Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის გაძლიერებაზე მსჯელობს


საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, შესაძლოა, პარლამენტის უფლებების გაზრდას დაუჭიროს მხარი. კომისიისათვის შეთავაზებული ცვლილებების მოწონების შემთხვევაში, გაიზრდება პარლამენტის უფლებები მთავრობის ფორმირებისა და ბიუჯეტის შედგენის საკითხებში.

კონსტიტუციური რეფორმის მთავარი მიზნის - ხელისუფლების დაბალანსებული სისტემის ჩამოყალიბების - მისაღწევად კომისია არ გამორიცხავს ორპალატიანი პარლამენტის შექმნას. კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, ასევე საშურია პარლამენტის უფლებების სხვა მიმართულებით გაზრდაც. ლაპარაკია მთავრობის დამტკიცების მექანიზმზე, როცა პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს მთავრობის შემადგენლობას, საბოლოო სიტყვას კი პარლამენტი ამბობს:

ავთანდილ დემეტრაშვილი
„თუ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება წარადგინოს მთავრობის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატურები. თუ ამ შემთხვევაშიც არ დაუჭირა მხარი პარლამენტმა (ნდობა არ გამოუცხადა), მაშინ თავად პარლამენტს შეუძლია აირჩიოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ჩამოაყალიბებს მთავრობას.“
ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, პროექტი ასევე ითვალიწინებს პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას ბიუჯეტის შედგენისა და დამტკიცების საკითხში, რომელსაც პრეზიდენტის ჩარევის გარეშე მთავრობა და პარლამენტი წყვეტენ. სამართლის ექსპერტი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ სქემა, რომლის განხილვასაც კომისია იწყებს, ლოგიკურია და მართლაც გააძლიერებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, თუმცა, მისი თქმით, არის ერთი მომენტი:

„ცალკე, ასე ამოგლეჯილად, რაიმე ურთიერთობის განხილვა პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, პრინციპულად არასწორი იქნება, თუ არ გვეცოდინება მთლიანად როგორია ყველა ურთიერთობა და არა მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით. ისე ვიტყოდი, ზოგადად, რომ იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლება და როდესაც მხოლოდ მთავრობა ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაშინ ლოგიკურად მთავრობის შექმნაზე პასუხისმგებლობა უნდა ეკისრებოდეს პარლამენტს.“

თუმცა ჯერჯერობით საქმე ეხება კომისიის შიგნით არსებულ საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტსა და მის ცალკეულ პუნქტებს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნის თენგიზ შარმანაშვილის თქმით, კომისიის ვარიანტად ქცევამდე ინიციატივამ გრძელი გზა უნდა გაიაროს:

თენგიზ შარმანაშვილი
„უნდა მოიწონოს სამუშაო ჯგუფმა, მისცეს მას მსვლელობა და მერე განიხილოს პლენარულმა სხდომამ, ანუ მთელმა კომისიამ. თუ სამუშაო ჯგუფები არ მოიწონებენ, ამ პროექტის ავტორებს უფლება აქვთ მაინც მოითხოვონ განხილვა პლენარულ სხდომაზე და სთხოვონ კომისიას მხარდაჭერა.“

თენგიზ შარმანაშვილის თქმით, კომისიის ვარიანტის სტატუსის შესაძენად საჭიროა პლენარულ სხდომაზე კომისიის წევრთა ორი მესამედის მხარდაჭერა, რის შემდეგაც კონსტიტუციური ცვლილების პროექტი პრეზიდენტს გადაეგზავნება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს უჭირთ იმის დაზუსტება, თუ რა დრო დასჭირდება მოცემული ინიციატივის კონსტიტუციის პროექტად ქცევას. თუმცა ცნობილია, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა 2010 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG