Accessibility links

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ფონდი - „რობერტ ბოშის ფონდი“ - საქართველოში მუშაობის პერსპექტივებს განიხილავს. ფონდის საქმიანობის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს პროგრამებისა თუ პროექტების ხელშეწყობა ჯანდაცვის, განათლების, ჰუმანიტარული დახმარების, ხალხთა შორის ურთიერთობისა თუ ნდობის აღდგენის მიმართულებებით. თბილისი გერმანული ფონდის საქმიანობას განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიასთან კავშირში და იმედოვნებს, რომ გერმანელი ექსპერტები არაერთი პროცესის ხელშეწყობას შეძლებენ. ფონდის კონსულტანტია გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი, რომელიც გასულ კვირაში სოხუმსაც სტუმრობდა.

დიტერ ბოდენის სოხუმში ვიზიტმა გასულ კვირაში საკმაოდ დიდი ინტერესი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 11 მარტს, როდესაც გერმანელი დიპლომატი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდა, თბილისში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბოდენი სოხუმში იმ დოკუმენტის განხილვასაც აპირებდა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ”ბოდენის გეგმის” სახელით არის ცნობილი. ინფორმაცია ეჭვებს იწვევდა იმის გათვალისწინებით, რომ 2001 წელს შემუშავებული ეს გეგმა აფხაზეთს საქართველოს ტერიტორიულ სივრცეში განიხილავდა და სოხუმის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ის თავის დროზე არაერთხელ უარყო. ასევე 11 მარტს ”ბოდენის გეგმის” ხელახალი განხილვის პერსპექტივა კატეგორიულად უარყო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, ხოლო 12 მარტს თბილისში დაბრუნებულმა დიტერ ბოდენმა თქვა, რომ სოხუმში ვიზიტის მიზანს ძველი დოკუმენტის განხილვა სულაც არ წარმოადგენდა.

მაშ, რა იყო დიდი ავტორიტეტის მქონე გერმანელი დიპლომატის სოხუმში ვიზიტის მთავარი მიზანი?

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც დიტერ ბოდენის სოხუმში ვიზიტის მთავარ მიზნად დაასახელა ერთგვარი გზის გაკვლევა გერმანული ფონდისთვის - ”რობერტ ბოშის ფონდისთვის”:

”ამ შემთხვევაში ბოდენი იყო ამ ორგანიზაციის ერთგვარი კონსულტანტი, როგორც კერძო პირი... მისი გავლენები და გამოცდილება გამოიყენა ამ ორგანიზაციამ... ბოდენის ვიზიტი შეგვიძლია შევაფასოთ როგორც ერთგვარი დაზვერვა, ნიადაგის შემზადება იმისთვის, რომ ეს ფონდი შემოსულიყო სამუშაოდ საქართველოში და, ალბათ, სამხრეთ კავკასიაში...”

მამუკა არეშიძე მოელის, რომ ”ბოშის ფონდის” საქმიანობას საქართველოში საფუძვლად დაედება ”ბოდენის გეგმის” მთავარი იდეოლოგია და ის მიდგომები, რასაც დიტერ ბოდენი კერძო საუბრებში ჯერ კიდევ დაახლოებით 10 წლის წინ უსვამდა ხაზს. აქცენტი კეთდებოდა ”აფხაზების გადარჩენაზე”, რაც, მამუკა არეშიძის თქმით, ახლა კიდევ უფრო აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.

17 მარტს დიტერ ბოდენი თბილისში ისევ გამოჩნდა და ჟურნალისტების წინაშე სწორედ გერმანული ფონდის კონსულტანტად წარდგა. მისი კომენტარი მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძისა და ”ბოშის ფონდის” წარმომადგენელთა შეხვედრას:

”ჩვენ გვქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი პარლემენტის თავმჯდომარესთან იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოში მუშაობის პერსპექტივა ისეთი ფონდისთვის, როგორიც ”ბოში” გახლავთ. ეს არის პირველი კონტაქტი და მე მინდა ვიყო სასარგებლო და მზად ვარ, მომავალშიც ვიმუშაო მათთან, კონსულტანტის რანგში. ”

დიტერ ბოდენსა და ბოშის ფონდის წარმომადგენლებს თებერვლის ბოლოს ბერლინში შეხვდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. ის ამბობს, რომ გერმანული ფონდის საქმიანობას საქართველო მეტად სასარგებლოდ მიიჩნევს ახალი სტრატეგიის კონტექსტში. საუბარია სტრატეგიაზე, სახელწოდებით ”სახელმწიფო სტრატეგია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში - ჩართულობა თანაშრომლობის გზით”:

”ეს არის დაახლოება კონფლიქტურ რეგიონში და ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დაახლოება. ასევე საკითხები ეხება: გამარტივებას საბუთებით გადაადგილების დროს, ცნობებს გარკვეული საბუთებისას, ეკონომიკურ აქტიურობას... და აბსოლუტურად ყველა მიმართულებაა აქ განსაზღვრული. სხვადასხვა საკითხის დაზუსტებაში და იგივე ექსპერტების მოწვევაში და ასე შემდეგ, ამ ფონდებს აქვთ სერიოზული გადამწყვეტი მნიშვნელობა.”

ამ ეტაპზე საქართველოს სეპარატისტული რეგიონები სასტიკ უარს აცხადებენ სახელმწიფოს ახალი სტრატეგიის განხილვაზე და ეს უარი დიტერ ბოდენმა თავადაც არაერთხელ მოისმინა სოხუმში სტუმრობის დროს. თუმცა, როგორც სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესი” იუწყება, გერმანელი დიპლომატი ცდილობდა აეხსნა თანამოსაუბრეებისთვის, რომ სტრატეგიაში აფხაზებისთვის საინტერესო და საყურადღებო აქცენტებიც დევს.

შოთა მალაშხიას თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო ფონდებს საქმიანობის საშუალება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მიეცეთ. წინასწარი ინფორმაციით, გერმანული ”რობერტ ბოშის ფონდი” სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელებას 2 წლის მანძილზე აპირებს. პარალელურად, ფონდი სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებშიც იმუშავებს.
XS
SM
MD
LG