ჩირქი მოეცხო.

ბრიტანული „გარდიანი“ 15 მარტის ნომერში წერდა: „მას შემდეგ, რაც თავის ისტერიის გამომწვევ რადიოგადაცემაში, სახელწოდებით „სამყაროთა ომები“, ორსონ უელსმა ამერიკელები დაარწმუნა, რომ დედამიწაზე მარსელები დაეშვნენ, მთელი ერი ასე აღარ გაუცურებიათო.“ სტატიაში მოთხრობილია, როგორი პანიკა მოჰყვა სიუჟეტის ეთერში გასვლას. იქვე ვკითხულობთ, რომ თბილისში მყოფმა ბრიტანელმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა წვეულებები მიატოვეს, თავიანთ რედაქტორებს დაურეკეს და ტყვიაგაუმტარი ჟილეტების ძებნა დაიწყეს. ვითარება დევიდ კრეკნელს განუმუხტავს, წარსულში გაზეთ „სანდი ტაიმსის“ გამოცდილ ჟურნალისტს, რომელიც ახლა საქართველოს მთავრობასთან მუშაობს. მას ჟურნალისტებისთვის ლაკონიური ტექსტური შეტყობინება გაუგზავნია - „ტყუილიაო“, უთქვამს. ამის შესახებ ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც ბრიტანულმა „გარდიანმა“ 15 მარტს გამოაქვეყნა.
XS
SM
MD
LG