Accessibility links

ოსური მხარე ტელეკომპანია იმედის მოდელირებული ქრონიკის საკითხის განხილვას ჟენევის მომავალი დისკუსიის ფარგლებში მოითხოვს.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მურად ჯიოევის თქმით, ამ გადაცემამ რეგიონის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამიტომ მას ყველა მხრიდან შეფასება უნდა მიეცეს. ეს მოთხოვნა ჯიოევმა ცხინვალში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დააყენა.

ჟენევის დისკუსიის მთავარ საკითხად უსაფრთხოებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მომზადება რჩება. ამ საკითხზე მხარეებს სხვადასხვა პოზიციები და ხედვა გააჩნიათ, ამიტომ ცხინვალში თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთი სამუშაო პროექტი ჩაიტანეს. მურად ჯიოევის განცხადებით, აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს, რადგან რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება ყველა მხარისთვის აუცილებელია.

ევროკავშირის წარმომადგენლის პიერ მორელის განცხადებით, უსაფრთხოების დოკუმენტის შემუშავებისას მხარეთა განსხვავებული ხედვების მიუხედავად ნაბიჯ-ნაბიჯ პოზიციების დაახლოება მაინც ხდება. მან პროგრესულ ნაბიჯად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტებთან, რომლებიც ორივე მხარეს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ, მხარეები თანამშრომლობენ.

ეუთოს მხრიდან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ბოლათ ნურგალიევმა აღნიშნა, რომ სამი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების ხშირი ვიზიტები რეგიონში, ნიშნავს დიდ დაინტერესებას კონფლიქტის ზონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

ჟენევის დისკუსიის მე-9 რაუნდი 30 მარტს გაიმართება.

უსაფრთხოების საკითხების გარდა მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებსაც განიხილავენ. ამავე შეხვედრაზე ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების აღდგენის საკითხზეც იმსჯელებენ, რომელიც ოსური მხარის მიერ დიდი ხანია ჩაშლილია. როგორც ცნობილია, ამ მექანიზმში ოსური მხარე მონაწილეობაზე უარს იმ დრომდე აცხადებს, ვიდრე ქართული მხარე არ დათანხმდება დაკავებულთა გაცვლას პრინციპით: ყველა - ყველაზე.

ქართული მხარისთვის ეს შეთავაზება მიუღებელია.
XS
SM
MD
LG