Accessibility links

logo-print

კოკოითის საპროტესტო მიტინგს უმზადებენ


ალბერტ ჯუსოევი, ოპოზიციის ლიდერი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი. ერთ დროს თანამოაზრეები, დღეს - ოპონენტები

ალბერტ ჯუსოევი, ოპოზიციის ლიდერი (მარცხნივ) და ედუარდ კოკოითი, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი. ერთ დროს თანამოაზრეები, დღეს - ოპონენტები

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შიდა პოლიტიკური ვითარება ყოველდღიურად იძაბება. კოკოითის ოპოზიცია და აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები 20 მარტს ცხინვალში მიტინგის ჩატარებას გეგმავენ.

ორგანიზატორებმა ნებართვისთვის მერიას უკვე მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს. ოსური მედიის ცნობით, მიტინგის მოთავეებმა ვინაობის გამხელა არ ისურვეს, ამიტომ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ცხინვალის მერი გერასიმ ხუგაევი. ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში იგი აცხადებს, რომ მერიას მიტინგის ჩატარების ნებართვისთვის ერთ-ერთმა დაზარალებულმა გიორგი ძასოხოვმა მიმართა, მაგრამ მან შეკრებილთა უსაფრთხოების გარანტია საკუთარ თავზე ვერ აიღო და უარი ეთქვა.

აღსანიშნავია, რომ ძასოხოვი მეორე წელია კარავში ცხოვრობს და უშედეგოდ ელოდება დაზიანებული სახლის აღდგენას.

დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცხინვალში მიტინგის ჩატარებას არ დაუშვებს, რადგან ოპოზიცია პროვოკაციას გეგმავს და ის ქართულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით მოქმედებს.

როგორც ცნობილია, ოსური ოპოზიციის ლიდერები ალბერტ ჯუსოევი და ჯამბულათ თედეევი მოსკოვში იმყოფებიან. თედეევი რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და პუტინთან დაახლოებული პირია, ამიტომ მისი დადანაშაულება ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირში, ცხინვალში ღიმილს იწვევს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მიუხედავად უარისა, თეატრალურ მოედანზე მიტინგი მაინც ჩატარდება. რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ახსარ კოჩიევმა განაცხადა, რომ პროვოკაციას არ გამორიცხავს, რომელიც შესაძლოა სისხლისღვრაში გადაიზარდოს.

20 მარტის მიტინგზე ოპოზიცია კოკოითის გადადგომას მოითხოვს, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩავარდნისა და რუსული ფინანსური დახმარების მითვისების ბრალდებით.

ორი დღეა ოსური სამთავრობო მედია ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 20 მარტს ქუჩაში არ გამოვიდეს, რადგან ოპოზიცია სისხლისღვრას გეგმავს.

კოკოითიმ კი როკის გვირაბთან შეიარაღებული ძალები გადაისროლა. იქ რუსეთიდან თითოეული შემომსვლელის შემოწმება ხდება.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, მოსკოვიდან ცხინვალში ოპოზიციის აქტივი უკვე ჩასულია. დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ვერ ჩავლენ ლიდერები - ჯუსოევი და თედეევი.

ალბერტ ჯუსოევზე ცხინვალში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მას გამოჩენისთანავე დააკავებენ, ამიტომ ჯუსოევმა მომიტინგეებისთვის სპეციალური მიმართვა გაავრცელა. მან პირველ რიგში ხალხის გვერდით დგომისკენ მილიციას და ოსურ შეიარაღებულ ძალებს მოუწოდა. მიმართვაში ის მოითხოვს კოკოითის დაუყოვნებლივ გადადგომას და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.

აქამდე ოსური ოპოზიცია მხოლოდ მოსკოვში აქტიურობდა, ახლა იგი მოქმედებას დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იწყებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა პოზიციას დაიკავებს ცხინვალში დისლოცირებული რუსული ჯარის ხელმძღვანელობა. ექსპერტების აზრით, თედეევი და ჯუსოევი ოპოზიციური ფრონტის ცხინვალში გადატანას პუტინთან და რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმების გარეშე ვერ გაბედავდნენ.
XS
SM
MD
LG