Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით ანტისამთავრობო გამოსვლებისთვის ემზადება


საპროტესტო გამოსვლა კალინინგრადში. 2010 წლის 30 იანვარი.
საპროტესტო გამოსვლა კალინინგრადში. 2010 წლის 30 იანვარი.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთში საპროტესტო გამოსვლების ტალღა ძლიერდება. ამ შაბათ-კვირას ქვეყანაში - დაახლოებით 50 ქალაქში - რამდენიმე კოორდინირებული აქცია ჩატარდება. გამოსვლების უმრავლესობა ქვეყანაში გამეფებული სიღარიბის და კორუფციის გაპროტესტებას ისახავს მიზნად.

რუსეთი ანტისამთავრობო გამოსვლების დღისთვის ემზადება. შაბათს ათეულობით ქალაქში უნდა გაიმართოს საპროტესტო აქციები.

ამის გამო შაბათს „რისხვის დღე“ შეარქვეს. საპროტესტო აქციებს რამდენიმე ჯგუფი უკეთებს ორგანიზებას - მათ შორის, ოპოზიციური „სოლიდარობის“ მოძრაობა, რუსეთის ავტომობილისტთა ფედერაცია, კომუნისტური პარტია და მრავალი ადგილობრივი ორგანიზაცია. ბევრ ქალაქში - მოსკოვში, კალინიგრადში და ვლადივოსტოკში, მაგალითად - მთავრობამ აქციებს სანქცია არ მისცა, რითაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის პოტენციური კონფლიქტის საფრთხე შექმნა. რუსეთის დედაქალაქში პოლიციამ უკვე განაცხადა, რომ აქციას დაშლის, თუკი მისი მონაწილეები ცენტრალურ პუშკინის მოედანს მიუახლოვდებიან.

საპროტესტო აქციები გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება - კრიზისის, რომელმაც შეაფერხა ეკონომიკური ზრდა და შეაჩერა ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება, რასაც რუსეთის მოქალაქეები ბოლო ათწლეულის მანძილზე განიცდიდნენ. ყოველივე ეს კი ნეგატიურად აისახა მმართველი ელიტის პოპულარობაზე.

კალინინგრადელმა აქტივისტმა და ოპოზიციური ჯგუფის, „სხვა რუსეთის“, წევრმა, დენისმა, რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, რომ სურს თანამდებობიდან გადადგეს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი - ისევე როგორც მისი რეგიონის გუბერნატორი, გეორგი ბუსი - და ქვეყანაში რეალურად დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა დამყარდეს:
"ჩვენ აქტიურები, ახალგაზრდები და შემოქმედებითები ვართ და თავისუფლების გამარჯვებისათვის კვლავაც ვიბრძოლებთო," განაცხადა აქტივისტმა.

თუმცა, როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი იულია ლატინინა ამბობს, ხალხის უმეტესობა ქუჩებში პოლიტიკურ იდეალებზე მეტად სოციალური პრობლემების გამო გადის:

„ეს მართლაც მასობრივი პროტესტი უნდა იყოს - ასიათასობით ხალხი უნდა გავიდეს ქუჩებში. ეს აშკარაა“, - ამბობს ლატინინა და დასძენს: „თუმცა, როგორ უკვე ვთქვი, პირადად მე, არა მგონია, ეს აქციები მომეწონოს, ვინაიდან, სავარაუდოდ, ქუჩებში გასული ხალხი თავისუფლებას კი არა, ფულს მოითხოვს.“
ლატინინა დასძენს, რომ რუსეთის მოქალაქეების პროტესტი დიდწილად მომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ, ნავთობზე მაღალი ფასების ათწლეულის მიუხედავად, მთავრობამ ბევრი არაფერი გააკეთა ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად - პარალელურად კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სოციალური გადასახადების საფასური იზრდება.

ბოლო პერიოდში რუსეთში არაერთი საპროტესტო აქცია შედგა. ბევრ ქალაქში გაიმართა გამოსვლები.
10 მარტს ინტერნეტში გავრცელდა პეტიცია, რომელსაც 10,000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს და რომელიც პუტინის გადადგომას მოითხოვდა.

ცნობილი როკ-ჯგუფის, „დედეტეს“ ლიდერი, იური შევჩუკი, ახლახან მოსკოვში გამართულ კონცერტზე, აუდიტორიის შეძახილების ფონზე, 4 წუთის განმავლობაში ლანძღავდა კრემლის მმართველ ელიტას.

თუმცა, სახალხო უკმაყოფილების ტალღის მიუხედავად, ლატინინა თვლის, რომ რუსეთის მმართველ რეჟიმს ახლო მომავალში სერიოზული საფრთხე არ ემუქრება:

„არსებობენ რეჟიმები, რომლებიც სტაბილურობით გამოირჩევიან. ფრანკოს რეჟიმი, მაგალითად. ფრანკოს ესპანეთი ზუსტად მის სიკვდილამდე იყო სტაბილური - არც ერთი წუთით ადრე ან გვიან. ჩემი პესიმისტური ვარაუდით, ბატონი პუტინის შემთხვევაშიც საქმე ასე იქნება“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG