Accessibility links

logo-print
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია ”იმედის” მიერ 13 მარტს გადაცემული ეგრეთ წოდებული ”მოდელირებული ქრონიკის” შინაარსს და მიიჩნევს, რომ საქართველომ იმ დღეს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბეწვის ხიდზე გაიარა. ამასთან, ”გადაცემის მსვლელობისას სახელმწიფო სისტემებში წარმოქმნილმა ქაოსმა, ისევე როგორც მოსახლეობის პანიკურმა ქმედებამ”, ექსპერტთა შეფასებით, გამოაჩინა, რომ ”სახელმწიფო კვლავ მოუმზადებელია კრიზისული სცენარებისთვის და შესაბამისი დასკვნები არ გამოტანილა აგვისტოს ომის შედეგებიდან.” რას ასცდა და რას ვერ ასცდა ”იმედის მოდელირებული ქრონიკის” შედეგად საქართველო და რა დამატებით მხარეს ააშკარავებს გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერი ექსპერტებისთვის?

იმას, რაც 13 მარტს საქართველოს მოქალაქეების შოკში ჩაგდებისა და ჯანმრთელობის გაუარესების საფუძველი გახდა, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები ”მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანის წარმატებულ მცდელობას” უწოდებენ. მათთვის პრობლემა მხოლოდ ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დარღვევით არ ამოიწურება. ”მაყურებლის განზრახ შეცდომაში შეყვანა, ცხადია, პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევაა, თუმცა ჩვენთვის მთავარია თავად ამ სიუჟეტის შინაარსობრივი მხარე, განურჩევლად იმისა, ეს სიუჟეტი გამაფრთხილებელი ტიტრების თანხლებით გავიდოდა თუ - არა”, - აცხადებს კოლეგების სახელით დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი. ერთობლივ საჯარო განცხადებაში ”იმედის მოდელირებული ქრონიკის” სამი ძირითადი მიზანია ჩამოყალიბებული:

”პოლიტიკური ოპოზიციის უპირობო დისკრედიტაცია, მუდმივი საფრთხის არსებობის ფონზე დემოკრატიული ცვლილებებისა და დემოკრატიაზე ზრუნვის უსაზრისოდ გამოცხადება და არსებული ხელისუფლების უალტერნატივობის წარმოჩენა.”

მოსალოდნელი საფრთხეები, რომლებსაც ექსპერტები „იმედის“ 13 მარტის იმიტირებული ქრონიკის შინაარსს უკავშირებენ, მრავალგვარია და უპირველესს, ალბათ, მაინც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი წარმოადგენს. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ მომხდარით თავისუფლად შეიძლებოდა ესარგებლა ოკუპანტ ძალას:

”მათ, შესაძლოა, გამოეყენებინათ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით გათვალისწინებული პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებით უსაფრთხოების ზომებს, რაც შეიძლება გამოხატულიყო იმაში, რომ გამოეყვანათ თავიანთი მძიმე ტექნიკა და გადაეკეტათ დასავლეთ-აღმოსავლეთის გზა და გასულიყვნენ მათთვის ე.წ. თავდაცვით პოზიციებზე. ეს კი შეიძლებოდა გადაზრდილიყო სერიოზულ დაპირისპირებაში... ”

”იმედის” 13 მარტის გადაცემის შინაარსის კონტექსტში, ექსპერტები ასევე სერიოზულ საფრთხედ განიხილავენ საზოგადოების შუაზე გახლეჩისა და სერიოზული დაპირისპირების რისკს. ამ საკითხზე ყურადღებას გია ხუხაშვილი ამახვილებს:

”ფაქტობრივად, ხელისუფლება სთავაზობს საზოგადოებას ისეთ სქემას, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სიძულვილით, ანუ ჩვენი ერთიანობა უნდა ემყარებოდეს ბოროტების სიძულვილს, რაც არის აბსოლუტურად დესტრუქციული მიდგომა... იმ დღესვე, ცხელ გულზე, შეიძლებოდა მომხდარიყო დაპირისპირება სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს შორის...”

იმის გარდა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო და, საბედნიეროდ, არ მოხდა, ექსპერტებისთვის ნათელია ის უარყოფითი შედეგებიც, რომლებიც ” იმედის მოდელირებულმა ქრონიკამ” გამოიწვია. ეს არის, მაგალითად, მეტად სავალალო ამპლუა საერთაშორისო საზოგადოების თვალში და ინვესტორების დაშინება.

რაც შეეხება, ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, რომელიც ”იმედის მოდელირებულ ქრონიკას” მოჰყვა და რომლის ნამდვილობასაც ”იმედის” ხელმძღვანელობა და თვით ამ საუბრის გმირები (გიორგი არველაძე და ეკა წამალაშვილი) უარყოფენ, ექსპერტებისთვის ეს ჩანაწერი სახელისუფლო შრეებს შორის დაპირისპირებაზე მეტყველებს. მამუკა არეშიძე საკუთარ მოსაზრებას ასე გამოთქვამს:

”ხელისუფლების გარკვეული ფრთის ჩართვის გარეშე ვერ ჩაიწერებოდა და ვერ გამომზეურდებოდა, რომ არ ყოფილიყო შიდასახელისუფლო დაპირისპირება. ”

მამუკა არეშიძის მსგავსად, ჩანაწერის ნამდვილობაში ეჭვი არც რამაზ საყვარელიძეს ეპარება და, ამავე დროს, არ იზიარებს ვერსიას, თითქოს ჩანაწერი რუსულმა სპეცსამსახურებმა შექმნეს. ექსპერტს უჭირს დაჯერება იმისა, რომ რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ათასი მიმართულებით იბრძვის, საქართველოში ”ნებისმიერი ნაპრალის ასეთი გამწარებული მაძებარია” და რომ ის ფოკუსირებას გააკეთებდა „იმედის“ ხელმძღვანელი პირების სატელეფონო საუბარზე. სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით რამაზ საყვარელიძე კიდევ ერთ ლოგიკას ავითარებს:

”... ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები უკვე სახიფათო ხდება არა პირადად სააკაშვილისთვის, ან პირადად პრემიერისთვის, ან პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ან ასე შემდეგ, არამედ მთელ სახელისუფლო სისტემას ემუქრება, თუ ეს შეცდომები გაგრძელდება... და ყველა ვარდება რისკის ქვეშ - უმაღლესიდან უმდაბლესამდე. ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ, შეცდომებისგან დაზღვევის მიზნით, მათ დაიწყონ ისეთი პირების გამოხშირვა, ვინც შეცდომებს უშვებს... ”

დაბოლოს, კიდევ ერთი ამონარიდი გავრცელებული განცხადებიდან: ”დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, აცნობიერებს რა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევათა სიმწვავეს და, უპირველეს ყოვლისა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იმ უპასუხისმგებლო ქმედებათა გამო, რომელიც მიმართულია პოლიტიკურ პროცესებში სატელევიზიო სივრცის ჩართვისა და ამ გზით საზოგადოების დეზინფორმაციისკენ.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG