Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აღარ მალავს საქართველოთი იმედგაცრუებას


ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუ
ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუ
17 მარტს ბრიუსელში მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ევროკავშირის ხელმძღვანელებმა მკაფიოდ მიანიშნეს, რომ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება აუცილებელია, თუკი თბილისს სურს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ბრიუსელთან. ეს გაფრთხილება დაემთხვა „იმედის“გაყალბებული საინფორმაციო გამოშვების მიერ გამოწვეულ სკანდალს საქართველოში, რის გამოც განმარტების გაკეთება ბრიუსელში თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუხდა. თუმცა, როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი იუწყება, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირმა ღიად გამოხატა საქართველოს მიმართ იმედგაცრუება.

ადრე ევროკავშირი მხოლოდ მინიშნებით საუბრობდა იმედგაცრუებაზე, რასაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იწვევდა საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. მაგრამ 17 მარტს, როდესაც სამხრეთ კავკასიის არასტაბილური ქვეყნის მიზნებსა და რეალობას შორის არსებულ დეფიციტზე საუბრობდა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ახალი, უფრო მკვეთრი ტონი შეარჩია.

„ევროკავშირი იმედს იტოვებს, რომ გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა მოხდეს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, შეიქმნას ინკლუზიური პოლიტიკური კულტურა და უზრუნველყოფილ იქნეს მედიის სრული თავისუფლება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გილაურთან შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში ჟოზე მანუელ ბაროზუმ და დასძინა, „პროგრესი ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია საქართველოსათვის, თუკი სურს ევროკავშირთან დაახლოებაო“.

„ასევე აუცილებელია ბოლომდე იქნეს მიყვანილი ყველა დემოკრატიული რეფორმა, მათ შორის, მედიის თავისუფლების პატივისცემის ჩათვლით. ეს შეეხება ასევე მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას. მე ვფიქრობ, ეს აუცილებლად საჭიროა ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო კავშირურთიერთობისათვის.“

ბაროზუმ თქვა, რომ მაისის ადგილობრივი არჩევნები შესაძლებლობას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს ერთგულება პოლიტიკური პლურალიზმისა და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ. „მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას შეძლებსო“, - თქვა ბარუზომ, რომლის სიტყვებიც რჩევას უფრო წააგავდა.

ევროკავშირის ოფიციალური პირები 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ იმედგაცრუებას პრეზიდენტ მიხეილ საააკშვილის მზარდი ავტორიტარიზმისა და არასტაბილური მმართველობის გამო. 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის დემონსტრაციის ძალადობრივმა დარბევამ შეძრა ევროპის ბლოკი, რომლისთვისაც კიდევ უფრო მოულოდნელი აღმოჩნდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი რუსეთთან. ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილმა ომის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელმა კომისიამ დაადანაშაულა სააკაშვილი იმაში, რომ მან რუსეთის პროვოკაციას გადამეტებული ძალით უპასუხა.

არანაკლებ შეაშფოთა ევროპის კავშირი 13 მარტს პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ გაყალბებულმა საინფორმაციო გამოშვებამ, რომელმაც საყოველთაო პანიკა გამოიწვია ქვეყანაში იმით, რომ მაყურებელს და მსმენელს აუწყებდა, რუსეთის ჯარები კიდევ ერთხელ შემოიჭრნენ საქართველოში, მოკლეს პრეზიდენტი სააკაშვილი და, რუსეთის მხარდაჭერით, ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს გადაეცაო.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 17 მარტს ამ მისტიფიკაციას „აღმაშფოთებელი“ უწოდა, თუმცა ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო აზრი, თითქოს ტელეკომპანაი „იმედს“ საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდეს:

„ეს არ არის მთავრობის საკუთრებაში მყოფი ან მთავრობის მიერ კონტროლირებადი, ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული ტელეკომპანია. მე სრულიად გეთანხმებით, რომ ის, რაც აჩვენეს, არ იყო კარგი. მაგრამ ეს არის თავისუფალი მედია, რომელსაც კერძო პირები მართავენ. არსებობს საქართველოში ასევე დამოუკიდებელი სატელეკომუნიკაციო კომისია, რომელიც უახლოეს ხანებში გამართავს მოსმენას ამ პრობლემასთან დაკავშირებით.“

მაგრამ ბარუზომ ხაზი გაუსვა სერიოზულობას, რითაც ამ ინციდენტს ეკიდება ევროკავშირი და აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს რეგიონში სიტუაციის დაძაბვისაგან. საქართველოსათვის მნიშვნელოვანია მის ტერიტორიაზე ევროკაშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობა, თუმცა ეს არ არის ერთმიშვნელოვნად პოპულარული საკითხი ბლოკის შიგნით. საფრანგეთი და გერმანია შიშობენ, რომ შესაძლოა ევროკავშირის ურთიერთობა რუსეთთან გართულდეს, თუკი მოსკოვსა და თბილისს შორის კვლავ იფეთქებს კონფლიქტი. ამასთან, თუ საქართველოს დემოკრატიული მახასიათებლები შემდგომში კვლავ გაუარესდება, მაშინ, შესაძლოა, მისიის გაგრძელების საკითხი ამ შემოდგომაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

თუმცა პრემიერ-მინისტრი გილაური ვიზიტს ბრიუსელში წარმატებულად მიიჩნევს - მან მიიღო დაპირება ევროკავშირისგან, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულება შესაძლოა რამდენიმე თვეში გაფორმდეს. ამით საქართველო საბოლოოდ გაუთანაბრდება რუსეთს, უკრაინასა და მოლდავეთს, რომელთა მოქალაქეები უკვე სარგებლობენ გამარტივებული სავიზო რეჟიმით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG