Accessibility links

logo-print
მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, სადაც წაიკითხავთ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომლის მიხედვითაც, ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ქართველი მოსახლეობის დარჩენილი ქონება ოსურ მოსახლეობას გადაეცემა. გაზეთი წერს, ეს კანონი ცხინვალში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საპროტესტო აქციებთან არის დაკავშირებული, მოსახლეობის, რომელმაც უკვე ორი ზამთარი გაატარა კარვებშიო. სტატიის სათაურია: ”კოკოითი უკმაყოფილოებს ქართველთა ქონებას ურიგებს”. ამ პუბლიკაციას ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

ასვე ”რეზონანსში”, როგორც დღევანდელი ქართული გაზეთების დიდ ნაწილში, წაიკითხავთ გაზეთ ”შანსის” მთავარი რედაქტორის ბონდო ქურდაძის შესახებ. მან უკრაინის პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, თავშესაფარი სთხოვა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სატელეფონო მუქარების გამო. ”რეზონანსი” წერს, წერილის გაცნობის შემდეგ ვცადეთ დავკავშირებოდით თავად ქურდაძეს, რათა გაგვეგო, თუ ვინ და როგორ ემუქრებოდა მას, მაგრამ დაკავშირება ვერ შევძელითო.

”ვერსია”, ისევე როგორც სხვა გაზეთები, დღეს ”იმიტირებული ქრონიკის” გარშემო ატეხილ სკანდალს უბრუნდება. „ვერსია“ ეკონომიკურ შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. დავით ნარმანიამ, ეკონომიკის ექსპერტმა, გაზეთს უთხრა, გამოწვეული ზიანი ორი მთავარი მიმართულებით უნდა განვიხილოთო: ”პირველი, ეს არის მოკლევადიან პერიოდში, ანუ იმიტირებული ქრონიკის ეთერში გაშვებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, კომპანიების პირდაპირი ზიანი; მეორე - ეს არის შეფერხებული საინვესტიციო აქტივობა, უფრო სწორად, საინვესტიციო გარემოზე ამგვარი სიუჟეტის უარყოფითი გავლენა.”
”ვერსიაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ ირაკლი მელაშვილთან. ”მართალია, არჩევნებში არ მონაწილეობთ, მაგრამ ითვლება, რომ ალასანიას მხარდამჭერი ძალა ხართ?” - კითხულობს ჟურნალისტი. ”არავის ვუჭერთ მხარს. საქმეს მარტივად ვუდგებით - ყველაფერი 3 თვეში გამოჩნდება.”

დაბოლოს, რეგბის თემაც აქტუალური იყო დღეს. ”გაგვძარცვეს, ბატონო, მაგრამ მაინც მოვიგებთ”, - წერს ”24 საათი”. ვიღაც ხელმრუდებმა რეგბის კავშირის ხელმძღვანელობის თურქეთში ყოფნით ისარგებლეს და მინისეიფი წაიღეს, - წერს გაზეთი, თუმცა ეს შემთხვევა ჩვენი გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ვერ აისახებაო. ”თუ რამე მოხდა, ჩვენი მორაგბეები უფრო გახელდებიან ხოლმე, ამ გახელებას მეტოქის წინააღმდეგ მიმართავენ და, როგორც წესი, იმარჯვებენ ხოლმე”, - წერს ”24 საათი”.
XS
SM
MD
LG