Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის განცხადებით, აშშ-ს სამშვიდობო ემისარი შეიძლება ახლო აღმოსავლეთში კვირას დაბრუნდეს


ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ეჰუდ ბარაკის ოფისის განცხადებით, შეერთებული შტატების სამშვიდობო ემისარი, ჯორჯ მიტჩელი ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა კვირას ჩავიდეს ვიზიტით, რომელიც ისრაელის მხრიდან დასახლებების გაფართოების გეგმის გამოცხადების გამო გადაიდო. მიტჩელის ვიზიტმა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებს უნდა დაუდოს სათავე. მაგრამ ამ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი წინაღობა შეუქმნა პალესტინელთა პროტესტმა - რაც ვაშინგტონშიც გაიზიარეს - ისრაელის გეგმის მიმართ, რომელიც ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში კიდევ 1,600 საცხოვრებელი ერთეულის გაშენებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ეს გეგმა სამშვიდობო პროცესს ხელს არ უწყობს - თუმცა, მისი თქმით, ის, რომ ამ ნაბიჯს ვაშინგტონი გმობს არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ურთიერთობაში „კრიზისია“. ისრაელმა თავისი გეგმა გასულ კვირაში გამოაცხადა - როცა ახლო აღმოსავლეთს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სტუმრობდა. იერუსალიმის საკითხის ირგვლივ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის მწვავე უთანხმოებაა - პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს თავიანთი სამომავლო სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG