Accessibility links

„როცა სიბნელე ირგვლივ სრულია,
ნიშნავს, რომ ღამის დასასრულია“
კოტე ყუბანეიშვილი

ვიცი, რომ უკვე ყველას მობეზრდა 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გასულ რეპორტაჟზე საუბარი. ამ რეპორტაჟიდან მხოლოდ სიტყვა „მოდელირებული“ შემოგვრჩა, რომელიც აქტიურად იმკვიდრებს თავს თბილისელების ლექსიკონში, მაგალითად, ასეთ კონტექსტში: „შენ ცოტა მოდელირებული ხომ არა ხარ?!“

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ამ მობეზრებულ სიუჟეტთან დაკავშირებით, თითქმის არც ერთ შეკითხვაზე დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ მიგვიღია. არ ვიცით მოტივი, არ ვიცით დამკვეთი, არ ვიცით მიზანი და არც შედეგი. არადა, სწორედ შედეგზე მინდა, დავწერო. თანაც, რაკი პრეზიდენტზე მომიწევს საუბარი, რომლის კავშირი სიუჟეტთან დოკუმენტურად დაუდასტურებელია, ბარემ განვმარტავ, რომ ამ სტატიას საფუძვლად მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებები უდევს.

* * *

წარმოუდგენელია, ამ რეპორტაჟის დამგეგმავ და მის მომზადებაში ჩართულ ადამიანებს ის შედეგი გაეთვალათ, რაც, ჩემი აზრით, მიიღეს: 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთთან დაწყებულ რეალურ ომს 2010 წლის 13 მარტს მოდელირებული ომით დაესვა წერტილი. ამ დღეს განცდილი ემოციური შოკის შემდეგ ჩვენ, როგორც ქვეყანამ, გავაცნობიერეთ ის, რაც ნამდვილი ომის შემდეგ ბოლომდე არ გვჯეროდა: საქართველოს ხელისუფლებამ ომი წააგო. მან პასუხი უნდა აგოს.

ბევრმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ როგორც ქართული, ისე უცხოური საზოგადოების მხრიდან ზუსტად ახლა კეთდება ის შეფასებები, რაც, წესით, აგვისტოს ომის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო. ახლა ტრიალებს ჰაერში ის ღრუბლები, რომლებიც ხუთდღიანი ომის წამგები მთავარსარდლის თავზე ჯერ კიდევ 18 თვის წინ უნდა შეკრებილიყო. დავამატებ: რეალობის აღქმა, რაც ნამდვილი ომის შემდეგ დაიშალა და უმისამართოდ გაიბნა, საწყის წერტილს სწორედ იმიტირებულმა ომმა დაუბრუნა. შოკის შემდეგ ფოკუსი ერთბაშად გასწორდა და მივხვდით – ბოლო გადასატანი გადავიტანეთ. უსახელო სიმძიმე, რაც წელიწადნახევრის განმავლობაში სასტიკად გვაწვალებდა და ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევდა, სახელდებულია: ომთან თამაში სიგიჟეა. ეს სიგიჟე, ბოლოს და ბოლოს, დასრულდა და დაიწყო პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.

ერთია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩების საპროტესტო განცხადებები; მეორეა ევროპული და ამერიკული საგაზეთო სტატიები თუ ტელესიუჟეტები, სადაც პირდაპირ ან ირიბად არის მინიშნებული ის პასუხისმგებლობა, რაც ჟურნალისტების კომპეტენციას სცილდება. ბევრგან მოურიდებლად არის ნათქვამი, რომ ტელეკომპანია „იმედს“ პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირი მართავს. უცხოელები სიუჟეტს უწოდებენ არა „უსიამოვნოს“ – როგორც მას საქართველოს პრეზიდენტმა უწოდა – არამედ, „უპასუხისმგებლოს“.

მთავარი მაინც ქართული საზოგადოებაა, რომელიც სიუჟეტის შემდეგ ორ რადიკალურ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილის აზრით, ისევ ტელემაყურებლის ბრალია, თუ მან ტყუილი და მართალი ერთმანეთისგან ვერ გაარჩია და თავი პანიკაში ჩაიგდო. მეორე ნაწილი კი პრეზიდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილის ესა თუ ის გამონათქვამი, ესა თუ ის ნაბიჯი არაერთგვაროვნად ბევრჯერ შეფასებულა, მაგრამ მის მიმართ საჯარო სივრცეში არასოდეს დასმულა იმგვარი „დიაგნოზები“, როგორიც „ქრონიკის“ სიუჟეტის შემდეგ დაისვა. და ბოლო წლების განმავლობაში პირველად ვხედავთ, რომ პრეზიდენტის მომხრეთა ჯგუფი შეუდარებლად მცირერიცხოვანია, ვიდრე – მისგან დაზაფრულების.

* * *

არავინ გაბედავდა ასეთ შეფასებებს შეთხზული სიუჟეტის გამო, მისი წინამორბედი რომ არ ყოფილიყო ხუთ დღეში წაგებული რეალური ომი; და არავინ აპირებდა იმ რეალური ომის გამო პასუხის მოთხოვნას, ომთან თამაში თავად ომის წამგებ პრეზიდენტს რომ არ წამოეწყო. რეალური და ვირტუალური ამბავი საბედისწეროდ გადაება ერთმანეთს, რათა დასრულებულიყო ის, რაც დაიწყო და შემდეგ ჰაერში გამოეკიდა განაჩენის მოლოდინში.

როდის და როგორ გაფორმდება ეს დასასრული, არ ვიცი. სულ ორი კვირის წინ მე თვითონ დავწერე სტატია დაკარგულ დროზე, როდესაც რეალობას მოწყვეტილ ადამიანებს ეჩქარებათ ცვლილებები და ჰგონიათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ორ-სამ დღეში დასრულდება. მე ასე არ მგონია, მაგრამ ცხადად ვგრძნობ, რომ საქართველომ რუსეთთან წაგებული ომი, როგორც იქნა, 13 მარტს დაასრულა.

არადა, ყველას გვახსოვს, როგორი გაძლიერებული გამოვიდა აგვისტოს ომიდან მიხეილ სააკაშვილი. პირველი შოკის შემდეგ მან მძლავრად აამუშავა პროპაგანდისტული მანქანა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი დაარწმუნა, რომ ომი არ წაგვიგია. ამას დაემატა უცხოეთის მხარდაჭერა, რაც, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებისთვის 4.5 მილიარდი დოლარის გადაცემაში გამოიხატა. 2009 წლის გაზაფხულზე დაიწყო ოპოზიციის საპროტესტო ტალღა, რომელსაც ხელისუფლება კარგად გაუმკლავდა. ამ ტალღის სამარცხვინო ფინალშიც, ცხადია, ხელისუფლების ხელი ერია. ოპოზიციის მარცხმა პრეზიდენტი და მისი გუნდი კიდევ მეტად გააძლიერა...

* * *

აი, ამ საზეიმო განწყობით მივიდა მიხეილ სააკაშვილი 13 მარტის „ქრონიკამდე“, რომელმაც ნახევარ საათში გაანულა მისი წელიწადნახევრიანი ძალისხმევა, რომ როგორმე ომი არ დაგვემთავრებინა, ესე იგი, არ გვეღიარებინა, რომ ის წავაგეთ. ახალი წლის დადგომამდე ორი წუთით ადრეც კი პრეზიდენტი მოგვიწოდებდა, ხელში იარაღი აგვეღო და გვებრძოლა. ახლა, როგორც იქნა, მთელი მსოფლიოს თვალწინ ომს წერტილი დავუსვით; ესე იგი, მოვიპოვეთ უფლება, რომ იარაღი დავდოთ და ქვეყანას მივხედოთ – თუკი შეგვიძლია.

ამიტომ, 13 მარტის შემდეგ ჩემთვის სრულიად რეალური მნიშვნელობით ჟღერს „იმედის“ საინფორმაციო პროგრამის დევიზი: „ქრონიკა – გაიგე სხვაზე ადრე!“

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG