Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა საქართველოს ტრანზიტული ტრანსპორტისთვის გადასახადი დააწესა


საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სატრანზიტო დროებითი სანომრე ნიშნით სარგებლობენ, 1 მაისიდან დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 1 200 ევროს, ხოლო ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის 600 ევროს გადახდა მოუწევთ. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ე.წ. მიკროავტობუსებსა და ”პიკ აპის” ტიპის გადამზიდავ საშუალებებზე. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში სამოგზაუროდ იმყოფებიან, ისინი აღნიშნული გადასახადისაგან თავისუფლდებიან.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილების გადასატანად თურქეთის გავლით მგზავრობდნენ, მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ, რადგან ისინი სიახლის შესახებ ინფორმირებულნი არ იყვნენ. სწორედ ამიტომ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, გამონაკლისის სახით, 2010 წლის 1 მაისამდე საქართველოს მოქალაქეები ტრანზიტული გავლის გადასახადისგან გაათავისუფლა, - აცხადებს, საგარეო საქმეტა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე:

”ჩვენ მივმართეთ თურქულ მხარეს, რომ მოეცა გარკვეული დრო საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებისათვის. მათ გაითვალისწინეს ქართული მხარის თხოვნა და საქართველოს მოქალაქეები გადასახადისაგან 2010 წლის 1 მაისამდე გაათავისუფლეს.”

თურქულმა მხარემ სატრანზიტო გადასახადის დაწესების მიზეზად ავტოსატრანსპორტო ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაასახელა. ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური სამწუხარო ფაქტს უწოდებს თურქეთის მიერ სატრანზიტო დროებითი ნომრის მქონე ავტომობილების გავლის გადასახადის დაწესებას. მისი თქმით, ეს თავისთავად გამოიწვევს საქართველოში ტვირთის გაძვირებას:

”სამწუხაროდ, საქართველოს ჯერჯერობით არ აქვს შესაძლებლობა, რომ რეალური ალტერნატივა გამოძებნოს. ჩვენი ტრანზიტი დამოკიდებულია შავ ზღვასა და თურქეთზე, რადგან ევროპისაკენ გამავალი ორი გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებზე გადის, დღესდღეობით ჩაკეტილია - ეს არის აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. ამ ტერიტორიების გახსნამდე ჩვენ მიჯაჭვულები ვართ თურქულ გზებს. ამდენად, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას”, - აცხადებს ხადური.

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჭიჭინაძე განმარტავს, რომ გადასახადი დაწესდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც სარგებლობენ სატრანზიტო დროებითი სანომრე ნიშნით. მისი თქმით, ამ შემთხვევაში აღნიშნული გადასახადისაგან სრულად არიან გათავისუფლებულნი მსუბუქი ავტომობილები: ”ეს ეხება ე.წ. მიკროავტობუსებს და ”პიკ აპის” ტიპის გადამზიდავ საშუალებებს. საუბარია იმაზე, რომ მესამე ქვეყანაში ნაყიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაყვანად და გაივლის თურქეთის რესპუბლიკას, თურქეთის შესაბამისმა ორგანომ დააწესა გადასახადი ცარიელ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე 600 ევროს, ხოლო დატვირთულზე 1200 ევროს ოდენობით. ”

როგორც ლევან ჭიჭინაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, ქართული მხარე გააგრძელებს მოლაპარაკებას თურქეთის შესაბამის ორგანოებთან, რათა აღნიშნული ტარიფი ან გაუქმდეს, ან მნიშვნელოვნად შემცირდეს.

ეკონომიკის ექსპერტებს საკმაოდ პარადოქსულად მიაჩნიათ თურქეთის მხრიდან მსგავსი ტიპის გადასახადის დაწესება. როგორც გია ხუხაშვილი რადიო თავსუფლებასთან საუბარში აცხადებს, ეს ფაქტი იმის მიმანიშნებელია, რომ თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის პოლიტიკა რაღაც მიმართულებით იცვლება. ამ ეტაპისათვის მას კომენტარის გაკეთება უჭირს და რადიკალური განცხადებებისაგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ქართულმა მხარემ თურქეთს ანალოგიური ქმედებით უნდა უპასუხოს:

”საუბარია იმაზე, რომ თურქეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სტრატეგიული ურთიერთობა და როდესაც ამ ფონზე მსგავსი ქმედება ხდება, ეს ძალიან არასასიამოვნოა. მე გამიჭირდება ჯერჯერობით იმის თქმა, რომ ამას აქვს სისტემური ხასიათი. დავაკვირდეთ მოვლენებს, შესაძლებელია ეს, უბრალოდ, ტექნიკური თემაა და მეტი არაფერი. არ მინდა ამ ეტაპზე ზედმეტად კატეგორიული ვიყო”, - ამბობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი.
XS
SM
MD
LG