Accessibility links

logo-print
საჯარო დებატები ”საზოგადოება და პოლიტიკა - გავლენის ვექტორები” ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაგეგმა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ოთხშაბათს - 17 მარტს - გამართული დისკუსიის მონაწილეები ვერ ასცდნენ ტელეიმედის ეგრეთ წოდებული ”მოდელირებული ქრონიკის” შესახებ საუბარს.

ფაქტობრივად, ეს იყო პირველი ცდა შეფასებულიყო 13 მარტს ტელეიმედის ეთერში გადაცემული ”მოდელირებულად” წოდებული ქრონიკა საჯარო დისკუსიაზე, თუმცა მომხსენებლები თავიდან ყველანაირად ცდილობდნენ ემსჯელათ მიზეზზე, რომელმაც ამ გადაცემის შექმნა განაპირობა.

თუკი საუბარია საზოგადოებისა და პოლიტიკის გავლენაზე (თანაც, დისკუსიაზე არაერთხელ ითქვა, რომ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებში გულისხმობენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას), საქართველოში პოლიტიკოსები საზოგადოების მანიპულაციას მედიის და, პირველ რიგში, ტელევიზიის საშუალებით ცდილობენ...

არსებითად მთელ მსოფლიოში ასეა, თუმცა დასავლეთში სამოქალაქო კულტურა იმდენად მაღალია, რომ მედია, ასე თუ ისე, მუდმივად ცდილობს შეინარჩუნოს პასუხისმგებლობა და თუკი ვერ შეინარჩუნა, ამის გამო თითქმის ყოველთვის საზოგადოების კრიტიკის ობიექტი ხდება. მაგრამ საქართველოში, სადაც, პოლიტოლოგ მალხაზ სალდაძის თქმით, კარგა ხანია პოლიტიკას ”მართვის ხელოვნებას” უწოდებენ (ამას ამოიკითხავთ სერიოზულ პოლიტოლოგთა წიგნებში), ასეთი მანიპულაციები დღემდე არავის უკვირდა.

”ჰიბრიდული რეჟიმისთვის” ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სხვათა შორის, ეს ტერმინი - ”ჰიბრიდული რეჟიმი” - თავდაპირველად რუსეთის მიმართ იყო გამოყენებული, მოგვიანებით კი საქართველოს მიმართაც გამოიყენეს, რაც, მალხაზ სალდაძის თქმით, ბუნებრივია, ”პოსტსაბჭოთა სივრცისთვის” - ბუნებრივი.

საზოგადოების უმოქმედობა, დაბალი სამოქალაქო კულტურა - იყო მთავარი თემა, რომელიც მედიის მკვლევრებმა, ჟურნალისტებმა, პოლიტოლოგებმა განიხილეს 17 მარტს გამართულ დისკუსიაზე. ჟურნალისტი ნინო დანელია მიიჩნევს, რომ არ გამართლდა ის იმედი, რომელიც იყო საზოგადოების ერთ ნაწილში 2003 წელს, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, - სამოქალაქო საზოგადოების შექმნის იმედი.

პოლიტიკისა და მედიის მანიპულაციის მაგალითად ნინო დანელიამ მოიყვანა ცნობილი ”ტელედაჭერები”, როცა თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ დასაჭერები და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ფორმას, ნაკლებად მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად სამართლებრივი იყო ადამიანების დაპატიმრების ჩვენება პირდაპირ ეთერში.

მაგრამ როცა პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ კონკრეტულ ადამიანზე და როცა მედია ამ პოლიტიკური სივრცის საზღვრებს ვერ სცილდება, კანონზომიერი ხდება ის, რაც 13 მარტს მოხდა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში. სინამდვილეში, ”იმედის სკანდალი”, ნინო დანელიას აზრით, ლოგიკურად ეწერება ეგრეთ წოდებული ”ლიბერტალიანური მოდელის” სისტემაში - უფრო სწორად, ამ მოდელის სწორხაზოვან დანერგვაში.

მაგრამ, ნინო დანელიას თქმით, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დღეს „ლიბერტალიანური მოდელი“ შეიცვალა სოციალური პასუხისმგებლობის მოდელით. ადამიანები თითქოს შეიკრიბნენ და თქვეს, რომ თავისუფლებას თან ახლავს პასუხისმგებლობა... დანელიას თქმით, პრობლემა ისიცაა, რომ არც ადამიანთა შეკრება, მსჯელობა და დისკუსია გადაქცეულა საქართველოში მოქალაქეთა ცხოვრების წესად, როცა საზოგადოების ყველა წევრს ეძლევა საშუალება არ გაჩუმდეს, გამოხატოს თავისი პოზიცია. არადა, სწორედ დისკუსიაა, ნინო დანელიას თქმით, ავტორიტარიზმის დაძლევის წამყვანი ფორმა.

რა არის გამოსავალი - მაშ, როგორ გამოვხატოთ პროტესტიო? - იკითხეს დისკუსიაში მონაწილე ახალგაზრდებმა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში. ნინო დანელიას აზრით, გამოსავალი შეიძლება იყოს სამოქალაქო ჟურნალისტიკა, როდესაც თითოეული მოქალაქე შეიძლება გახდეს ინფორმაციის გამავრცელებელი. თავისი გამოსვლის დასასრულს ნინო დანელიამ აღნიშნა:

”არ მჯერა მე იმის, რომ სახელმწიფოს - მათ შორის, ყველაზე ავტორიტარულ სახელმწიფოს - შეუძლია საზოგადოების დამორჩილება, თუკი საზოგადოება არ მისცემს მას ამის საშუალებას. ჩვენ არ ვართ ტოტალიტარული ქვეყანა. ამიტომ, თუკი ჩვენი პოზიცია ხმამაღალი იქნება, დარწმუნებული ვარ, შედეგს მივაღწევთ.”
XS
SM
MD
LG