Accessibility links

logo-print

სოციალური დემაგოგია - ამომრჩევლის საყვარელი სატყუარა


ია თიკანაძე (მარცხნივ), შოთა მურღულია (ცენტრში) და დავით ნარმანია, შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდში

ია თიკანაძე (მარცხნივ), შოთა მურღულია (ცენტრში) და დავით ნარმანია, შეხვედრა ფრიდრიხ ებერტის ფონდში

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა შეისწავლა საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც, კვლევის შედეგების მიხედვით, ძირითადად, წინასაარჩევნო პერიოდისათვის მზადდება. ამასთან, ირკვევა, რომ პროგრამების უმეტესი ნაწილი არ ეყრდნობა კონკრეტულ ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებს. რას ჰპირდებიან პარტიები ამომრჩევლებს და რატომ აქვს დაპირებებს ლოზუნგების ფორმა?

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ორასზე მეტი პოლიტიკური პარტიაა რეგისტრირებული, თუმცა, როგორც სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი შოთა მურღულია ამბობს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ეგრეთ წოდებული უმოქმედო პარტიებია. შესაბამისად, კვლევისთვის შერჩეული იქნა 23 ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელთა წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

„ჩვენი მიზანი იყო გაგვეგო, თუ რა ეკონომიკურ პლატფორმაზე არის აგებული მათი პლატფორმები. პროგრამა არ უნდა იწერებოდეს მხოლოდ არჩევნებისთვის“, - უთხრა შოთა მურღულიამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ რეალურად პროგრამა მხოლოდ 4-5 პარტიას აქვს დაწერილი. კვლევის ერთ-ერთი ავტორის, დავით ნარმანიას, თქმით, როგორც წესი, პროგრამებს აკლია სიღრმე, სერიოზული გათვლები და კავშირი პროგრამის სოციალურ და ეკონომიკურ ნაწილებს შორის.

თუ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების მიხედვით ვიმსჯელებთ, პოლიტიკოსებისათვის არც ბუნდოვანი, ზოგადი და, ფაქტობრივად, არაფრისმეტყველი განცხადებებია უცხო.

თავად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოჯადოებულ წრეზე უწევთ ტრიალი. პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის, მანანა ნაჭყებიას, თქმით, მმართველმა პარტიამ, რომელსაც ყველაზე მეტად მიუწვდება ხელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, დაამკვიდრა ამომრჩეველთან ურთიერთობის ახალი, ეგრეთ წოდებული ლოზუნგების, ენა:

„საზოგადოებაც აეწყო ასეთ - ლოზუნგური ტიპის - პროგრამებზე და სერიოზული პროგრამები იქცა მხოლოდ ექსპერტების განხილვის საგნად. პირდაპირ რომ ვთქვათ, პოლიტიკური პარტიების მოტივაცია არის ხმების მოზიდვა და არა ექსპერტებზე ზეგავლენის მოხდენა. აქედან გამომდინარე, გადაეწყვნენ პოლიტიკური პარტიები ასეთი ტიპის მუშაობაზე“, განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

უკანასკნელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2008 წელს ჩატარდა, გამარჯვებული კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდებოდა: უფასო ჯანდაცვას პენსიონერებისათვის, მასწავლებლებისა და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის; პენსია-ხელფასების გაზრდასა და უმუშევრობის აღმოფხვრას. საინტერესოა, რომ ამასვე ითხოვენ ამომრჩევლები ამჟამად.

სიღარიბისა და უმუშევრობის მაღალი დონის გამო, გარდა იმისა, რომ იოლია ამომრჩევლის მოსყიდვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია ეკონომიკურ პროგრამასა და გრძელვადიან გათვლებზე საუბარი. ასე ფიქრობს საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე.

სიღარიბე და სხვა მძიმე ყოფითი სიტუაციები კი კვალს აჩნევს საზოგადოების წევრთა ფსიქიკაზე და, ხშირ შემთხვევაში, მათ არჩევანსაც განაპირობებს. ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ამბობს, რომ არსებობს ორი, უკიდურესად განსხვავებული, ფსიქიკური მდგომარეობა - ნევროტიკული და ნორმალური. ნევროტიკული ფსიქიკის ადამიანებს აქვთ მისწრაფება ფიქციონალური ფინალიზმისაკენ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ორიენტირებული არიან მოლოდინზე, ხოლო ნორმალური ფსიქიკის ადამიანი არჩევანს ყოველთვის წარსულის ინტერპრეტაციით, ანუ გამოცდილების გათვალისწინებით, აკეთებს. ამასთან, პროცენტულად საზოგადოებაში ნევროტიკული ფსიქიკის ადამიანთა რაოდენობა უფრო მაღალია.

“თუ ჩვენ ამ ტიპის ადამიანებს არჩევნების დროს შევპირდებით, 10 ლარს გადაგიხდი და მომეცი ხმაო, მაგრამ, გადახდის ნაცვლად, 11-ს წაართმევს, ისინი მაინც მისცემენ მომავალი დაპირებების დროს ხმას. ისევ იმას მიიღებენ და უარესს კიდევაც. ასეთი ადამიანების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს კიდეც, რადგანაც ქცევა წაბაძვითია.” - ნანა ჩაჩუა მიიჩნევს, რომ ვითარება სასიკეთოდ ვერ შეიცვლება საზოგადოების ინტელექტუალური ელიტის ძალისხმევის გარეშე, თუმცა ვითარება მძიმდება, როცა ელიტას ზნეობრიობის პრობლემა აქვს. რა ხდება ამ დროს?

ნანა ჩაჩუა: “ინტელექტუალური ელიტის გავლენა ასეთ ადამიანებზე იკარგება და მაშინ დაპირებების პოლიტიკა უკვე მიზანს აღწევს. ამიტომაცაა, რომ ამ პოლიტიკაში ჩართულია ინტელექტუალური ელიტის გაუფასურება და ინტელექტუალური ელიტის მოსყიდვა და ჩართვა ამ პროცესებში.“

დაპირებების პოლიტიკისათვის ნიადაგის გამოცლაზე უნდა ზრუნავდნენ პოლიტიკური პარტიებიც. საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენელი ია თიკანაძე კვლევაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ პარტიები, როგორც წესი, სცოდავენ:

„ის დრო, რომელიც აქვთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, - განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს, ვიდრე მოვლენ ხელისუფლებაში, - არ არის სათანადოდ გამოყენებული. შესაბამისად, ისინი ვერ ახდენენ ზეგავლენას ელექტორატზე; შესაბამისად, ვერ ახდენენ გავლენას მის გემოვნებაზე, პოლიტიკურ კულტურაზე, რითაც, მთლიანობაში, ზარალდება ჩვენი პოლიტიკური სისტემის განვითარების ტემპი.“

ფრიდრიხ ებერტის ფონდის დაფინანსებით გამოცემული ბროშურა
მაგრამ როგორ უნდა გამოიყენონ პარტიებმა არჩევნებს შორის არსებული დრო და როგორ უნდა დაიწეროს მათი სამოქმედო პროგრამის უმნიშვნელოვანესი - სოციალურ-ეკონომიკური - ნაწილი? ამ კითხვებზე პასუხების პოვნა შეიძლება ბროშურაში, რომელიც, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა კვლევის შედეგებთან ერთად გამოსცა. ნაშრომში გაანალიზებულია ეკონომიკის სამი ფლაგმანი ქვეყნის - ამერიკის, გერმანიისა და იაპონიის -პოლიტიკური პარტიების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამები და მათი აგების მექანიზმი, თუმცა არაფერია ნათქვამი იმაზე, როგორ უნდა სძლიოს პარტიამ ცდუნებას და თავი დააღწიოს სოციალურ დემაგოგიას, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის განვითარება, მაგრამ ყველაზე მეტი გასავალი აქვს.
XS
SM
MD
LG