Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას ახდენს ეკონომიკაზე მედიით პროვოცირებული პანიკა


რიგი ბენზინგასამართ სადგურთან
რიგი ბენზინგასამართ სადგურთან
ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში 13 მარტს გასულმა ეგრეთ წოდებულმა მოდელირებულმა ”ქრონიკამ” მოსახლეობის პანიკა და შეშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე. მომხდარის ამგვარ შეფასებას იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა უმრავლესობა და ბიზნესმენების დიდი ნაწილი, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად ვერავინ ამბობს, რა მოცულობის ზარალი განიცადა კონკრეტულმა ბიზნესმა თუ, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკამ.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების ცნობით თუ რიგითი მოქალაქეების განცხადებით, ტელეკომპანია ”იმედის” 13 მარტის მოდელირებული გადაცემით გამოწვეული პანიკის დროს რიგები გაჩნდა როგორც ბენზინგასამართ სადგურებთან, ასევე ბანკომატებთან. იმ დღეს ბანკომატთან მისვლა და ნაღდი ფულის აღება გადაწყვიტა სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური ჯგუფის წევრმა შოთა მურღულიამაც:

”როგორც კი ეს მოვისმინე, იმწუთში ვიფიქრე, რომ ბანკომატიდან მოვასწრო ფულის გამოტანა. ანუ ამან უცებ გამოიწვია ბანკებიდან ფულის გადინება.”

შოთა მურღულია ამბობს, რომ, მართალია, ეს პროცესი მეორე დღესვე შეწყდა, მაგრამ არასტაბილურობის განცდა მაინც ცუდად აისახება როგორც საბანკო სექტორზე, ასევე უცხოელ ინვესტორებზე. მისი განცხადებით, არასტაბილურობის განცდას ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადაჰყავს, ხოლო მოსახლეობა იძულებული ხდება ფულის ხარჯვის ნაცვლად მისი დაგროვება დაიწყოს, რაც ეკონომიკური აქტოვობის შემცირებას იწვევს.

ასეთივე მოსაზრებას გამოთქვამს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი მერაბ ჯანიაშვილი:
”ის ბიზნესმენები, ის ინვესტორები, რომლებიც აპირებდნენ საქართველოში ბიზნესაქტივობის განხორციელებას, უფრო თავს შეიკავებენ, უფრო ფრთხილები იქნებიან, რაც ეკონომიკურ აქტივობას ხელს შეუშლის.”

მსგავსი განწყობა ჯერჯერობით არ შეუმჩნევია საქართველოს ენერგეტიკული კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს ნათია თურნავას, თუმცა ისიც აღნიშნავს, რომ მედიის მიერ პროვოცირებული პანიკა უარყოფით გავლენას ახდენს ბიზნესგარემოზე:

”დადებით გავლენას ვერ იქონიებდა ზოგადად პანიკური ვითარება, რადგან ჩვენს მეხსიერებაში ისევ არის აგვისტოს ომის განცდა და მისი გამეორება და მოსმენა სტაბილურობის განცდას არ ქმნის.”

მიუხედავად ასეთი ვარაუდებისა, ჯერჯერობით ყველას უჭირს ეკონომიკური ზარალის ზუსტი შეფასება, მათ შორის - სახელმწიფო სტრუქტურებშიც. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის ირაკლი მატკავას აზრით კი, ამ ეტაპზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საპროგნოზო მაჩვენებლის გადახედვის მიზეზი არ არსებობს:

”იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოთი, პრინციპულად ახალ ინფორმაციას არ შეიცავდა ეს გადაცემა. ყველა, ვინც ფიქრობს ინვესტიციების განხორციელებას, უყურებს ქვეყანასთან დაკავშირებულ რისკებს და მათზე ერთი გადაცემა გავლენას - რადიკალურ გავლენას - ვერ მოახდენს ასეთ გათვლებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ნაკლებად სასურველია, რომ ასეთი რაღაცები იყოს ხოლმე.”
ირაკლი მატკავას განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე ნახევარი წლის გასვლის შემდეგ იმსჯელებენ და მაშინ გამოჩნდება, საჭირო იქნება თუ არა გადაიხედოს საპროგნოზო მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2010 წლის მანძილზე 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა შემოვიდეს.

ეს, რაც შეეხება ინვესტიციებს, საბანკო სფეროსა და სხვა ბიზნესაქტივობების მაჩვენებლებს კი სტატისტიკის სამსახური მომავალ თვეში შეაჯამებს. სწორედ მაშინ უფრო კონკრეტულად გამოჩნდება, თუ რა დაუჯდა საქართველოს მედიით გამოწვეული პანიკა.
XS
SM
MD
LG