Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული კონცეფცია ეროვნული უმცირესობებისათვის


ელენე თევდორაძე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ელენე თევდორაძე, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
19 მარტს სახალხო დამცველის ოფისში რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე თევდორაძემ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2009 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული საბჭო აქტიურად ჩაებმება მომავალი წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. პრობლემების ადგილზე შესწავლა და, ინტეგრაციის პარალელურად, ეროვნული უმცირესობებისათვის კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება - ეს 2009 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულება იყო, მომავალი წლის პრიორიტეტად კი ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრები ეკონომიკური მიმართულების გაძლიერებას მიიჩნევენ.

აუცილებელი პირობების შექმნა ეროვნული უმცირესობების კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მათთვის განათლების ყველა საფეხურის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა, მათი უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლონ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებებით - ეს არასრული ჩამონათვალი შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიზნებია, რომელთაც კოორდინირებას უწევს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი რეინტეგრაციის საკითხებში.

გასული წლის 14 დეკემბერს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში 19 მარტს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძემ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შემწყნარებლობის და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. მისი განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2010 წლის სამოქმედო გეგმას ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად გაწერს. მათ მიერ მოწოდებული წინადადებები და რეკომენდაციები იქნება მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი, აცხადებს ელენე თევდორაძე.

სამოქმედო გეგმის მთავარ მიღწევად მექა ხანგოშვილი, სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრებსა და პირადად მათგან მოსმენილ პრობლემებზე მუშაობას მიიჩნევს. აქტიურად გვიწევდა გასვლა რეგიონებში, რაც იმის საშუალებას იძლეოდა, რომ პირადად გავსაუბრებოდით მოსახლეობას, მათგან მოგვესმინა მათივე პრობლემები, ამბობს მექა ხანგოშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას: ”გამოიკვეთა, ძირითადად, ენის პრობლემა, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო ენას ვერ ფლობს - მათ უჭირთ უმაღლესი განათლების მიღება, სამსახურის შოვნა. ამ კუთხით, გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ მშობლიურ ენაზე ჩააბარონ ეროვნული გამოცდები. ჩემი აზრით, მაინც აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა და უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რეგიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ სახელმწიფო ენა იცოდეს.”

თუმცა, მისივე თქმით, სამოქმედო გეგმა და კონცეფცია მიმართულია იქითკენ, რომ ეროვნულმა უმცირესობებმა საკუთარი ენა და თვითმყოფადობა ბოლომდე შეინარჩუნონ.

კანონის უზენაესობა, განათლება და სახელმწიფო ენა, მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა, კულტურისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება - ეს ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებებია. საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე გენა მურადიანი მიიჩნევს, რომ სამოქმედო გეგმაში აუცილებლად უნდა წამოიწიოს წინ ეკონომიკური და სოციალური პრობლემატიკა, რაც 2009 წლის სამოქმედო გეგმაში თითქმის არ იყო გათვალისწინებული. სწორედ ამ გზით მოხდება ეროვნული უმცირესობების შენარჩუნება და მათი დასაქმება. ის რადიო თავისუფლებასთან მომავალი წლის სამოქმედო გეგმის კონკრეტულ მიმართულებებზე საუბრობს: ”ვფიქრობ, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეკონომიკური და სოციალური საკითხების წინ წამოწევა და იმ სახელმწიფო სამსახურების გააქტიურება, რომლებიც ამ კუთხით არიან პასუხისმგებელნი, რადგან იმავე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში არის უამრავი პოტენციალი კარტოფილის, ხორცპროდუქტების, რძის ნაწარმის, თაფლის... სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერ ახერხებს შორ მანძილზე გადაადგილებას და, თუკი ადგილობრივ დონეზე გაიხსნება მცირე საწარმოები და მოსახლეობა დასაქმდება, ჩვენ შევძლებთ ამ ადამიანების შენარჩუნებას”, - აცხადებს გენა მურადიანი.
XS
SM
MD
LG