Accessibility links

„ევროს ზონა“, საჭიროების შემთხვევაში, საბერძნეთს ფინანსურად დაეხმარება


ფასდაკლებები ათენის მაღაზიების ვიტრინებზე

ფასდაკლებები ათენის მაღაზიების ვიტრინებზე

ევროპის იმ ქვეყნების მინისტრებმა, რომლებიც საერთო ვალუტას - ევროს - მოიხმარენ, თავიანთი, ასე ვთქვათ, გაერთიანების წევრი ქვეყნის - საბერძნეთის - დახმარების გეგმა გამოაქვეყნეს. ათენს მხარდაჭერა დასჭირდა იმის გამო, რომ საფრთხე შეექმნა, ვალების გადახნის უუნარო გამხდარიყო.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ, ევროპის კავშირის წესებით, ასეთი პირდაპირი დახმარება დაუშვებელია. მაგრამ ბრიუსელში ევროზონის ქვეყნების ორშაბათს შეკრებილმა მინისტრებმა ცხადად თქვეს, საბერძნეთისთვის მხარში ამოდგომა არავითარ კანონს არ არღვევსო. მათი გეგმა ახლა ევროპის კავშირის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ.

16 მინისტრი შეთანხმდა ჩარჩოზე, რომლის მხოლოდ ერთი-ორი დეტალი გახდა ცნობილი. იუწყებიან, რომ საბერძნეთს ევროპის კავშირის მთავრობები მისცემენ სესხს ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ოღონდ ჩვეულებრივზე უფრო მაღალი პროცენტით. ამასთან, სესხის მიცემის გარანტია არ იარსებებს. იმის გამო, რომ საქმე ეხება კომენციულ ტრანსაქციას, აქტი არ დაარღვევს ევროპის კავშირის კანონს, რომელიც არ აძლევს წევრებს უფლებას სხვათა ვალის გადახდა იკისრონ.

„ბლუმბერგის ეკონომიკური ინფორმაციის სამსახური“ იმოწმებს ნიდერლანდის ფინანსთა მინისტრს იან კეეს დე იაგერს, რომელიც ამგვარი ფორმით დახმარების კომენციულ უპირატესობაზე ლაპარაკობს. იაგერის აზრით, ეს აქტი საბერძნეთს სტიმულს მისცემს, ბაზრების საშუალებით მოიპოვოს დამატებითი ფინანსები. ბრიუსელში შეკრებილი მინისტრები ძალიან შეეცადნენ იმის დაჯერებას, რომ საბერძნეთს დეფოლტი არ ელის, რომ მათი ზომები მხოლოდ გამონაკლისია, დროებითი ხასიათისაა. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან კლოდ იუნკერმა, რომელიც ევროს ჯგუფს განაგებს, ასე ახსნა საბერძნეთის დახმარებისათვის მზადების არსი:

„ბაზრებისთვის გაგზავნილი სიგნალი იმას არ ნიშნავს, რომ საბერძნეთს ყველა შემთხვევაში დავეხმარებით. ათენს დავეხმარებით მხოლოდ მაშინ, როცა დასჭირდება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად საჭირო გახდება, მაგრამ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ გავაკეთოთ ეს.“

გერმანიისა და საფრანგეთის ფინანსთა მინისტრებმა ასეთივე მოსაზრება გამოთქვეს. ისინიც ფიქრობენ, რომ საბერძნეთის მიმართ გადარჩენის ზომების მიღება არ გახდება აუცილებელი. ამის საფუძველს ევროპელ ფინანსისტებს ისიც აძლევს, რომ საბერძნეთი შეუდგა ხარჯების შემცირებას, რაც, ევროპის კავშირის სტანდარტების თანახმად, ათენს დაეხმარება თავი დააღწიოს კრიზისს.

ამ თავდაჯერებულობაში იმალება ევროპის კავშირის ლიდერების შიში, რომ საბერძნეთის უუნარობამ, გადაიხადოს თავისი ვალები, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ევროზე და მის მიმართ ნდობა დაიკარგოს. ამას შეიძლება მოჰყვეს ასევე ვალებში ჩაფლულ სხვა, ეკონომიკურად უფრო სუსტ ქვეყნებში - ესპანეთსა ან პორტუგალიაში - ინვესტორების სიფრთხილე. ფაქტი ისაა, რომ ევრო, ევროპის ამ 16 ქვეყნის საერთო ვალუტა, ნოემბრის შემდეგ ათი პროცენტით გაუფასურდა, დოლართან შედარებით.

ევროს ჯგუფის ფინანსთა მინისტრების მთავარი საზრუნავი ევროა და არა საბერძნეთი.

ათენის მიმართ საკმარისი კრიტიკა გამოითქვა იმის გამო, რომ თავის ეკონომიკას უხეიროდ მართავს. ბრიუსელში შეკრებილების განცხადებაში წერია, რომ მიზანი მათი შეკრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებისა ევროს მთელ ზონაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. საბერძნეთის სამაშველო გეგმა ახლა ევროპის კავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერებმა უნდა დაამტკიცონ. მაგრამ არაერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ გეგმის წარდგენა, ალბათ, არ მოესწრება ევროპის კავშირის 25-26 მარტისთვის დანიშნული სამიტისთვის და მისი დამტკიცება, შესაბმისად, მოგვიანებით მოხდება.
XS
SM
MD
LG