Accessibility links

logo-print
გასული საუკუნის მეორე ნახევრის ჯაზური მუსიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული უილის კონოვერის სახელთან.

ვინ იყო უილის კონოვერი?

ერთი შეხედვით, მისი მოღვაწეობა პარადოქსებით გამოირჩეოდა. დავიწყოთ იმით, რომ გაზეთ ”Washington Post“-ის მიერ ყველაზე ცნობილ და პოპულარულ ამერიკელად აღიარებულ პიროვნებას სამშობლოში თითქმის არ იცნობდნენ. გარდა ამისა, ჯაზის სფეროში მეტრად მიჩნეული კონოვერი პროფესიით მუსიკოსი არ იყო. არადა, სწორედ მის სახელს იხსენიებდნენ დიუკ ელინგტონის, კაუნტ ბეისის, მაილს დევისის სახელების გვერდით.

უილისი იყო რადიოსადგურ ”ამერიკის ხმის” მუსიკალური პროგრამის ”ჯაზის საათი” ავტორი და წამყვანი. 42 წლის მანძილზე ეს ასოცწუთიანი პროგრამა ყოველ საღამოს, კვირის გარდა, გადიოდა ეთერში. ძნელად დასაჯერებელია, რომ, მიუხედავად ამისა, კონოვერი რადიოსადგურის შტატში არ ირიცხებოდა - “ამერიკის ხმასთან” პოპულარულ წამყვანს მხოლოდ კონტრაქტი აკავშირებდა.

ყველა ამ უცნაურობას სინამდვილეში სრულიად მარტივი ახსნა ჰქონდა. რადიოსადგურს შეერთებული შტატების კონგრესი აფინანსებს, ხოლო კონოვერს არ სურდა სახელმწიფო მოხელე ყოფილიყო - ის ვერ აიტანდა ”ჯაზის საათის” სარეპერტუარო პოლიტიკაში სახელმწიფოს ჩარევას. რადიოსადგურის ადმინისტრაციას უილისი ხშირად შეახსენებდა: ”თუ არ მოგწონთ ჩემი საქმიანობა, ნუ განაახლებთ კონტრაქტსო”.

სამშობლოში უილისს არ იცნობდნენ იმის გამო, რომ, შეერთებული შტატების კანონმდებლობის თანახმად, ”ამერიკის ხმას” მხოლოდ საზღვარგარეთზე მაუწყებლობის უფლება აქვს. სწორედ მილიონობით უცხოელ რადიომსმენელს ხიბლავდა კონოვერის მაღალი პროფესიონალიზმი და მისი განუმეორებელი ხმის ტემბრი. თავის გადაცემაში კონოვერი, როგორც წესი, საკუთარი აუდიოკოლექციის ჩანაწერებს იყენებდა, მისი კოლექცია კი 60 ათასზე მეტ მუსიკალურ ალბომს შეიცავდა.

ჩემს ფონოტეკაში უილის კონოვერის ”ჯაზის საათის” ქუდის ჩანაწერი ინახება: დიუკ ელინგტონის ბიგ ბენდი ასრულებს ბილი სტრეიჰორნის პოპულარულ პიესას „Take “A” Train”. კონოვერის ნელი საუბარი (არ დაგვავიწყდეს, რომ გადაცემა უცხოელ რადიომსმენელზე იყო გათვლილი) თარგმანს თითქმის არ საჭიროებს. 1996 წლამდე, უილის კონოვერის გარდაცვალებამდე, ქართველი ჯაზმენები ყოველ საღამოს დიდი სიამოვნებით უსმენდნენ მის პროგრამას.

ულამაზესი ხმის პატრონი (კიდევ ერთი პარადოქსი) ყელის კიბოთი 1996 წლის 17 მაისს გარდაიცვალა. სულ ცოტა ხანში, 26 ივნისს, თბილისში, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, მისი ხსოვნის საღამო გაიმართა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ჯაზური მუსიკის ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა თამაზ ყურაშვილმა, გულიკო ჭანტურიამ, დინი ვირსალაძემ და სხვებმა. კონოვერის თაყვანისმცემლების შეკრებას თქვენი მონა-მორჩილი უძღვებოდა. სცენას უილისის დიდი ფოტო ამშვენებდა. თითოეული გამომსვლელი მას მოკრძალებით უკრავდა თავს. ლამაზი საღამო დარბაზის ხანგრძლივი ტაშით დასრულდა. გმადლობთ, უილის!
XS
SM
MD
LG