Accessibility links

logo-print
ისევ და ისევ „მოდელირებული ქრონიკის“ გარშემო ტრიალებს დღეს გაზეთი ”რეზონანსი”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და ბეჭდავს გაზეთ ”ბათუმელების” ინტერვიუს თოქ-შოუს წამყვან ნათია კობერიძესთან.

”შენი ხალხის საწინააღმდეგოდ ასეთი რამ როგორ უნდა დაგეგმო?!” - კითხულობს ედუარდ შევარდნაძე ”რეზონანსის” ჟურნალისტთან საუბრისას. - ”ეს იყო ხალხის დაცინვა, აშკარად გამოხატული დაცინვა, საკუთარი ხალხის აბუჩად აგდება. საკუთარი ხალხის დაშინება - ეს არის ყველაზე უმძიმესი დანაშაული. კანონით უნდა ისჯებოდეს ასეთი რამ”. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს შევარდნაძე ბურჯანაძისა და ნოღაიდელის მოსკოვურ ვიზიტებზე, ექს-პრეზიდენტი პასუხობს: ”დადებითად ვარ განწყობილი. ისინი, რაც შეუძლიათ, იმას აკეთებენ. მოსკოვთან კონტაქტები ყველა შემთხვევაში საჭიროა. რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გარეშე საქართველო ვერ იარსებებს.”

როგორც „იმიტირებული ქრონიკის“ თანმდევი თოქ-შოუს წამყვანი ნათია კობერიძე გაზეთ ”ბათუმელებთან” საუბრისას აცხადებს, ის არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ რეპორტაჟზე წარწერა ”იმიტირებული” არ იქნებოდა: ”ეს ჩემს დონეზე არ გადაწყვეტილა. მე არც სიუჟეტის მომზადებაში მიმიღია მონაწილეობა. ჩემი აზრით, ეს სიუჟეტი ტიტრიანიც იქნებოდა შოკის მომგვრელი, - უბრალოდ, არ გამოიწვევდა პანიკას, - ეს იყო შოკზე გათვლილი. მე მეტსაც გეტყვით, არ ვიყავი წინააღმდეგი იმიტირებული საფრთხეების”, - ამბობს კობერიძე. მისივე თქმით, ის არ ერიდება პასუხისმგებლობას. ეს ყველას გუნდური პასუხისმგებლობაა. თუმცა საუბარი იმაზე, რომ ამ ტიპის გადაცემის გაშვება არ შეიძლება, დემაგოგიაა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ის შელახული იმიჯის აღდგენას, ნათია კობერიძე მის კითხვას კითხვითვე პასუხობს: ”თქვენ მიიჩნევთ, რომ ჩემი იმიჯი შელახულია?”

”ქართული სპეცსამსახურები ოპოზიციას ეხმარებიან”, - წერს დღევანდელი ”ახალი თაობა”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან. ჟურნალისტი მას იმიტირებული ქრონიკის შეფასებას სთხოვს: ”ხელისუფლება უსინდისოდ იქცევა, როდესაც სამეცნიერო ტერმინებს იყენებს თავისი ავადმყოფური მიზნებისთვის. იმიტირებული ნიშნავს, როცა მსახიობები თამაშობენ. ამ გადაცემაში კი ცოცხალი ადამიანები მონაწილეობდნენ, ელჩები იყვნენ და სხვა უამრავი ადამიანი. ეს იყო დეზინფორმაციაზე შეგნებულად გათვლილი სიუჟეტი და მისთვის იმიტირებულის დარქმევა უსინდისობაა. ამ ქმედებას თუ შეფასებას მივცემთ, აქ უნდა გამოვიყენოთ ორი სამედიცინო ტერმინი: აგონია და პარანოია”. როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, დიდი ხანია რაც ხელისუფლებაში დაპირისპირება არსებობს. „იმიტირებული ქრონიკის“ გარშემო გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებზე საუბრისას ის ამბობს, რომ ”აქ არაფერშუაშია რუსული სპეცსამსახურები. ეს არის საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების ქცევები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ამ ინფორმაციაზე. ჩვენი სპეცსამსახურების ოფიცრები არ ემსახურებიან სააკაშვილს, ისინი ემსახურებიან სახელმწიფოს. მათ იციან, სად არის მათი როლი.”

გაზეთი ”ალია” ესაუბრა პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს. ის „მოდელირებული ქრონიკის“ გასვლის შემდეგ დიპლომატიური კორპუსის ერთობლივ შეტევაზე საუბრობს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისკენ იყო მიმართული: ”ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ყველა ელჩი, ფაქტობრივად, ერთდროულად გამოვიდა და სააკაშვილს შეუტია. შედეგად, კიდევ ერთხელ გაიგო მთელმა დასავლეთმა, როგორი ავადმყოფი პრეზიდენტი ჰყავს საქართველოს. სააკაშვილმა ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენა: უნდოდა ოპოზიციის ლანძღვა, მერე დაშინება: აი , ნახეთ, გესვრით და მსხვერპლი იქნებაო. მერე უნდოდა, ხალხის თვალში გმირად წარმოეჩინა თავი”. როგორც კლიმიაშვილი ”ალიასთან” საუბარში აცხადებს, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად აუცილებელია დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.

დღევანდელი ”ჯორჯიან ტაიმსი” სრულად ეთმობა „იმიტირებული ქრონიკის“ შედეგებსა და ანალიზს. სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაური მიიჩნევს, რომ „იმიტირებული ქრონიკა“ იმ ადამიანების სცენარია, ვინც მუხროვანის ამბოხების ინსცენირება მოახდინა: ”რეაქციის შემდეგ, რომელიც ამ გადაცემას მოჰყვა, სააკაშვილი იძულებული იყო, რევერანსები შეესრულებინა როგორც საზოგადოების, ასევე ჯარის მიმართ. ეს ყველაფერი ჯარს შეურაცხყოფს”, - ამბობს მელითაური.

”ჯორჯიან ტაიმსი” აქვეყნებს ინტერვიუს ”იმედის” ყოფილ ჟურნალისტ იასე ცინცაძესთან, რომელმაც ტელეკომპანია „იმიტირებული ქრონიკის“ გასვლის შემდეგ დატოვა: ”ჟურნალისტს ვერავინ გააკეთებინებს იმას, რისი გაკეთებაც თავად არ სურს. ვისურვებდი, რომ იმ ჟურნალისტებზე, ვინც ეს ჩაიდინა, ზეწოლა ყოფილიყო. არ მინდა დავიჯერო, რომ მათ ასეთი რამ თავისი სურვილით ჩაიდინეს. დაკვეთის შესრულებას ვერც ჩემს თავს ვაპატიებ და ვერც ვინმე სხვას.”
XS
SM
MD
LG